აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ერთმანეთს სან-ფრანცისკოში ხვდებიან.
უცხოური მედიის ცნობით, ორი ქვეყნის ლიდერი სამხედრო კონფლიქტებს, ნარკოტიკებით ვაჭრობას, ასევე, ხელოვნურ ინტელექტსა და კლიმატის საკითხებს განიხილავენ. არსებული მოლოდინებით, აშშ და ჩინეთი აღნიშნულ თემებზე მნიშვნელოვან შეთანხმებებს მიაღწევენ.
მიუხედავად ამისა, ოფიციალური პირების მოლოდინებით, გარკვეულ თემებზე ბაიდენი და ძინპინი, სავარაუდოდ, ვერ შეთანხმდებიან. მათ შორისაა ტაივანისა და სამხრეთ ჩინეთის ზღვის საკითხი, ისრაელ-ჰამასის ომი, რუსეთის ომი უკრაინაში, ჩრდილოეთ კორეა და ადამიანის უფლებები – აღნიშნულზე ორი ქვეყნის ლიდერის დიდხნიანი შეუთანხმებლობა სავარაუდოდ კვლავ გადაუჭრელი დარჩება
აღსანიშნავია, რომ სი ძინპინი 2017 წლის შემდეგ პირველადაა შტატებში. იგი აზიის წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ფორუმის (APEC) ყოველწლიურ სამიტს ესწრება.
გავრცელებული მოლოდინებით, ბაიდენს სურს, გავლენა მოახდინოს ძინპინზე, რათა ამ უკანასკნელმა მოუწოდოს ირანს, უარი თქვას პროვოკაციულ ნაბიჯებსა და ისრაელ-ჰამასის ომში ირანული ძალების შეყვანაზე.