ოპოზიციის ორი გზა და სტრატეგია – რომელმა ფრთამ მიიღო სწორი გადაწყვეტილება
უარი “ხარკზე” თუ თავისუფლებაზე – ხოშტარია გირაოს გადახდას არ აპირებს, ახალი მოწოდებები იზოლატორიდან
მოსკოვის მუქარა სამშვიდობოებს – ვინ გარისკავს უკრაინაში კონტინგენტის გაგზავნას
* * *
ოპოზიციის ორი გზა და სტრატეგია – რომელმა ფრთამ მიიღო სწორი გადაწყვეტილება
“ოპოზიციის ორივე ფრთაში მიაჩნიათ, რომ პოლიტიკურად სწორი გადაწყვეტილება მიიღეს – არჩევნებში მონაწილეები ფიქრობენ, რომ “ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი”, ბოიკოტის მომხრეები კი, საპასუხოდ აცხადებენ, რომ “რუსული სპეცოპერაცია არანაირად არ შეიძლება ჩაითვალოს რაღაც ბრძოლაში ყოფნად”. ანალიტიკოსთა ნაწილი აცხადებს, რომ რეგისტრირებული პარტიისთვის პოლიტიკურად ერთადერთი სწორი ნაბიჯი არის არჩევნებში შესვლა, თუმცა, მუნიციპალურ არჩევნებზე “გახარია საქართველოსა” და “ლელო – ძლიერი საქართველოს” წარმატებას სკეპტიკურად უყურებენ. ნაწილი ექსპერტებისა კი ფიქრობს, რომ ბოიკოტის მომხრეებმა სწორი ნაბიჯი გადადგეს, რადგან არჩევნებში ჩართვა, ნებით თუ უნებლიედ “ოცნების” თამაშში შესვლას ნიშნავს. აქაც სკეპტიკურია განწყობა გახარია-ხაზარაძის პარტიების წარმატებაზე 4 ოქტომბერს. ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე თვლის, რომ თუ რეგისტრირებული პარტია კონსტიტუციით გათვალისწინებულ არჩევნებში მონაწილეობას არ იღებს, ეს პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასია”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ოპოზიციის ორი გზა და სტრატეგია – რომელმა ფრთამ მიიღო სწორი გადაწყვეტილება / “როგორც წესი, ეს პოლიტიკური თვითმკვლელობის გზაა”.
“როცა პარტია რეგისტრირებულია, მით უმეტეს, ამ პარტიამ, თუ გაერთიანებამ წინა საპარლამენტო არჩევნებში ბარიერი გადალახა, მაშინ ერთადერთი სწორი ნაბიჯი არჩევნებში მონაწილეობაა. შენ თუ შენი ამომრჩეველი გყავს, თუნდაც მცირე ნაწილი იყოს, რომელიც გენდობა, სანამ რეგისტრირებული ხარ და მოქმედი, რას ნიშნავს, რომ მონაწილეობას არ იღებ? მაშინ უნდა გამოაცხადო, რომ პოლიტიკურ საქმიანობაზე უარს ამბობ და უნდა დაიშალო კიდეც. ვინც არჩევნებში მონაწილეობას არ იღებს, როგორც წესი, ეს პოლიტიკური სიკვდილია, შესაბამისად, ვინც ბოიკოტის რეჟიმშია აქ ყველაფერი აშკარაა, ამ ადამიანებს უბრალოდ იმედიც კი არ აქვთ, რომ რაღაცა სულ მცირე პროცენტებსაც დააგროვებენ, არამედ იციან, რომ ნულთან იმდენად ახლოს იქნებიან, რომ ყვირილი, რომ გაგვიყალბეს, თვითგამასხარავება იქნებოდა – რა უნდა გაგიყალბონ, როცა თითქმის არაფერი არ გაქვს მიღებული. ეს ზუსტად იგივე “პოლიტიკაა”, როცა მიზანმიმართულად სჩადიან ისეთ დანაშაულს, რომ ციხეში აღმოჩნდნენ, ახლა რაც ხოშტარიამ გააკეთა. რატომ? იმიტომ, რომ ახლა ევროპარლამენტარები თუ სხვები აცხადებენ, რომ აი, რეჟიმთან მებრძოლი პოლიტიკოსი და აგერ უკვე სტატია იბეჭდება მასზე და გარეთ რომ იყოს რა? არაფრის თქმა არ შეუძლია, ოდნავ ღირებულისაც კი”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პეტრე მამრაძე.
