შალვა პაპუაშვილი – არავის უნდა ჰქონდეს იმის მცირე იმედიც კი, რომ ხალხის ფულს მოიპარავს ან საკუთარ თანამდებობას გამოიყენებს იმისთვის, რომ თავად ნახოს ფინანსური სარგებელი

არავის უნდა ჰქონდეს იმის მცირე იმედიც კი, რომ ხალხის ფულს მოიპარავს ან საკუთარ თანამდებობას გამოიყენებს იმისთვის, რომ თავად ნახოს ფინანსური სარგებელი, – ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილება, რომლის თანახმად, ანტიკორუფციული ბიუროსთვის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ყოველწლიურად – 30 წლის განმავლობაში წარდგენის ვალდებულება ექნებათ საჯარო მოხელეებს, პოლიტიკური თანამდებობის პირებს, ა(ა)იპ-ებში, სსიპ-ებში და სახელმწიფო საწარმოებში დასაქმებულ პირებს იმ შემთხვევაში, თუ სამოხელეო ან ფინანსური დანაშაულების ჩადენისათვის მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება.
კანონპროექტი დღეს ბიუროს სხდომაზე განიხილება.
„დეკლარაციას ყველა ავსებს, თუკი დეკლარაციაში ვინმე რამეს დამალავს, შემდეგ ამისი გადამოწმების საშუალება არის და რეაქციის შესაძლებლობა არის. მთავარი არის ერთი რამ, რომ არავის ჰქონდეს იმის მცირე იმედიც კი, რომ ხალხის ფულს მოიპარავს ან საკუთარ თანამდებობას გამოიყენებს იმისთვის, რომ თავად ფინანსური სარგებელი ნახოს და შეგუებული იყოს ნაწილობრივ იმას, რომ შეიძლება მხილებული იქნას რაღაც მომენტში და გარკვეული წელი გაატაროს ციხეში და ამ წლების შემდეგ გამოვა, გადამალულ ფულს გამოაჩენს და გამოიყენებს – ამ იმედით არავინ უნდა იყოს. ამიტომ, 30-წლიანი ვალდებულება იმ პირებისთვის, რომლებიც მხილებულნი იქნებიან დანაშაულში, რომ შეავსონ დეკლარაცია, სწორედ ამისთვის არის, რომ გამოჩნდეს ყველა მათი ქონება და რაც არ გამოჩნდება, შესაძლებლობა გვქონდეს, რომ ჩავეძიოთ ყველაფერში. ვხედავთ, რომ სააკაშვილი, სხვა მისი თანაგუნდელები, რომლებიც ხელისუფლებაში იყვნენ და გამდიდრდნენ, მერე ზოგმა მოიხადა სასჯელი, ისევ ფუფუნებაში არიან. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ფული სადღაც გადამალული შესაძლოა ჰქონდეთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების ამოქმედების შემდეგ, კონკრეტულ სამოხელეო დანაშაულში მხილებული ადამიანების ქონებრივი მდგომარეობის აქტიური დაკვირვება და მონიტორინგი 30 წლის განმავლობაში გახდება შესაძლებელი, რაც მითვისებული ქონების ლეგალიზებასა და პირადი ინტერესებით გამოყენებას სასჯელის მოხდის შემდეგაც გამორიცხავს.