ე.წ. საბოტაჟის საქმეზე დღეს საქალაქო სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოძრაობა “სირცხვილიას” წევრი მარიამ დოლიძე გამოიკითხა.
როგორც გამოკითხვის დასრულების შემდეგ საქმის პროკურორმა, ანი ხუბეჯაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დოლიძე ბრალდების მხარეს ფინანსური ტრანზაქციების შესახებ კითხვებს ვერ პასუხობდა და ამბობდა, რომ არ იცოდა ან არ ახსოვდა აღნიშნული ტრანზაქციები.
პროკურორის თქმით, ამ ეტაპისთვის გამოძიებით დგინდება ის, რომ გარკვეული პოლიტიკოსები და არასამთავრობო ორგანიზაციები კოორდინირებულად და ურთიერთშეთანხმებულად მოქმედებდნენ.
“2024 წლის 26 ოქტომბრის შემდგომ უშუალოდ არასამთავრობო ორგანიზაციის და, ამ შემთხვევაში, “სირცხვილიას” აღარ ჰქონდა რაიმე სახის აქტიური მოქმედებები განხორციელებული და ამას ცალსახად გვეუბნებოდა მოწმე, თუმცა, მას შემდეგ, რაც წარვუდგინეთ ფინანსური დოკუმენტები და ვუთხარით, რომ ასევე ფიქსირდებოდა გარკვეული სახის ხარჯთაღრიცხვა, შეძენა გარკვეული სახის ინვენტარის, რომელიც წინააღმდეგობის გასაწევად იყო გამოყენებული, ამის შემდგომ უკვე რა თქმა უნდა, მოწმეს აღარ ჰქონდა პასუხი და უბრალოდ ამბობდა, რომ არ იცოდა და არ ახსოვდა ეს რა ტიპის ფინანსები და რა სახის ტრანზაქციები იყო, თუმცა, აქვე გავუსვამ ხაზს იმას, რომ უშუალოდ მოწმედ დაკითხული პირი არის “სირცხვილიას” ერთ-ერთი წარმომადგენელი და, რა თქმა უნდა, მას უნდა გააჩნდეს ინფორმაცია ისეთ მნიშვნელოვან ტრანზაქციასთან დაკავშირებით, რომელიც უშუალოდ შეეხება ორგანიზაციის ბიუჯეტს, ვინაიდან ასეთი ბიუჯეტი შედგება მიღებული თანხებისგან.
აქვე, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ცალსახად გამორიცხავდა მოქალაქეთაგან თანხების მიღების ფაქტს, არ უხსენებია მას საწყის ეტაპზე ის, რომ სხვადასხვა ტიპის თანხას იღებდა ორგანიზაცია მოქალაქეებისგან, გვესაუბრებოდა იმაზე, რომ მხოლოდ დონორისგან მიღებული თანხა იყო ორგანიზაციის შემოსავლის წყარო და ამ შემთხვევაშიც, მას შემდგომ, რაც წარვუდგინეთ ის, რომ უშუალოდ აქციის თემატიკით არაერთი მოქალაქისგან და სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციისგან მიღებული ჰქონდა შემოსავლები, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც მისი პასუხი იყო, რომ არ ახსოვდა.
როგორც საქმის ფაქტობრივი გარემოებებით დგინდება და არ ვსაუბრობ მხოლოდ ერთ კონკრეტულ ორგანიზაციასა და არასამთავრობო ორგანიზაციაზე, გამოძიებით ამ ეტაპისთვის დგინდება ის, რომ გარკვეული პოლიტიკოსები და არასამთავრობო ორგანიზაციები კოორდინირებულად და ურთიერთშეთანხმებულად მოქმედებდნენ”, – აღნიშნა პროკურორმა.
თავად მარიამ დოლიძეს გამოკითხვის შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებია.
