შალვა პაპუაშვილი – დღეს შევხვდი საფრანგეთს ახალ ელჩს – მისი განწყობიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, შესაძლებელი იქნება, ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები დაუბრუნდეს იმ წერტილს, რომელიც ჩვენ გვინდა რომ არსებობდეს

დღეს შევხვდი საფრანგეთს ახალ ელჩს – მისი განწყობიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, შესაძლებელი იქნება, ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები დაუბრუნდეს იმ წერტილს, რომელიც ჩვენ გვინდა რომ არსებობდეს – ჩვენ, 3.8 მილიონიანი ქვეყანა, ასეთ ურთიერთობებში ვერაფერს გავაფუჭებთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, ქართული მხარის მხრიდან არის სრული მზაობა საფრანგეთთან ღია ურთიერთობისა, რომელიც დამყარებული იქნება ურთიერთპატივისცემაზე.
„საფრანგეთს საქართველოში ახალი ელჩი ჰყავს, რომელსაც მე დღეს შევხვდი. ძალიან ნაყოფიერი საუბარი გვქონდა. ვისაუბრეთ ყველა საკითხზე, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო. მისი განწყობიდან გამომდინარე, მე დარწმუნებული ვარ, რომ შესაძლებელი იქნება, ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები დაუბრუნდეს იმ წერტილს, რომელიც ჩვენ გვინდა რომ არსებობდეს. ჩვენ, საქართველო, 3.8 მილიონიანი ქვეყანა, ასეთ ურთიერთობებში ვერაფერს გავაფუჭებთ, ჩვენი მხრიდან ურთიერთობები ვერ გაფუჭდება. ნებისმიერი პატარა ქვეყნის, მით უმეტეს, ჩვენი ინტერესია, რომ ყველასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდეს და რომელიმე ქვეყანასთან ესკალაციაში არ იყოს. განსაკუთრებით, როცა საფრანგეთზე ვსაუბრობთ. ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა ღია ურთიერთობისა, რომელიც დამყარებული იქნება ურთიერთპატივისცემაზე. ჩვენი ერთადერთი წინაპირობა არის ურთიერთპატივისცემა, ერთმანეთის სუვერენიტეტის პატივისცემა. ვფიქრობ, საფრანგეთის ახალი ელჩი ამ მხრივ ძალიან, მოწოდებულია. ჩვენი მხრიდან, რა თქმა უნდა, ყოველგვარი ხელშეწყობა ექნება, რომ ურთიერთობები დაბრუნდეს იმ ნიშნულზე, სადაც ჩვენ გვინდა რომ ვიხილოთ,“ – განაცხადა პაპუაშვილმა.