“თუმცაღა, ვინც არჩევნებში იღებს მონაწილეობას, რას მიიღებენ? ჩანს და გამოკვლევაც ამას ადასტურებს, რომ ძალიან მცირე რაოდენობა მისცემს ხმას ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე ქვეყნის მასშტაბით. მეტსაც გეტყვით, ბევრგან ვერც კი წარმოადგინეს თავიანთი კანდიდატები, ამით ჩანს, რომ რესურსი არ აქვთ. ასეც ცუდია, ისეც ცუდია, მაგრამ მაინც პოლიტიკის პოსტულატია, რომ თუ პარტია არსებობს, არჩევნებში მონაწილეობას უნდა იღებდეს. მათ ძალიან მცირე შანსი აქვთ. ჩვენ ვიცით გახარია და მისი იმიჯი, რამდენი ხმა უნდა მიიღოს, როდესაც იმის რესურსიც კი არ აღმოაჩნდა, რომ ქვეყნის მასშტაბით მეტ-ნაკლებად კანდიდატები წარმოედგინა. იგივე ითქმის “ლელოს” ლიდერებზეც, არ შემხვედრია არავინ, არ იცოდეს, რომ თაღლითები არიან”, – ამბობს მამრაძე. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი მიიჩნევს, რომ არსებულ პოლიტიკურ ვითარებაში, სწორი გადაწყვეტილება ბოიკოტია”, – აღნიშნავს გამოცემა.
“სწორი გადაწყვეტილება იმ ფლანგმა მიიღო, რომელიც ბოიკოტის რეჟიმშია, რადგან როცა არჩევნების და ხელისუფლების ლეგიტიმურობის აღიარება არაა და თუ ოპოზიცია ამტკიცებს, რომ 2024 წლის ოქტომბერში გამართული არჩევნები გაყალბდა, შესაბამისად, საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლება არ ჰყავს. მთავარი გამყალბებელი ცენტრალური საარჩევნო კომისიაა და აქედან გამომდინარე, დღევანდელი ცესკო-სა და დღევანდელი ხელისუფლების პირობებში, არჩევნების ჩატარება შეუძლებელია. არჩევნებში ჩართვა “ქართული ოცნების” თამაშში შესვლას ნიშნავს, რადგან ისინი ვინც მონაწილეობენ, თავიანთ პრინციპებს ეწინააღმდეგებიან. თუ საუბრობენ, რომ ამ პარლამენტის ლეგიტიმურობას არ აღიარებენ და არ შევიდნენ, საგამოძიებო კომისიის ლეგიტიმურობასაც არ აღიარებენ, მაშინ რატომ აღიარებენ ამ ადმინისტრაციის მიერ ჩატარებულ არჩევნებს”,- ამტკიცებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.
“პეტრე მამრაძის აზრით, ოპოზიციიდან ვინც არჩევნებში ერთვება, ძალიან მცირე შანსი აქვთ, “თაღლითური სქემა იყო მათი ციხეში შესვლა და როგორი სახელით გამოვიდნენ ციხიდან”. “ისიც არ გამიკვირდება, რომ რაღაცა ჩაიდინონ და ციხეში კიდევ ჩასხდნენ, მათთვის გარეთ ყოფნა დისკომფორტია, იქ კიდევ შარავანდედია, აი რეჟიმის მსხვერპლი ციხეში იმყოფება. დასავლეთში ხმა არავის არ ამოუღია, პრაქტიკულად არ გამიგია, რომ კი, მაგრამ ციხეში რატომ არიან, რატომ მოხვდნენ? ასე რომ განაცხადონ, ხომ მაშინვე ყველაფერი ხუხულასავით დაიშლება? არა, მაშინვე აცხადებენ, რომ აი, კიდევ ერთი რეჟიმის მსხვერპლიაო, რაც ძალიან მანკიერი პრაქტიკაა და პირდაპირ მეტყველებს იმაზე, თუ დასავლეთში როგორი მასშტაბის ტრაგედიაა”, – დაასკვნის მამრაძე, რომლის თქმით “ოპოზიცია, რომელიც ბოიკოტის რეჟიმშია, ძალიან წამგებიან პოზიციაშია, ეს პოლიტიკური თვითმკვლელობის გზა არის, რაზეც მსოფლიო პრაქტიკა ამაზე მეტყველებს”, – განაგრძობს გამოცემა.
“ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ ხაზარაძე-გახარიას პარტიებს გამარჯვების შანსი პრაქტიკულად არ აქვთ. “არჩევნებში ჩართულ ოპოზიციას გამარჯვების ძალიან მცირე შანსი აქვთ. მათ შანსი აქვთ უბრალოდ სხვადასხვა მუნიციპალიტეტის, მათ შორის თბილისის საკრებულოში რამდენიმე დეპუტატი გაიყვანონ, ეგ არის, მეტი არაფერი. ქალაქების ე.წ. გამოგლეჯვის შანსები არ არის, ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი არჩევნებზე არ წავა”, – განმარტავს ნიკა ჩიტაძე, რომლის აზრით, “აქედან გამომდინარე, არც “ლელოს” და არც გახარიას პარტიას არ დაუჭერს მხარს”, – დასძენს გამოცემა.
უარი “ხარკზე” თუ თავისუფლებაზე – ხოშტარია გირაოს გადახდას არ აპირებს, ახალი მოწოდებები იზოლატორიდან
“კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთ ლიდერს, ელენე ხოშტარიას, 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მიიღო. ბრალდებული გირაოს გადახდას არ აპირებს და ვრცელ განცხადებაში სხვებსაც მოუწოდებს, რომ მისი გირაო არავინ გადაიხადოს. მმართველი გუნდი აცხადებს, რომ ხოშტარიამ პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაული ჩადინა და შესაბამისი რეაგირება მოხდა. ელენე ხოშტარიამ სახაზინო ადვოკატზეც უარი განაცხადა და მასთან იზოლატორში მისულ უფლებადამცველს არ შეხვდა. ხოშტარია არც სასამართლო პროცესს დასწრებია. გირაოს გადახდის ვადად კი 20 დღე განისაზღვრა. ხოშტარიამ მოგვიანებით წერილი გაავრცელა, რომ ის გირაოს არ გადაიხდის”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით უარი “ხარკზე” თუ თავისუფლებაზე – ხოშტარია გირაოს გადახდას არ აპირებს, ახალი მოწოდებები იზოლატორიდან.
“დღეს გარეთ თქვენთან ერთად ბრძოლა, ძალიან კარგად მესმის, თუ რა მნიშვნელობის არის, ამიტომ არავინ ჩათვალოს, რომ ციხეში ყოფნა ჩემი არჩევანია. ჩემი არჩევანია, არასდროს ისეთი არაფერი გავაკეთო ამ ბრძოლაში, რისიც ჩემს სინდისთან და თქვენთვის ახსნა არ შემეძლება. გირაოს გადახდა და ამით გამოსვლა არ არის თავისუფლებაზე გამოსვლა, ეს არის ციხის კარის გაღებისთვის ხარკი, რომელსაც, რა თქმა უნდა, არ გადავიხდი. იმიტომ კი არა, რომ თავმოყვარეობას შემილახავს, იმიტომ, რომ ვერანაირი ბრძოლისთვის ვერ მოგიწოდებთ და ვერც ვიქნები ტყუილსა და ფარსში მონაწილეობის გზით. ჩემი პატიმრობა უკანონოა ისევე, როგორც უამრავი თავისუფალი ადამიანის. ოღონდ, პატიმრობა არ არის ბრძოლის გაჩერება, ამას ნამდვილად გპირდებით. გავიმარჯვებთ სახელოვნად! ბოლომდე! ვინმეს მიერ ჩემი გირაოს შეტანა იქნება ჩემთვის გულში დანის ჩარტყმა, არავის ვაძლევ ამის უფლებას”, – ნათქვამია ელენე ხოშტარიას მიერ იზოლატორიდან გავრცელებულ განცხადებაში”, – აღნიშნავს გამოცემა.
