სკოლა მეუბნება, რომ „ოცნების“ თანამდებობის პირის გამო მაშორებს კლასს – მასწავლებელი

„სივრცეში, სადაც პოლიტიკოსი, საჯარო ფიგურა, ხელისუფლების წარმომადგენელი წყვეტს კონკრეტულ სკოლაში, თან კერძო სკოლაში, უნდა იყოს თუ არა კონკრეტული მასწავლებელი, მე ამ სივრცეში ვერ დავრჩები“, – ამბობს მალხაზ ჭკადუა, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, რომელმაც სკოლა დღეს, 15 სექტემბერს, პროტესტის ნიშნად დატოვა.

მან ამის შესახებ ფეისბუქზეც გამოაქვეყნა პოსტი.

„ბათუმელები“ მალხაზ ჭკადუას დაუკავშირდა და სკოლიდან წამოსვლის კონკრეტულ მიზეზებზე ესაუბრა.

  • მალხაზ, ფეისბუქზე დაწერეთ, რომ სკოლა „ევრო 2000“-დან პროტესტის ნიშნად წამოხვედით. ასევე, მიანიშნეთ იმაზე, რომ სკოლის საქმიანობაში ჩაერია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი. შეგიძლიათ მოგვიყვეთ, კონკრეტულად რა მოხდა?

სკოლაში მითხრეს, რომ კონკრეტულ კლასში არ უნდა გამეგრძელებინა სწავლება. როცა ვიკითხე ადმინისტრაციაში, რატომ ხდება ასე, დამაჯერებელი პასუხი ვერ მივიღე, ვერც ერთი პირისგან.

წონადი არგუმენტები ვერ მოვისმინე. მხოლოდ ის ითქვა, რომ არის კონკრეტული ჩივილი, კონკრეტული მითითება იმაზე, რომ რაღაც პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაცია ხდება.

ვითხოვე, რომ ფაქტი დაასახელოს მომჩივანმა-მეთქი, მაგრამ პასუხი ვერ მივიღე.

  • სამოქალაქო განათლება მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა კორუფცია, ნეპოტიზმი, სახელმწიფო ინსტიტუტები და ასე შემდეგ. იყო შემთხვევა, როცა კონკრეტული პირები დაასახელეთ ვთქვათ კორუფციაზე საუბრისას?

ზოგადად, ვერიდები ხოლმე იმგვარი ინფორმაციის გაჟღერებას, გავრცელებას სკოლაში, რომელსაც არ აქვს წყარო. თუ ეს არის ვთქვათ “ბათუმელების” სტატია, ან “სტუდია მონიტორის”, „აი ფაქტის” გამოძიება ან ჩვენი ორგანიზაციის “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” კვლევები თუ სხვა ნებისმიერი სანდო ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს ადამიანის უფლებების თემაზე საქართველოში, საჯარო პოლიტიკის საკითხებზე, საჯარო მმართველობის მონიტორინგზე, რა თქმა უნდა, მე ამ სტატიებს ვუგზავნი დავალებებად, წასაკითხად.

ასევე, დოკუმენტურ ფილმებს, იმიტომ, რომ სწავლების და სასკოლო პროცესის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ის არის, რომ ცოდნა, რომელსაც გადასცემ მოსწავლეს, იყოს ყოველთვის რეალობასთან დაკავშირებული, არ იყოს მოკლებული კონტექსტს და მისი ასპექტები იყოს გაჯერებული თანამედროვე ცხოვრების გამოწვევებით, ხომ?

როცა ვლაპარაკობთ დემოკრატიაზე, უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რომ დემოკრატიის თვალსაზრისით საქართველოში არის პრობლემები და ეს არ არის მხოლოდ Amnesty International-ის ან Human Rights Watch-ის მონაცემებით, არამედ კონკრეტული სტატიებით აჩვენებ ამას. როდესაც თანამდებობის პირს შეუძლია, ვთქვათ, საკუთარი ოჯახის წევრებს ტყეები აჩუქოს, როცა თანამდებობის პირი უკანონოდ იშენებს სახლს და მისი დეკლარირებაც „ავიწყდება“ ქონებრივ დეკლარაციაში. ასეთი ფაქტები ამზადებს მოსწავლეს, მით უმეტეს, მაღალ კლასში იმისთვის, რომ მან იცოდეს, რა საზოგადოებაში ცხოვრობს, რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდება, როგორც პროფესიონალი, როგორც მოქალაქე.

ბევრჯერ მიხსენებია ძველი ბერძნების დამოკიდებულება, რომ არ უნდა ვიყოთ პოლიტიკური იდიოტები, რადგან პოლიტიკური იდიოტი როცა ხარ, ადვილად გმართავს ნებისმიერი პარტია და ადვილად გამოგიყენებს მანიპულაციისთვის.

სამოქალაქო განათლება არის ის ყველაფერი, რაც ქმნის ადამიანს მოქალაქედ.

