ჯანგველაძის საქმე: მკვლელობის შეკვეთაში ბრალდებულის დაცვის წევრს პატიმრობა შეეფარდა

ლაშა მაისურაძე, დავით მიქაძის დაცვის წევრს ადვოკატის მიმართ შესაძლო ჯგუფური მუქარის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს. ამავე ბრალდების გამო პატიმრობა შეუფარდეს თავადაც დავით მიქაძესაც, თუმცა ის საქართველოში არ იმყოფება.
დავით მიქაძე არის ბიზნესმენი, რომელსაც ბრალად ედება ე.წ კანონიერ ქურდი მერაბ ჯანგველაძის ძმის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის შეკვეთა. გამოძიების თანახმად, მიქაძე და მისი დაცვის წევრი საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის, უკვე დაკავებული პირის ადვოკატს დაემუქრნენ.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მათ შორის ერთ-ერთმა სხვა სისხლის სამართლის საქმეზე ძებნილმა, ადვოკატის საქმიანობასთან დაკავშირებით, ზემოქმედების მოხდენის მიზნით, განიზრახეს მუქარა განეხორციელებინათ ადვოკატის მიმართ. ერთ-ერთი ბრალდებული ადვოკატს შეხვდა, მიაწოდა მობილური ტელეფონი და მოსთხოვა, ძებნილ ბრალდებულს გასაუბრებოდა, რომელიც დაზარალებულს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
ორივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 365-ე მუხლის მე -5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ( ადვოკატის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, დაცვის განხორციელებასთან დაკავშირებით, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – ვკითხულობთ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
16 სექტემბერს, ჯანგველაძის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი ბრალდებულის, სანდრო წივწივაძის ყოფილმა ადვოკატმა, გიორგი ბარდაველიძემ განაცხადა, რომ დავით მიქაძე მკვლელობით დაემუქრა. მან პოლიციას მიმართა და გამოიკითხა.
“მოვიდა ჩემი მეგობარი, რომლის დაცვასაც ადრე ვახორციელებდი და მითხრა, რომ ჩემთან ჰქონდა საქმე […] მას ახლდა ჩემთვის უცნობი მამაკაცი [ლაშა მაისურაძე], რომელიც დაყოვნების შემდეგ გადმოვიდა მანქანიდან შავი პირბადით და მეუბნება ასეთ რამეს, დათუნას უნდა შენთან საუბარი. როდესაც ვკითხე, “ვინ დათუნას?”, მეუბნება, რომ მიქაძეს […] მაწვდის ერთ-ერთ ტელეფონს, მეუბნება, რომ უსაფრთხოა. ვეუბნები, რომ “გისმენთ”, იქიდან ცოტა ისეთი, ბოხი, “ბლატნოი” ხმით მეუბნება, რომ ფრთხილად ვყოფილიყავი. ისმის ვიღაც ადამიანის ხმაც და “ეს უნდა დავბრიდო”. ჩემთვის ეს იყო შოკის მომგვრელი”, – ამბობს ადვოკატი ბარდაველიძე.
ლაშა მაისურაძის ადვოკატი სასამართლო პროცესზე აცხადებდა მზაობას, მხარეს აღკვეთის სახით გადაეხადა 10000-ლარიანი გირაო. ბრალდებული ლაშა მაისურაძის პოზიციაა, რომ ის არავის დამუქრებია და არც არავის დახმარებია ამაში.
ე.წ. კანონიერი ქურდის, მერაბ ჯანგველაძის ძმა, ბიზნესმენი ლევან ჯანგველაძე თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, 14 მარტს მოკლეს. თვითმხილველთა თქმით, მკვლელმა რამდენჯერმე გაისროლა და მიიმალა, რაც მოგვიანებით დადასტურდა სათვალთვალო კამერების ჩანაწერებით.
ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე არაერთი პირია დაკავებული. პროკურატურა უშალოდ მკვლელობას ედავება გელა უძილაურს, ბიზნესმენ ძმებს – დავით და გიორგი მიქაძეებს კი მკვლელობის შეკვეთს. გიორგი მიქაძე დაკავებულია, დავით მიქაძეს კი ბრალი დაუსწრებლად აქვს წარდგენილი და იძებნება. დაუსწრებლად წარუდგინეს ბრალი ამავე საქმეზე ბრალდებულ გიორგი ჯოხაძესაც. გარდა ამისა, დაკავებულია მამუკა ბაღდავაძე რომელსაც დანაშაულის დაფარვასა და გამოძიებისთვის ხელის შეშლას ედავებიან. ბრალდებულთა შორის არიან გიორგი კაჭკაჭიშვილი და სანდრო წივწივაძეც.