„ქართული ოცნების“ ბრიუსელზე თავდასხმები, ალბათ, არასასიამოვნოა თვითონ მათთვის, მაგრამ მთავარი ზიანი ქართული სახელმწიფოსთვის მოაქვს: საქართველო მსოფლიო ასპარეზზე წარმოჩინდება, როგორც არასერიოზული მოთამაშე, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა და
აშშ-ში საქართველოს ყოფილმა ელჩმა, დავით სიხარულიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა, რითაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებისადმი „ქართული ოცნების“ წევრების ბრალდებები შეაფასა.
დავით სიხარულიძის თქმით, ის განცხადებები, რაც „ქართული ოცნების“ მხრიდან სხვადასხვა ელჩის მიმართ ისმის, „რუსული, კრემლისტური ტიპისაა“.
„სრული სიგიჟეა, უაზროა [იმაზე საუბარი, რომ ბრიუსელი საქართველოში ექსტრემიზმს ახალისებს და აფინანსებს]. არანაირი საფუძველი აქ არ არსებობს, არათუ ვერ ვხედავ, ბუნებაში არ არსებობს. [რაც შეეხება იმას, უნდა იწვევდეს თუ არა კითხვას ნიდერლანდების ელჩის მიერ ელენე ხოშტარიასთან შეხვედრა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის საკუთარ სახლში მიღება], მე თვითონ 17 წელი ვიყავი სახელმწიფო დიპლომატიურ სამსახურში და თავდაცვის სამინისტროშიც ვმუშაობდი, თავად ვყოფილვარ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში, მიმუშავია ბრიუსელსა და ვაშინგტონში. იქ არ ეძახიან ოპოზიციურ პარტიებს, არამედ სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებს. ისინი სახლშიც დამიპატიჟებია და უამრავი შეხვედრა მქონია. ეს არანაირად არ ეწინააღმდეგება მიღებულ პრაქტიკას. ეს ჩვეულებრივად, მათი სამსახურია. გერმანიის ელჩის სამსახურია, რომ შეხვდეს სხვადასხვა პოლიტიკოსს, საზოგადოების წარმომადგენელს. ეს მისი სამუშაოა, ეს არის დიპლომატის სამუშაო. ეს კონკრეტული თავდასხმები რუსული, კრემლისტური ტიპისაა. მთავარია, ადამიანს რაღაც დააბრალონ. ეს ხომ არ არის გათვლილი ფართო საზოგადოებისთვის. გათვლილია ვიღაც ექსტრემისტებისთვის, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ. მაგალითად, ვისაც სჯერა, რომ მსოფლიოს მართავენ მასონები. ეს მომხრეები დარჩათ ახლა, რომელთა რაოდენობაც ძალიან მცირეა, მაგრამ არიან აგრესიულები.
„ქართულ ოცნებაში“ თვლიან, რომ აგრესიული ხაზი პარტნიორების მიმართ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა მათ თავიანთი ძალაუფლება შეინარჩუნონ. გარდა ამისა, ამ აგრესიით ისინი ქართულ საზოგადოებაში განხეთქილებას თესავენ, რაც ძალიან ცუდია, მით უმეტეს, როდესაც ამას ხელისუფლება აკეთებს. ეს წარმოუდგენელი რამაა. ეს არის ტიპური რუსული სტილის პროპაგანდისტული საქმიანობა, როდესაც ისინი თვითონ თხზავენ ამ ამბებს და იყენებენ იმისათვის, რომ ლაფი მოსცხონ. ეს, უპირველესად, ჩვენ გვაზიანებს. ალბათ, გერმანიის ელჩზე ასეთი ტიპის თავდასხმები არასასიამოვნოა თვითონ ელჩისთვის და გერმანიის სახელმწიფოსთვის, მაგრამ ამას უპირველესად მთავარი ზიანი მოაქვს ჩვენთვის, ქართული სახელმწიფოსთვის, რადგან ქართული სახელმწიფო მსოფლიო ასპარეზზე წარმოჩინდება, როგორც არასერიოზული მოთამაშე. ასეთი ტიპის განცხადებებს აკეთებს ირანის მთავრობა. პირდაპირ ესხმის თავს დასავლელ დიპლომატებს“, – განაცხადა სიხარულიძემ.