თუ შენ არ იცი, რატომ იხდი გადასახადებს, როგორ ნაწილდება ეს გადასახადები, როგორ უნდა მოერგოს ხალხის საჭიროებებს ბიუჯეტი, როგორ უნდა იყოს მოქალაქე ჩართული ამ ბიუჯეტის განაწილებაში, რატომ არიან საჯარო მოხელეები და თანამდებობის პირები ჩვენი დაქირავებულები და ჩვენი მსახურები და არა პირიქით.

თუ არ ვლაპარაკობთ ეკოლოგიურ გამოწვევებზე, თუ არ ვლაპარაკობთ ქალაქდაგეგმარების პრობლემებზე, რაც ბათუმს აწუხებს, თუ არ ვლაპარაკობთ გამდიდრებული, ასე ვთქვათ, ბიზნესისა და სახელისუფლებო პირების კავშირებზე, მაშინ რა არის სამოქალაქო განათლების სწავლების მიზანი?

შეიძლება დემოკრატიაზე ვილაპარაკოთ მხოლოდ ბელარუსისა და ს მაგალითზე?

ჩვენი სახელმძღვანელოებიც კი გაჯერებულია იმ სასამართლო საქმეებით, სადაც მოქალაქეები ედავებიან სახელმწიფოს ან ნაციონალურ სასამართლოებში, ან სტრასბურგში, ხომ? ეს იმიტომ არის გრიფირებულ სახელმძღვანელოებში, რომ მოსწავლემ დაინახოს, რამდენად რთულია, მაგრამ აუცილებელი საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლა.

ჩემი მასწავლებლობის მთელი მიზანი და საფუძველი სწორედ ეს იყო, რომ დავეხმარო ჩემს მოსწავლეებს ნავიგაციაში, რომ იყვნენ არა მხოლოდ მომხმარებლები კონსიუმერულ საზოგადოებაში, არამედ იყვნენ მოქალაქეები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საკუთარ თავისუფლებაზე, საკუთარ ქმედებაზე, რომ ცოტა უკეთესი საზოგადოება მაინც ააშენონ, ვიდრე, სამწუხაროდ, ჩვენ მათ ვახვედრებთ.

  • ამ ინფორმაციის მოსმენამ შეუქმნა რომელიმე მოსწავლეს დისკომფორტი?  

როდესაც მე დავასახელე კონკრეტული თანამდებობის პირის სახელი და გვარი ამ საკითხის განხილვის დროს, ადმინისტრაციამ დამიდასტურა, რომ ნამდვილად ამ ადამიანისგან მოდიოდა ეს პრეტენზიები…

სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენელია და როცა მე სკოლაში დავიწყე მუშაობა, ამ ადამიანისგან დაახლოებით სამ თვეში მივიღე ზარი. მითხრა – მიხარია, ჩემი შვილის მასწავლებელი რომ ხარო.

კიდევ რამის თქმა ხომ არ გნებავთ-მეთქი – ასე ვუპასუხე მაშინ – რადგან არანაირად არ ვაპირებ რაიმე ტიპის განსაკუთრებული დამოკიდებულება მქონდეს ვინმეს შვილის მიმართ-მეთქი.

  • როგორ ფიქრობთ, რატომ დაგირეკათ?

არ ვიცი, შეიძლება ეს იყო მინიშნება.

დარწმუნებული ვარ, მისი შვილი კარგი მოქალაქე დადგება. უბრალოდ, სივრცეში, სადაც პოლიტიკოსი, საჯარო ფიგურა, ხელისუფლების წარმომადგენელი წყვეტს კონკრეტულ სკოლაში, თან კერძო სკოლაში, უნდა იყოს თუ არა კონკრეტული მასწავლებელი მისი შვილის მასწავლებელი, ამ სივრცეში ვერ დავრჩები.

  • ფიქრობ, რომ ამ ადამიანმა მოახდინა დირექტორზე ზეწოლა?

როგორც გარემოებებიდან ირკვევა, ეს ასე იყო.

დისკომფორტი ექმნებოდათ ალბათ, მაგრამ არასდროს მივცემდი საკუთარ თავს იმის უფლებას, რომ მისი შვილის თანდასწრებით მასზე მესაუბრა. ეს არის მასწავლებლის ელემენტარული ეთიკის დარღვევა.

თუმცა, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრს ვსაუბრობდი ხელისუფლების მიერ, როგორც არჩევნებამდე, ისე დე ფაქტო ხელისუფლების მერეც, ს შემდეგ ჩადენილ დანაშაულებზე, გადაცდომებზე, კორუფციაზე, ნეპოტიზმზე და ასე შემდეგ. ამის გარეშე წარმოუდგენელია სამოქალაქო განათლების სწავლება. მაშინ რაზე უნდა ვილაპარაკოთ?

