“მოსკოვში, დომოდედოვოს აეროპორტში, საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ ყიფიანს, ერთი სრულიად უცნობი ქართველი კაცი მუხლებში ჩაუვარდა…”

2001 წლის 17 სექტემბერს 50 წლის ასაკში, მანქანის მართვის დროს, გულის გაჩერების შედეგად დაიღუპა ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი ფეხბურთელი და ღირსეული კაცი დავით ყიფიანი. (1951-2001).
90-იანი წლებია… დავით ყიფიანი ,,დინამოს” მთავარი მწვრთნელია, მისი გუნდი დსთ-ს თასის გათამაშებიდან ბრუნდება თბილისში. რეისი შუაღამისას არის დანიშნული. მოსკოვში, დომოდედოვოს აეროპორტში, საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ ყიფიანს, ერთი სრულიად უცნობი ქართველი კაცი მუხლებში ჩაუვარდა: – შენი ჭირიმე, დათო, პატარა ბიზნესი მაქვს, საქონელი მომქონდა თბილისში გასაყიდად, მებაჟეებმა ტვირთი ჩამომართვეს და 5.000 დოლარს მთხოვენ სანაცვლოდ, თუ არადა, საქონლის ზარალი ჯანდაბას, მიჭერენ და მიშველე რამეო!… როგორი საქმეა? აქეთ ჩასხდომა მთავრდება, მგზავრები დათოსღა ელოდებიან, იქით ეს გაჭირვებული და აცრემლებული ქართველი იმედიანად შესციცინებს თვალებში – დათოს უმნიშვნელო თანხა აქვს თან. ღამის 3 საათია, ვის გინდა დაურეკო… ყიფიანმა წამებში მიიღო გადაწყვეტილება და წარსულში ცნობილ მეკარეს რენატ დასაევს დაურეკა. რამდენიმე ზარის შემდეგ უპასუხა რენატმა. ხმაზე ეტყობოდა, ნამძინარევი იყო. დათომ მობოდიშებისა და მოკითხვის შემდეგ მოკლედ და კონკრეტულად სთხოვა: ,,- Ренат срочно нужно 5 тысяч долларов выручай пожалуйста!” (რენატ სასწრაფოდ გვჭირდება 5 ათასი დოლარი, დახმარე!) ცნობილმა გოლკიპერმაც მოკლედ უპასუხა: ,,- Ты где Давид Давидович? -В Домодедово!” (სად ხარ, დავით დავითისძევ? დომოდედოვოში!)
ერთ საათში რენატ დასაევი აეროპორტში მივიდა და დათო ყიფიანს 5.000 დოლარი მიუტანა! ის დახსნილი უცნობი ქართველი კიდევ ერთხელ ჩაუვარდა მუხლებში ყიფოს, მისი კაცობითა და სიკეთით აღფრთოვანებულ-ატირებული… დათო კი ,,ტექნიკური”(!) მიზეზის გამო შეფერხებული ლაინერისკენ გაეშურა, სალონში ასვლისთანავე ეკიპაჟს და და მგზავრებს ბოდიში მოუხადა და თავის სავარძელში ჩამჯდარს უშფოთველად ჩაეძინა…
დომოდედოვოდან სახლისკენ მიმავალი დასაევისთვის მანქანაში მჯდომ მეგობარს უკითხავს: ,,- Ренат как ты мог в такой гололед встать в 3 часа ночи и пройти столько киломттров?” (რამ გაიძულა ამ ყინვაში ღამის 3 საათზე ადგომა და ამდენი კილომეტრის გავლა?) ლეგენდარულ მეკარეს დიდი გაკვირვებითა და სიამაყით უთქვამს: – ,,Ты что парень?! сам Давидыч просил! Как я мог иначе поступить?” (რა ამბობ ბიჭო?! როცა თავად დავითისძემ მთხოვა, როგორ შეიძლებოდა სხვანაირად მოვქცეულიყავი?)
დილით დათომ კიდევ ერთხელ შეაწუხა დასაევი და მოსკოვში იმ ანგარიშის ნომერი აცნობა, რომლიდანაც რენატს 5.000 დოლარი უნდა გამოეტანა…