რამდენიმე დღის წინ ქუთაისში 720 აფხაზეთიდან დევნილ ოჯახს ახლად აშენებულ კორპუსებში ბინები გადაეცა. დევნილებისთვის ბინების გადაცემის საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობა ირაკლი კობახიძემ და “ქართული ოცნების” სხვა წარმომადგენლებმა მიიღეს.
კობახიძის თქმით, „იყო დრო, როდესაც ადამიანს და მის ღირსებას არ ჰქონდა არავითარი ფასი, რაც რადიკალურად შეიცვალა 2012 წლის შემდეგ. მისივე განცხადებით, დღეს, ხელისუფლების პირობებში, ადამიანი არის მთავარი ზრუნვის საგანი – 2012 წლის შემდეგ მიღებულ იქნა ახალი კანონი, დადგინდა კონკრეტული კრიტერიუმები, რომელთა საფუძველზეც სამართლიანად წარიმართება განსახლების პროცესი”.
ამავე დღეს ქუთაისში ბინას ელოდა აფხაზეთიდან დევნილი 43 წლის ზაირა მინაძეც, თუმცა, რამდენიმე დღის წინ აღმოაჩინა, რომ ბინის მიმღებთა სიებში აღარ ირიცხება.
ზაირა მინაძე, 2.5 წლის შვილთან და პენსიონერ მშობლებთად ერთად თბილისის გარეუბანში, თბილისის მეტროს საკუთრებაში არსებულ მიტოვებულ შენობაში ცხოვრობს, სადაც 17 წლის წინ, 2008 წელს, როგორც ის ამბობს, “შეიჭრა”.
“უზარმაზარი ბოქლომი და ჯაჭვი გავტეხეთ და შემოვიჭერით. სხვა გზა არ გვქონდა”, – ამბობს ზაირა.
იქამდე, ქალის თქმით, ბაღდათში ნათესავთან იყვნენ შეკედლებული, რომელმაც სახლი გაყიდა – დევნილ ოჯახს კი, წასასვლელი სხვაგან არ დარჩა.
“აფხაზეთის ომი როცა დაიწყო, მთელი ოჯახი სოხუმში ვცხოვრობდით, ჩვენს საკუთარ ბინაში. აფხაზეთიდან აქამდე ურთულესი გზა გამოვიარეთ, გემით [თუ შეიძლება გემი ვუწოდოთ] ჩამოვაღწიეთ. მას მერე ბაღდათში ნათესავთან ვცხოვრობდით, სანამ სახლი არ გაყიდა. ახლაც ბაღდათში ვარ მიწერილი და ბინასაც ამიტომ ქუთაისში ველოდი”.
“5.5 ქულა მქონდა მონიჭებული, სიებშიც ჩანდა ეს, ერთოთახიანზე მქონდა შეტანილი – ჩემთვის და ჩემი შვილისთვის. მაგრამ რატომღაც ამომიღეს სიიდან. რატომ – არ ვიცი, ვაპირებ დევნილთა სააგენტოში მივიდე, საინტერესოა რა მიზეზს მეტყვიან, თუ მეტყვიან საერთოდ. კი ხედავთ ჩემს საცხოვრებელ პირობებს, სად ვზრდი შვილს”.
შენობაში, სადაც დევნილი ოჯახი ცხოვრობს, არ არის შეყვანილი გაზი – შეშის ღუმელისთვის ფიცრებს გარშემო საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობებიდან აძლევენ.
ოჯახის შემოსავალი ყოველთვიური სოციალური დახმარება, მშობლების პენსია და მარტოხელა დედობის პენსია – 6 თვეში 100 ლარი.
ამჟამად საქართველოში, დევნილთა ბაზაში, 243 411 ადამიანია რეგისტრირებული, რაც 88 704 ოჯახს შეადგენს. დღეის მდგომარეობით, საცხოვრებელი ფართით, ამ ოჯახების, დაახლოებით, ნახევარია უზრუნველყოფილი.
