არანაირ გულანთებულობებზე საუბარი არ არის – საქართველოში ძალადობრივი აქციები სხვადასხვა სქემებისა და წყაროების გამოყენებით დიდწილად უცხოეთიდან ფინანსდებოდა – ვინც ექსტრემიზმს უჭერს მხარს, ის ტერორიზმს მოიმკის საკუთარ ქვეყანაში! ადამიანი თუ ქვეყანა საკუთარ ტანზე იგრძნოს იმ შედეგს, რასაც სხვაგან აკეთებს! – ეს განცხადება დღეს პარლამენტში, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.
მისივე განცხადებით, „ხელისუფლების ძალადობრივი გზით შესაცვლელად ფული ჩადებული იყო გარედან და შიგნიდან, მაგრამ როგორც ყოველთვის კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ“.
როგორც მან ამ კონტექსტში აღნიშნა, ოპოზიციას სახალხო მხარდაჭერა არა აქვს და ქვეყანას უცხოელების იმედად ვერ აატრიალებენ.
„დიდი ფული დაიხარჯა დეკემბრის ძალადობრივ აქციებში, რათა ხელისუფლების შეცვლა ძალადობრივი მეთოდით მომხდარიყო. პიროტექნიკის ყიდვის მხრივ ყველანაირი რეკორდი მოიხსნა. ერთი წლის მარაგი შეიძინეს. ეს ფული საიდანღაც მოდის – ჰაერიდან არაფერი არ იყო.
პროკურატურის გამოძიებით თუ სხვა წყაროებიდან ვხედავთ სქემას, რომლითაც ძალადობა ფინანსდებოდა. ერთი, ეს იყო უცხოური ფული. აღჭურვილობის შეძენა პოლიციისთვის წინააღმდეგობის გასაწევად უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების ფულით ხდებოდა. დოკუმენტებით ჩანდა, რომ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გასაწევად და ხანდახან თავდასხმისთვის ასეთი აღჭურვილობა იყიდეს. ვხედავთ რა ამ არასამთავრობო ორგანიზაციებს, დიდი ალბათობით ეს არის ევროკავშირის ფული და ასევე, აშშ-ს წინა ადმინისტრაციის დაფინანსება. ასევე ვხედავთ გიორგი ბაჩიაშვილს და მიხეილ სააკაშვილის დედის უნივერსიტეტს, რომელიც თავის დროზე კორუფციული გზით მოიპოვა. გიორგი ბაჩიაშვილს და გიული ალასანიას რა აინტერესებთ?! – ბაჩიაშვილს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობიდან გაქცევა აინტერესებს. იგივე აინტერესებს ალასანიას – საკუთარი შვილის ციხიდან დახსნა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილმა პარტია „ერთიან ნაციონალური მოძრაობას“ “ექსტრემისტული ორგანიზაცია“ უწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მის მიმართ უცხოელების დამოკიდებულებას ყურადღებით დააკვირდება.
„ნაციონალური მოძრაობა“ უკვე ღიად აცხადებს, რომ არის ექსტრემისტული ორგანიზაცია, რომლის მიზანია ხელისუფლებაში ძალადობრივი გზით მოსვლა. ძალიან ახლოს დავაკვირდები ამ დაჯგუფების მიმართ უცხოელების დამოკიდებულებას.
„ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპის სახალხო პარტიის“ წევრად რჩება, რომელმაც ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერი განცხადება გააკეთა. აბსოლუტური სკანდალია – რა ევროპაზე შეიძლება ვისაუბროთ, როცა „ევროპის სახალხო პარტია“, რომელიც რამდენიმე ქვეყნის სახელისუფლო პარტიას აერთიანებს, მხარს უჭერს ექსტრემიზმს და შიდა ტერორიზმს.
გაცხადებული მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა და ამის მიმართ მხარდაჭერას იჩენენ!
საბოლოო ჯამში, ამ ყველაფერს თავისთან მიიღებენ – ჯინს, რომელსაც გარეთ უშვებენ საკუთარ ქვეყანაში მიიღებენ. წესია – როგორც სხვას ექცევი, ზუსტად იმავეს მიიღებ საკუთარ სახლში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
