პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ინიციატივით მომზადებული კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონპროექტი სისტემის საბოლოო გაწმენდას და პრევენციულ ეფექტს ისახავს მიზნად.
კობახიძის თქმით, კანონპროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, კორუფციული დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში საჯარო მოხელეებისა და პოლიტიკოსებისთვის სანქცია არ შემოიფარგლება მხოლოდ პატიმრობით – მათ დიდი ხნის განმავლობაში დაეკისრებათ საკუთარი სახსრების დეკლარირების ვალდებულება, რაც მისი თქმით, „მოპარული ფულის გამოყენებას გაართულებს“.
პრემიერის თქმით, ახალი რეგულაციები ხელს შეუწყობს ხარჯთეფექტიანობისა და ხარისხის გაზრდას ინფრასტრუქტურულ პროექტებში და სისტემის მაქსიმალურ გაწმენდას კორუფციისგან.
„პირდაპირ ვიყავი ჩართული ამ ინიციატივის მომზადებაში. ეს არის იმ ხაზის გაგრძელება, რაც დაწყებული გვაქვს კორუფციის წინააღმდეგ. ყველა მიმართულებით გვაქვს კონკრეტული ზომები მიღებული, მათ შორის, ეს არ ეხება ვიღაცის დაკავებას. მაგალითად, თუ ჩვენ მთლიანად გავასაჯაროებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გაეცნოს ათიათასობით აქტს, რომელიც ქვეყნდება. თუ ერთ აქტში მაინც ნახავენ კორუფციის ნიშნებს, დასვან კითხვები და მიიღებენ შესაბამის პასუხებს. ჩვენ მთლიანად ჩავკეტეთ ქონების პირდაპირი წესით გაყიდვის პრაქტიკა, რაც იყო კორუფციის რისკების საფუძველი. ბევრი სხვა ნაბიჯი გვაქვს გადადგმული იმისათვის, რომ გამჭვირვალე გაგვეხადა საქმიანობა, იმისათვის, რომ პროცედურები უფრო სამართლიანი გამხდარიყო. ინფრასტრუქტურის ნაწილშიც, გუშინაც გვქონდა შეხვედრა შესაბამის კომპანიებთან, ყველას მკაფიოდ დავუფიქსირეთ, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიანიჭონ სამართლიანი კონკურენციის პრინციპს, რომელმაც უნდა გაზარდოს ხარჯთეფექტიანობა სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიმართულებით და ასევე უნდა გაზარდონ ხარისხი, რაშიც იგულისხმება სათანადო ვადებში განხორციელება.
რაც შეეხება ამ კონკრეტულ კანონპროექტს, ეს არის მნიშვნელოვანი კანონპროექტი, რომელსაც უნდა ჰქონდეს პრევენციული ეფექტი. როდესაც საჯარო მოსამსახურე, მათ შორის, პოლიტიკოსი ჩადის კორუფციულ დანაშაულს, უნდა ახსოვდეს, რომ ვერ შემოიფარგლება კონკრეტული ვადით , პატიმრობის მოხდით. მას დასჭირდება დიდი ხნის განმავლობაში საკუთარი სახსრების დეკლარირება, შესაბამისად გაუჭირდება მოპარული ფულის გამოყენება“,- განაცხადა კობახიძემ და დასძენს, რომ „ჩვენი მიზანია ბოლომდე გაიწმინდოს სისტემა კორუფციისგან. ამ მიმართულებით არის ხელშესახები ნაბიჯები გადადგმული.
ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონს ამკაცრებს. აღნიშნულ კანონში იგეგმება ცვლილებები, რომლის თანახმად, ანტიკორუფციული ბიუროსთვის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ყოველწლიურად – 30 წლის განმავლობაში წარდგენის ვალდებულება ექნებათ საჯარო მოხელეებს, პოლიტიკური თანამდებობის პირებს, ა(ა)იპ-ებში, სსიპ-ებში და სახელმწიფო საწარმოებში დასაქმებულ პირებს იმ შემთხვევაში, თუ სამოხელეო ან ფინანსური დანაშაულების ჩადენისათვის მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება.
საკანონმდებლო ინიციატივაზე ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
კირცხალიას განმარტებით, ცვლილებების ამოქმედების შემდეგ, კონკრეტულ სამოხელეო დანაშაულში მხილებული ადამიანების ქონებრივი მდგომარეობის აქტიური დაკვირვება და მონიტორინგი 30 წლის განმავლობაში გახდება შესაძლებელი, რაც მისივე თქმით, მითვისებული ქონების ლეგალიზებასა და პირადი ინტერესებით გამოყენებას სასჯელის მოხდის შემდეგაც გამორიცხავს.