“სამართალდამცველებმა ელენე ხოშტარია მიმდინარე წლის 15 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ხოშტარიამ 14 სექტემბერს, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან, მის ბანერს გაუკეთა წარწერა “რუსული ოცნება”. შესაბამისი ვიდეო სოციალურ ქსელში მან თავადვე გაავრცელა და განაცხადა, რომ ამ ფორმით სოლიდარობას უცხადებს მეგი დიასამიძეს, რომელიც რამდენიმე დღის წინ სწორედ კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტზე დააკავეს. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა აქცენტი ხოშტარიას ბრალდებაზე გაამახვილა და განაცხადა, რომ ამ უკანასკნელმა პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაული ჩიდინა”, – განაგრძობს გამოცემა.
“ელენე ხოშტარიამ ჩაიდინა პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაული. ელენე ხოშტარია არის ზუსტად ის ადამიანი, რომელიც უარს ამბობს დემოკრატიულ პროცესში მონაწილეობაზე და გაცხადებული მიზანი აქვს, რომ შეუზღუდოს მოქალაქეებს არჩევნების გზით ნების გამოვლენა და ჩაშალოს დემოკრატიული არჩევნები. რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ევროკავშირის ერთ-ერთი ინსტიტუციის პრესსპიკერი მხარდაჭერას უცხადებს ასეთ ადამიანს, ეს არის სხვა არაფერი თუ არა ძალადობისთვის მწვანე შუქის ანთება. ფაქტობრივად, ჩვენ რაც მოვისმინეთ პრესსპიკერის მხრიდან, ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობის და დანაშაულის გამართლება და პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულისთვის მწვანე შუქის ანთება”, – თქვა პაპუაშვილმა, რომელიც შეეხო ხოშტარიას წერილს, სადაც გირაოზე საუბრობს”, – დასძენს გამოცემა.
“მას რომ რუსეთის ბიუჯეტიდან მიღებული მილიონებიდან 0,001% საქართველოს ბიუჯეტისთვის გაემეტებინა, ის 5000 ლარი მოხმარდებოდა საქართველოს ბიუჯეტს, მაგრამ მას ეს რუსული ბიუჯეტიდან მიღებული ფული, ეტყობა, ენანება საქართველოს ბიუჯეტისთვის”, – განაცხადა პაპუაშვილმა. “ფაქტი იყო, რომ ეს ადამიანი მიზანმიმართულად ცდილობდა, რაღაცნაირად დაეკავებინათ. დააზიანა სხვისი ქონება, დააკავეს. ასეთი ამოცანა და მიზანი არავის არ ჰქონდა, უბრალოდ მიზანმიმართულად დაარღვია კანონის ისეთი მუხლი, რამაც დაკავება გამოიწვია”, – თქვა კულტურის მინისტრის მოადგილემ, ბექა დავითულიანმა. “კოალიცია ცვლილებებისთვის” სხვა წევრები კი ხოშტარიას გადაწყვეტილებას ეთანხმებიან, ამბობენ რომ სასამართლო ფარსში მოანწილეობა თავის მოტყუებაა”, – წერს სტატიის ავტორი.
“სასამართლო ფარსში” მონაწილეობის მიღება თავის მოტყუებაა. „ეს არის ფარსი, რაც „ქართულმა ოცნებამ” დადგა. როგორც საარჩევნო ფარსი არსებობს, ასევე, არსებობს სასამართლო ფარსი, რომელიც, ფაქტობრივად, არ წარმოადგენს სამართალს და სამართლიანობას, ამიტომ ამ პროცესებში ნებისმიერი თანამონაწილეობა არის თავის მოტყუება და ივანიშვილის რეჟიმისთვის ლეგიტიმაციის მინიჭება, ფარსში თანამონაწილეობა. მეორე საკითხი, რაც მნიშვნელოვანია და რაც ელენეს ფაქტორითაც გამოჩნდა, ივანიშვილმა უკვე დაიწყო იდენტურად იმ მეთოდების გამეორება, რაც რუსეთში იყო. კარგად გვახსოვს ომის დაწყების დროს, როგორ დააკავეს რუსეთში ადამიანები უბრალოდ, სუფთა ფურცლის ხელში დაჭერის გამო. იგივე არის ამ შემთხვევაში, ბანერზე მარკერით მინაწერის გამო აკავებს ადამიანს და 5 წლამდე სასჯელით ემუქრება”,- განაცხადა გიორგი ბუტიკაშვილმა, “კოალიცია ცვლილებებიდან”, – დასძენს სტატიის ავტორი.
მოსკოვის მუქარა სამშვიდობოებს – ვინ გარისკავს უკრაინაში კონტინგენტის გაგზავნას
“უკრაინის ტერიტორიაზე ე.წ. სამშვიდობოები ფაქტობრივად საოკუპაციო ძალები იქნებიან და რუსი სამხედროებისთვის ლეგიტიმური სამიზნეები გახდებიან”, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა დიპლომატებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. “ევროპა ე.წ. სამშვიდობოების, ფაქტობრივად კი, საოკუპაციო ძალების შექმნას განიხილავს, ასევე საუბრობენ უკრაინის თავზე მფრინავი ობიექტების ჩამოგდების, ფრენების აკრძალვისა და საჰაერო სივრცის დახურვის შესახებ. ევროპა უკრაინაში თავისი კონტინგენტების გაგზავნასაც განიხილავს, რომლებიც, როგორც უკვე ვთქვით, ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნეებად ჩაითვლებიან”, – განაცხადა ლავროვმა. მისივე თქმით, “კიევი “ომის პარტიის” პოზიციებზე დაყრდნობით მოქმედებს” – “ევროპაში, ასევე ამერიკაში, არიან პოლიტიკოსები, განსაკუთრებით კი კონგრესში, რომლებიც ამ პარტიას მიეკუთვნებიან”, – აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ანალიტიკოს ნიკა ჩიტაძეს მიაჩნია, რომ რუსეთის მუქარის მიუხედავად სამშვიდობოები უკრაინის ტერიტორიაზე მაინც განთავდებიან. ჩიტაძე ასეთ შემთხვევაში რუსეთის მხრიდან მნიშვნელოვანს არაფერს ელოდება”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით მოსკოვის მუქარა სამშვიდობოებს – ვინ გარისკავს უკრაინაში კონტინგენტის გაგზავნას.
“ჩემი აზრით, ყველაფრის მიუხედავად სამშვიდობოებს მაინც გაგზავნიან. ეს არის სერგეი ლავროვის მხრიდან შანტაჟის ენა. ჯერ ერთი, საოკუპაციო ძალები რუსეთისთვის უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე განთავსდებიან, თან იმავე სახელმწიფოს ნებართვით. ეს არის უკრაინის კომპეტენცია, სად განთავდებიან სამშვიდობო თუ სხვა სახის ძალები. ეს არის რეალობა. ასე რომ, რუსეთის შანტაჟის მიუხედავად, მაინც არ დაიხევენ უკან. ასეთ შემთხვევაში რუსეთის მხრიდან მნიშვნელოვანს არაფერს ველოდები, რადგან მგონია, რომ ბოლომდე დასავლეთს არ გადაიკიდებს. ამიტომ არ ველოდები, რომ როგორც კი სამშვიდობოები განთავსდებიან, ეგრევე მიზანში ამოიღებენ”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.
“ამასთან, ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ ევროპარლამენტი კიევში თავის მუდმივ წარმომადგენლობას გახსნის უკრაინასთან ყოველდღიური თანამშრომლობისთვის. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ მეცოლამ უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ევროპარლამენტის პრეზიდენტის თქმით, კიევში მისი ვიზიტის მიზანია უკრაინასთან თანამშრომლობის გაძლიერება. “ჩვენ ვხსნით ევროპარლამენტის მუდმივ წარმომადგენლობას აქ, კიევში, რათა ვიყოთ წარმოდგენილი უკრაინაში და ვიმუშაოთ აქ, თქვენ გვერდით ყოველდღიურად”, – განაცხადა მეცოლამ. მისი თქმით, ეს იყო ევროპის ვალდებულება უკრაინელების წინაშე, რომელსაც ის ასრულებს. “ჩვენ ვართ აქ, თქვენთან და აქ ვართ იმისთვის, რომ დავრჩეთ. ასევე ვაცხადებთ: თქვენ არასდროს ივლით მარტო. როდესაც მშვიდობა დამყარდება, ჩვენ გავაგრძელებთ თქვენ გვერდით დგომას აღდგენისა და აღმშენებლობის პროცესში”, – აღნიშნა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა”, – აღნიშნავს გამოცემა.
