რუსეთის ჯარებმა უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი შეტევა მიიტანეს უკრაინის რეგიონებზე. ადგილობრივი ხელისუფლება კრიტიკული მნიშვნელობის ობიექტების დაზიანების შესახებ იუწყება.
გასული ღამის განმავლობაში მიმდინარე შეტევის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იყო უკრაინის რკინიგზა. ქვეყნის მასშტაბით შეფერხებულია მატარებლების მიმოსვლა.
უკრაინის ტერიტორიების განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა აღდგენის საკითხებში ოლექსი კულებამ დღეს, 17 სექტემბერს დილით განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო ძალებმა დრონებით მასირებული დარტყმებით სცადეს მწყობრიდან გამოეყვანათ ქვესადგურები, რომლებიც რკინიგზას ელექტროენერგიით ამარაგებენ.
კულებას თანახმად, რუსეთმა უკრაინის რკინიგზის ინფრასტრუქტურაზე მიზანმიმართული შეტევა მიიტანა, რათა გაერთულებინა მგზავრების გადაყვანა და ტვირთების გადაზიდვა, დაერღვია ტრანსპორტის სტაბილური მუშაობა და დამატებითი ზეწოლა მოეხდინა ხალხსა და ეკონომიკაზე.
ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, მასირებული შეტევის დროს მარშრუტებზე იმყოფებოდა 20-ზე მეტი სამგზავრო მატარებელი, რომლებიც დისპეტჩერებმა უსაფრთხო ადგილებში გააჩერეს. კულებას ცნობით, მგზავრები და რკინიგზის თანამშრომლები არ დაშავებულან.
რკინიგზა რუსეთში დრონებით შეტევის ერთ-ერთი სამიზნეა უკრაინის თავდაცვის ძალებისთვისაც.
უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელთა ინფორმაციით, 17 სექტემბერს ენერგოობიექტებზე რუსული დრონებით შეტევის შედეგად კიროვოგრადის ოლქში ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა 45 დასახლებულ პუნაქტს.
ხანძარი გაჩნდა პოლტავის ოლქის ერთ-ერთ საწარმოში. ადგილობრივი ადმინისტრაცია კონკრეტულ ობიექტს არ ასახელებს.
ფორუმი
