2 176 341 ლარის ღირებულების უაქციზო სიგარეტი — გამოძიების სამიზნე ჯუანშერ ბურჭულაძის გარემოცვა მორიგჯერ ხდება

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ პატიმრობაში მყოფი ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახის წევრის, მისი ცოლის ძმის, ვ.მ.-ს კუთვნილი კომპანიების მიერ, შემდგომი რეალიზების მიზნით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის გამოშვება/შენახვის ფაქტები გამოვლინდა.
საგანგებო ბრიფინგზე უწყების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ხსენებულმა პირმა 2023 წელს დააფუძნა კომპანიები და ქალაქ გორში მოაწყო სიგარეტის მწარმოებელი არალეგალური ქარხანა, სადაც წლების განმავლობაში უშვებდა უაქციზო თამბაქოს ნაწარმს. ორგანიზებული ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის დამზადება/შენახვის ფაქტზე, 2025 წლის 19 სექტემბერს ბრალდებულის სახით დაკავებულები არიან არალეგალური საწარმოს დამფუძნებელი მოქალაქე ვ.ა., დირექტორი მ.ა. და ამავე საწარმოს უსაფრთხოების უფროსი, ჯუანშერ ბურჭულაძის პირადი დაცვის წევრი ნ.ც.
„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ზემოაღნიშნული ქარხნიდან და მიმდებარედ არსებული საწყობიდან ამოღებული იქნა სარეალიზაციოდ გამზადებული 2 176 341 ლარის საბაზრო ღირებულების ჯამში 323 851 ერთეული კოლოფი უაქციზო სიგარეტი „KARELIA” (კარელია), სიგარეტის დამამზადებელი დანადგარები და წარმოებისთვის აუცილებელი სხვა პროდუქტები. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით. საქმეზე ინტენსიურად გრძელდება გამოძიება ორგანიზებულ დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართული სხვა პირების დადგენა – მხილების მიზნით“, – განაცხადეს უწყებაში ბრიფინგზე.
დღეს, ე.წ. ვისკისა და სიგარეტების საქმეზე, პატიმრობა შეუფარდეს 16 სექტემბერს გორში დაკავებულ 7 პირს. მათ შორის არიან ბიზნესმენი გიორგი კანდელაკი და გორის საკრებულოს წევრი, ბორის გოგიჩაიშვილი. ასევე, გიორგი ბიბილაშვილი, თენგიზ გულორდავა, გრიგოლ ქავთარაძე, ალექსანდრე კურტანიძე და ქართლოს ჯავახაძე.
გადაწყვეტილება მოსამართლე თეონა ეპიტაშვილმა მიიღო.
პროკურატურა მათ “განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვებასა და შენახვას, ასევე სხვისი სასაქონლო ნიშნისა და რეგისტრირებული საფირმო სახელწოდების უკანონოდ გამოყენებით საქონლის წარმოებას” ედავება.
თავის მხრივ, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე 11 სექტემბერს დააკავეს. ყოფილ მინისტრს თანამდებობით ბოროტად სარგებლობას და განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის მითვისებას ედავებიან. პროკურატურის ვერსიით, მან საკუთარ მოადგილესთან, გიორგი ხაინდრავასთან, სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელ უფროსთან, ვლადიმერ ღუდუშაურთან და საკუთარი ცოლის ძმასთან, ვასილ მხეიძესთან ერთად თავდაცვის სამინისტროს 1 333 728 ლარის ზიანი მიაყენა. ბურჭულაძესთან ერთად დაკავებულები არიან აღნიშნული პირებიც.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – 2025 წელი სავსე იყო გამოწვევებით, წინააღმდეგობებით, მაგრამ მივიღეთ უკეთესი თბილისი, უფრო გამწვანებული, გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურით, მეტი რეაბილიტირებული ქუჩით – 2026 წელი კიდევ უფრო საინტერესო იქნება