2025 წლის მეორე კვარტალში საქართველოს რეალური მშპ წლიურად 7.3%-ით გაიზარდა – საქსტატი

2025 წლის მეორე კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 25.347 მლრდ ლარს გაუტოლდა. რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ წლიურად 7.3% შეადგინა – ამის შესახებ აღნიშნულია საქსტატის ანგარიშში.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მშპ-ის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2025 წლის მეორე კვარტალში 4.8 პროცენტით განისაზღვრა.
„2025 წლის მეორე კვარტალში, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია (37.1 პროცენტი), განათლება (28.9 პროცენტი), ხელოვნება, გართობა და დასვენება (16.0 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (9.1 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (11.8 პროცენტი), და სოციალური მომსახურების საქმიანობები (14.3 პროცენტი), განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები (8.4 პროცენტი).
კლება აღინიშნა შემდეგ დარგებში: სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (-2.5 პროცენტი), მშენებლობა (-2.6 პროცენტი), ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (-7.0 პროცენტი)“, – აღნიშნულია საქსტატის ანგარიშში.