“არ არის სწორი, ისაუბრო სხვა ფეხბურთელების მომავალზე” – ასე პასუხობს იტალიური კლუბ “ნაპოლის” თავდამსხმელის, ვიქტორ ოსიმენის აგენტი ხვიჩა კვარაცხელიას აგენტს, მამუკა ჯუღელს.
რამდენიმე დღის წინ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ხვიჩა კვარაცხელიას სამომავლო კარიერაზე საუბრისას ჯუღელმა, ახსენა მისი თანაგუნდელი, ვიქტორ ოსიმენი. მან ფეხბურთელებს შორის პარალელი გაავლო და განაცხადა, რომ ოსიმენი ზაფხულში არაბულ კლუბში გააგრძელებს თამაშს, მაშინ, როცა კვარაცხელია ამას მილიარდის სანაცვლოდაც არ გააკეთებს. ჯუღელის შეფასებით, ამის მიზეზი ისაა, რომ კვარაცხელიას “სხვა გემოვნება და სხვა ცხოვრებისეული ტვინი აქვს”
საპასუხოდ ოსიმენის აგენტმა ჯუღელს მოუწოდა, პატივი სცეს სხვების შრომას.
“ყველამ თავის საქმეს მიხედოს და პატივი სცეს სხვის შრომას. არ არის სწორი, ისაუბრო სხვა ფეხბურთელების მომავალზე. ეს ქმნის პრობლემებს და გაუგებრობებს, ისევე როგორც სამწუხარო პროგნოზებს. ის, რაც სავარაუდოდ აგენტმა მამუკა ჯუღელმა თქვა, არის ცუდი, ზედაპირული და მიუღებელი.
ეს სიტყვები ჩემს ფეხბურთელს, ვიქტორ ოსიმენს პრობლემებს უქმნის ნაპოლის გულშემატკივრებთან ყოველგვარი მიზეზისა და რეალობის გარეშე. ჩვენ ახლახან გავახანგრძლივეთ კონტრაქტი [ნაპოლისთან] და ვიქტორის ერთადერთი სურვილი, აფრიკის ერთა თასის გარდა, ნაპოლის დახმარებაა. სხვა დანარჩენი სისულელეა”, – დაწერა რობერტო ქალენდამ სოციალურ ქსელში.
🇮🇹 Ognuno deve guardare in casa propria e avere rispetto del lavoro altrui. Non è corretto parlare del futuro di giocatori che non si rappresentano. Così facendo si creano problemi e malintesi oltre a previsioni sciagurate degne di un pessimo indovino.
Le presunte dichiarazioni… — Roberto Calenda (@RobertoCalenda) January 10, 2024
საკუთარ აგენტს დაასწრო თავად ვიქტორ ოსიმენმა. მან თანაგუნდელის აგენტის სიტყვებს ბინძრი და სამარცხვინო უწოდა.
“მრცხვენია შენი მსჯელობის გამო. ჩემი სახელი აღარ ახსენო!!!”, – წერს ოსიმენი.
ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია ხვიჩა კვარაცხელიას, “ნაპოლისა” და საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს.