სიხარულიძის თქმითვე, „ბრიუსელისადმი მსგავსი რიტორიკით ვინც სარგებელს ნახულობს, ეს არის რუსეთი“.
„ჩვენთვის, ქვეყნისთვის ძალიან სახიფათოა [მსგავსი ტიპის განცხადებები]. რა თქმა უნდა, ეს ევროკავშირს არაფერს უშავებს, ჩვენ გვიშავებს. ამ ტიპის პროპაგანდით, ჯერ ერთი, საზოგადოების პოლარიზაცია ხდება. ეს ადამიანებიც ხომ საქართველოს მოქალაქეები არიან, ამ ადამიანების რადიკალიზაცია ხომ ხდება. ეს არის რადიკალიზაციის გზა. თხზავენ სისულელეს, აბსურდს, თითქოს ბრიუსელში არსებობენ რაღაც დაჯგუფებები, რომლებიც ბოროტად არიან განწყობილები [საქართველოს მიმართ]. ეს ხომ სიმართლეს არ შეესაბამება. ყველაზე მეტად ამით ვინც სარგებელს ნახულობს, ეს არის რუსეთი. სრული აბსურდია მთლიანად ის რიტორიკა და ჩვენი დასავლელი პარტნიორების დადანაშაულება პროტესტებში. ეს არის ქართველი ხალხის პროტესტი და არანაირი კავშირი ამასთან ამ ორგანიზაციებს არ აქვთ.
ჩვენი დასავლელი მეგობრები ჩვენი პარტნიორები არიან ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცებაში. ერთადერთი მტერი, ვინც ამას ჰყავს, არის რუსეთი. დღეს, ამ თავდასხმებით, ამ მიტაცებული სახელმწიფოს პირობებში, ეს ჯგუფი, რომელსაც „ქართულ ოცნებას“ ეძახიან, საკუთარი ძალაუფლების განმტკიცებას ცდილობს. ერთადერთი, ვისაც ეს შეიძლება აწყობდეს, არის რუსეთი“,- განაცხადა სიხარულიძემ.
გარდა აღნიშნული საკითხისა, სიხარულიძემ შეაფასა ბოლო პერიოდში, კორუფციის ბრალდებით განხორციელებული დაკავების ფაქტებიც და აღნიშნა, რომ ამის მიზეზი, შეიძლება „ქართულ ოცნებაში“ „შიდა დაპირისპირებები იყოს“.
„ჩვენს ქვეყანაში დიდი ხანია ეს უბედურება ტრიალებს. კორუფცია ფართოდ არის გავრცელებული. ვხედავთ, რომ საჯარო მოხელეები, რომლებიც გარკვეული პერიოდი სადღაც მუშაობენ, მერე რატომღაც უაღრესად მდიდარი ადამიანები ხდებიან. ვფიქრობ, რომ საჯარო სამსახურიდან წამოსული ადამიანი თუ ძალიან მდიდარია, ძალიან დიდი ეჭვის [საფუძველია]. საჯარო სამსახური არ არის ადგილი, სადაც ადამიანმა შეიძლება დიდი ქონება მოიპოვოს. როგორც ჩანს, კორუფციასთან მიმართებით ძალიან მძიმე სურათია. ვფიქრობ, რომ ეს არის მმართველობის ფორმა და თანამედროვე ავტორიტარიზმი, რომელიც ძალიან წააგავს პუტინისტურ ავტორიტარიზმს. კორუფციულ სქემებს მმართველობით სისტემებში საკუთარი როლი აქვთ რუსეთში. როგორც ჩანს, ამას საქართველოშიც საკმაოდ დიდი მასშტაბი აქვს. რაც შეეხება [დაკავებების] კონკრეტულ შემთხვევებს, სახელის დარქმევა მიჭირს. შეიძლება იყოს შიდა დაპირისპირებები. როგორც ეტყობა, ეს მმართველობით სისტემაში რაღაც ფუნდამენტური ცვლილებების გამომწვევი არ არის“, – განაცხადა დავით სიხარულიძემ.

 
				 
								
 
								

