მემინგემის აეროპორტში 55 წლის ქართველი მამაკაცი, პილოტმა ბორტიდან გააძევა, რის შემდეგაც იგი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.
როგორც გერმანული მედია წერს, პოლიციელების ცნობით, 55 წლის მამაკაცი, რომელიც ნასვამი იყო, არ ემორჩილებოდა ბორტგამცილებლების მითითებებს, რის შედეგადაც პილოტმა იგი პოლიციის დახმარებით, ბორტიდან გააძევა.
მათივე ცნობით, მამაკაცი უარს აცხადებდა ტერმინალის დატოვებაზე და შეურაცხყოფას აყენებდა სხვა მგზავრებს.
გერმანული მედიის თანახმად, ნასვამმა მგზავრმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციის თანამშრომლებს, მის გასაკავებლად 4 დაცვის პოლიციის თანამშრომელი გახდა საჭირო. მგზავრს აღენიშნება სხეულზე მცირე დაზიანებები.
მედიის ინფორმაციით, ქართველის წინააღმდეგ საქმე აღიძრა, სამართალდამცველებზე თავდასხმის ბრალდებით და მას მოსთხოვეს ზიანის ასანაზღაურებლად 2000 ევროს გადახდა, რაზეც მან უარი განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ მას რამდენიმე ათასი ევრო ნაღდი ფულის სახით ჰქონდა.
როგორც გერმანული მედია წერს, ბრალდებული გადაიყვანეს სასამართლოში, სადაც მოსამართლემ გასცა დაკავების ორდერი და 55 წლის ქართველი მამაკაცი გადაყვანილია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.