რომელი ხელისუფლების შტოების დანაწილებაზე უნდა ვილაპარაკოთ, როდესაც პრაქტიკულად სასამართლოები ქცეულია ნოტარიულ სამსახურად, როცა პროკურატურას არავითარი დამოუკიდებლობა არ აქვს და პოლიტიკურ ინსტრუმენტად არის გამოყენებული.

როდესაც ვხედავთ, რომ ადამიანებს ერთი მხრივ, სილის გაწვნის გამო ორი წლით უშვებენ ციხეში და მაშინ, როცა პოლიციელს ეხება ან “ქართული ოცნების” წარმომადგენელს ეხება საკითხი, მათ ყოველგვარი სანქციის გარეშე ათავისუფლებენ.

  • დღეს დაიწყო ახალი სასწავლო წელი და დღეს გითხრეს, რომ არ უნდა შესულიყავი საჯარო მოხელის შვილის კლასში?

ეს არის ამ ზაფხულს მიღებული გადაწყვეტილება. მე, უბრალოდ, პასუხს ვითხოვდი სკოლის ადმინისტრაციისგან, თუ რა იყო კონკრეტული მიზეზები.

მე ამ მოსწავლეებთან ემოციური კავშირი მაქვს, აკადემიური ურთიერთობა ჩამოყალიბდა ამ წლების განმავლობაში. უამრავი რამე გვქონდა დაგეგმილი, მით უმეტეს, არის ძალიან საინტერესო კლასი და უამრავ თემაზე გვისაუბრია დაწყებული, ვთქვათ, სამეწარმეო საქმიანობის იდეებიდან, დასრულებული იმაზე, თუ როგორი ორიენტირით შეიძლება წავიდნენ პროფესიული არჩევის დროს და უამრავი აქტივობა მქონდა დაგეგმილი.

მაგრამ, იქ, სადაც სკოლა მეუბნება, რომ შენ, ამა და ამ თანამდებობის პირის პირდაპირი თუ ირიბი მითითებით გაშორებ კლასს, იმ სკოლაში არაფერი მესაქმება.

თუ ვერ მხედავს ადმინისტრაცია როგორც მასწავლებელს, თუ არ იცავს სკოლა საკუთარ მასწავლებელს და ემორჩილება ნომენკლატურას, ემორჩილება პოლიტიკურ კონიუნქტურას, ჩემი ადგილი ასეთ სკოლაში არ არის.

სკოლამ აირჩია ეს შედეგი, მან გადაწყვიტა, რომ ჩემ დაუკითხავად, ჩემთან კონსულტაციის გარეშე, ჩემთან დალაპარაკების გარეშე მიეღო ეს გადაწყვეტილება. შესაბამისად, მე ამ სკოლაში ვეღარ გავაგრძელებ მუშაობას. იქ, სადაც აზრს არ მეკითხებიან და სადაც მიჭირს პასუხის მიღება კითხვაზე, თუ რატომ ჩამომაშორეს კლასს, სადაც ვასწავლი ორი წელია, ცხადია, იქ ჩემი ადგილი არ არის.

იქ, სადაც სკოლა მეუბნება, რომ შენ გარკვეულწილად ჩრდილი მიაყენე მოსწავლეს ამგვარი შინაარსის შეტანით სასკოლო პროცესში, არც სხვა მოსწავლეებთან, არც საგანმანათლებლო მიზნებთან და არც ჩემს სახელმწიფოსთან არ ვიქნებოდი მართალი, მაინც რომ დავრჩენილიყავი.

სკოლა ამ ქვეყანაში არის ყველაზე დაუცველი, არაავტონომიური, რომელიც ყოველთვის მოიაზრება ადმინისტრაციული რესურსის წყაროდ, სადაც ყოველთვის დიდია მმართველი პარტიის გავლენა.

ეს ყველა ხელისუფლების დროს ასე იყო და პრაქტიკულად, სასკოლო საზოგადოების მართვა იყო ნებისმიერი ხელისუფლების და განსაკუთრებით “ქართული ოცნების” პოლიტიკის, ასე ვთქვათ, გავლენის სფერო.

 

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – გიორგი გახარიას პარტიამ ერთი წელი იწვალა და საბოლოოდ, პარლამენტის ლეგიტიმაცია აღიარა – გახარია და მისი პარტია პარლამენტს ვერაფერს ღირებულს ვერ შემატებს! ეს გადაწყვეტილება ვერც მათ შემატებს ვერაფერს!

ირაკლი კობახიძე – მინდა ევროკავშირის ყველა შესაბამის წევრ ქვეყანას გადავუხადო მადლობა მხარდაჭერისთვის – მათი მხარდაჭერის შედეგად რეალურად ქართველი ხალხის წინააღმდეგ სანქციები არ ამოქმედდა

პრემიერი – გასული თვეების განმავლობაში გვაქვს 7.9% ეკონომიკური ზრდა, პროგნოზი, რომელიც დაიდო თავიდანვე, გადაჭარბებით შესრულდება – ეს ყველაფერი მეტყველებს ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანობაზე