„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, ოპოზიციის ნაწილი, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში იღებენ მონაწილეობას, ცდილობენ „ქართულ ოცნებას“ დემოკრატიულობის დეკორაცია შეუქმნან.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ აღნიშნა, ოპოზიციაში არსებული ერთიანობა პარტიებმა „ლელო“ და „გახარია საქართველოსთვის“ დაარღვიეს, „როცა პოლიტიკური გარიგების შემდეგ არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტეს“.
წიკლაურის შეფასებით, ისინი, ვინც მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ, უპასუხისმგებლოდ იქცევიან.
„რატომ შევდივართ კვლავ კოლაბორაციაში, რატომ ვთანამშრომლობთ მათთან, რომლებიც არიან კორუმპირებულები, გამყალბებლები? როდესაც დასავლეთიდან უყურებ ამ პროცესებს, მნიშვნელოვანია ხედავდე ერთიანობას, ერთ გეზს. ასე იყო კიდევაც ერთი წლის განმავლობაში, რომელიც „ლელომ“ და გახარიამ დაარღვიეს. პოლიტიკური გარიგების გამო დაიწყეს არჩევნებში მონაწილეობა.
აშშ ამბობს, რომ საქართველოში არალეგიტიმური ხელისუფლებაა, ხოლო პაატა ზაქარეიშვილი და სხვები ცდილობენ როგორმე დემოკრატიულობის დეკორაცია შეუქმნან ამ რეჟიმს“,- განაცხადა წიკლაურმა.
ნუგზარ წიკლაურმა 4 ოქტომბერს დაგეგმილი აქციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი პარტია სრულად ჩაერთვება პროცესში.
„4 ოქტომბერს იქნება ძალიან დიდი დასწრება ჩვენი პარტიის მხრიდან. ყველანაირად მივიღებთ მონაწილეობას ამ პროცესებში, რადგან 4 ოქტომბრის აქცია ითხოვს – არა თაღლითებს, არა ქურდებს, არა რუსებს. პაატა ბურჭულაძე და მისი ორგანიზაცია „რუსთაველის გამზირი“, 300-ვე დღეს იყო პროტესტზე. 70 წლის კაცი წარმოუდგენელი ენერგიით იბრძვის ამისთვის. ყველამ იცის, რომ პაატა ბურჭულაძეს უნდა საქართველოს თავისუფლება.
ყველანაირად თანავუგრძნობ ამ პროტესტს. ეს არის სწორი ადამიანების სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი, 100 ათასი კაციც უნდა დაინახოს დასავლეთმა.
ამ ვითარებაში ყველამ გადაწყვიტოს – საქართველოს მხარეს არის თუ კორუმპირებული მოხელეების მხარეს“,- განაცხადა წიკლაურმა.
მისი თქმით, პაატა ზაქარეიშვილი ცდილობს არჩევნებში მონაწილეობა ერთადერთ სწორ გზად წარმოაჩინოს, თუმცა საქართველო ის ხალხია, რომელიც არ ნებდება და შეუპოვარი პროტესტით ძალას იძენს.
„ჩვენ არ გვაქვს შეცდომის დაშვების უფლება, უნდა ვიაროთ მტკიცედ, სწორი გზით. პაატა ზაქარეიშვილსაც უნდა ერთადერთ სწორ გზად წარმოაჩინოს სამარცხვინო არჩევნებში შესვლა. საქართველო არ არის ეს ორი ნაწილი. საქართველო არის ის ხალხი, რომელიც დგას არ ტყდება და უმაგალითო პროტესტი აძლევს ძალას“,- განაცხადა წიკლაურმა.
