ზურაბ ზვიადაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

ზურაბ ზვიადაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე დავით კურტანიძემ მიიღო.
ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდება პროკურატურის შუამდგომლობა იყო, დაცვის მხარე კი მოითხოვდა მის გათავისუფლებას 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ.
ადვოკატის თქმით, განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ზვიადაური, რომელიც 4 წლის წინ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, არ გაჰქცევია მართლმსაჯულებას და არც ამ შემთხვევაში დაიმალება. მკვლელობის ბრალდებას აფუძნებდა საკუთარ პოზიციას პროკურატურაც – უწყების პოზიციით, მკვლელობაში ბრალდებულმა და გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებულმა ზვიადაურმა განმეორებითი დანაშაული ჩაიდინა, ამიტომ ამჯერად ის არ უნდა გაეთავისუფლებინათ.
ზურაბ ზვიადაური გუშინ, 17 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალი წარდგენილი აქვს ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების მუხლით. აღნიშნული დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ზურაბ ზვიადაური დააკავეს 4 წლის წინაც, 2021 წლის აგვისტოში. საქმე ეხებოდა ამავე წლის 16 აგვისტოს, კახეთში ურთიერთშელაპარაკების შედეგად მომხდარ დაპირისპირებას, რის შედეგადაც 3 ადამიანი მოკლეს. მოკლულთაგან ერთ-ერთი სწორედ ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაურია. ამ საქმეზე პროკურატურა ზვიადაურს მისი ძმის მკვლელის მკვლელობას ედავება. მკვლელობაში ბრალდებულ ზვიადაურს თავდაპირველად პატიმრობა შეუფარდეს. თუმცა, მომხდარიდან 3 თვეში 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
ზურაბ ზვიადაური იყო 2012-2016 წლების მოწვევის პარლამენტის წევრი „ქართული ოცნებიდან“. იგი არის ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი ძიუდოში.