მართალია მშვიდობაზე ლაპარაკობენ, მაგრამ ვიღაც-ვიღაცებს რატომღაც ელანდებათ 2003 წელი , – ამის შესახებ პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, როდესაც ისაუბრა 4 ოქტომბერს დაგეგმილ აქციაზე.
ექსპერტის თქმით, თუ 2003 წლის სცენარით წავლენ და შეეცდებიან პარლამენტში შესვლას, ამას შეიძლება მოჰყვეს სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაზრდა.
ძაბირაძის თქმით, 2003 წლისა და დღევანდელი ვითარება, საგარეო თვალსაზრისით, კარდინალურად განსხვავდება ერთმანეთისგან.
„ნამდვილად რთული სიტუაციაა, მართალია მშვიდობაზე ლაპარაკობენ, მაგრამ ვიღაც-ვიღაცებს რატომღაც ელანდებათ 2003 წელი და როგორღაც ხდება მისი გაცოცხლება. პირდაპირ თუ არა, ქვეტექსტი აქეთ მიდის. თუ ძალიან ჩაეძიები, როგორ გინდა მშვიდობიანი გზით დაათმობინო, გეტყვიან, რომ 2003 წელს მშვიდობიანად მოხდა. მე სწორედ ის მაშინებს, რომ ვიღაცების ტვინში 2003 წელი არ იხარშებოდეს.
2003 წლის არსებული ვითარება და დღევანდელი ვითარება, საგარეო თვალსაზრისით, კარდინალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. ვისაც 2003 წელი ახსოვს, მას ისიც უნდა ახსოვდეს, რომ შევარდნაძის გადადგომას წინ უძღოდა როგორც ვაშინგტონის, ისე მოსკოვის წარმომადგენელთან ვიზიტები თბილისში. მოგეხსენებათ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი [იგორ ივანოვი] თბილისში რომ ჩამოვიდა, პირველი მიტინგზე მივიდა და არა შევარდნაძესთან. ამას იმიტომ ვამბობ, რომ მაშინ სხვა ურთიერთობები იყო, დღეს საგარეო ფაქტორები ერთმანეთს დაპირისპირებულია. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია იმის გასათვალისწინებლად, რომ ვიღაცას არ მოუნდეს პროვოცირება. პროვოცირებისთვის დიდი ძალები საჭირო არ არის, რაღაც მომენტში ეს შეიძლება მოხდეს.
რა თქმა უნდა, არავის არ სჯერა, მით უმეტეს ალბათ ორგანიზატორების გარდა, რომ დილით დაიწყებენ და 8 საათზე თუ არა 9-ის თხუთმეტ წუთზე ხელისუფლებას გადაიბარებენ. ასეთი რამ მე მგონი არავის სჯერა, თუმცა ვფიქრობ, რომ აქცია იქნება მასშტაბური, მაგრამ არა 200-300 ათასიანი, სადღაც 50 000 კაცი. თუ [2003 წლის სცენარით წავლენ და შეეცდებიან პარლამენტში შესვლას], ამას შეიძლება მოჰყვეს სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაზრდა. ამის მეშინია, ვინმეს არ ეგონოს, რომ ახლა 2003 წელია“, – განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

 
				 
								
 
								

