ხოშტარიას დაკავება სისხლის სამართლის პროცესის ბოროტად გამოყენების კიდევ ერთი აქტია – TI

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ (TI) „კოალიცია ცვლილებისთვის“ კიდევ ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას დაკავებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს სისხლის სამართლის პროცესის ბოროტად გამოყენების კიდევ ერთი აქტია.
ორგანიზაციის განცხადებით, საარჩევნო ბანერი, რის დაზიანებასაც ელენე ხოშტარიას ედავებიან სააგიტაციო მასალაა და მისი დაზიანება ადმინისტრაციული წესით ისჯება და არა სისხლი სამართლებრივი წესით.
„2025 წლის 15 სექტემბერს დააკავეს კოალიცია „ცვლილებისთვის“ ლიდერი ელენე ხოშტარია იმის გამო, რომ მან წარწერა გააკეთა კახა კალაძის ბანერზე. როგორც ჩანს, მას ბრალად წარუდგენენ სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის – სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია – ჩადენას.
სსკ-ის აღნიშნული 187-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე, შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან ხუთ წლამდე.
რამდენიმე დღის წინ იგივე ქმედებისათვის დააკავეს და ასეთივე ბრალი წარუდგინეს 23 წლის გოგონას – მეგი დიასამიძეს.
საარჩევნო ბანერი არის სააგიტაციო მასალა, რომლის ჩამოხსნა, ჩამოხევა, დაფარვა ან დაზიანება ისჯება ადმინისტრაციული წესით. კერძოდ, ასეთი ქმედება, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 46-ე მუხლის 71 ნაწილისა და 80-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით“, – აცხადებს TI.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განმარტებით, ადმინისტრაციული სამართლით აკრძალული ქმედების სისხლისსამართლებრივი წესით დასჯა სამართლის რამდენიმე ძირითად პრინციპს არღვევს:
· განჭვრეტადობის პრინციპი: სამართლის ნორმები ისე უნდა იყოს შედგენილი, რომ პირს შეეძლოს მათი დარღვევის შედეგების წინასწარ განჭვრეტა. პირმა უნდა იცოდეს, თუ რა მოელის ამა თუ იმ ქმედების ჩადენის შემთხვევაში, რათა შესაბამისად არეგულიროს საკუთარი ქცევა. როდესაც არსებობს მკაფიო ადმინისტრაციული ნორმა, რომელიც საარჩევნო ბანერის დაზიანებისთვის 1000 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს, პირს არ შეიძლება ჰქონდეს ლეგიტიმური მოლოდინი, რომ მას სისხლისსამართლებრივი წესით დასჯიან;
· სპეციალური კანონის ზოგადი კანონის მიმართ უპირატესობის პრინციპი: სამართლის აღიარებული პრინციპია, რომ ზოგად და სპეციალურ ნორმებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება სპეციალურ ნორმას. სხვათა შორის, ამ პრინციპის გამოძახილია სისხლის სამართლის კოდექსის მე-16 ნაწილის მე-2 ნაწილის ნორმა, რომლის თანახმად, „თუ ქმედება გათვალისწინებულია ზოგადი და სპეციალური ნორმებით, დანაშაულთა ერთობლიობა არ არსებობს და პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება სპეციალური ნორმით.“ მართალია, მოცემულ შემთხვევაში საქმე გვაქვს სხვადასხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ ნორმებთან, ფაქტია, რომ საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული ნორმა სპეციალური ნორმაა და სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლთან შედარებით მას უპირატესობა უნდა მიენიჭოს;
· ნორმატიული აქტების იერარქიულობის პრინციპი: საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებულ ნორმას უპირატესობა ენიჭება იმის გამოც, რომ საარჩევნო კოდექსი ორგანული კანონია, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსი – ჩვეულებრივი კანონი. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი ნორმატიული აქტების იერარქიის თანახმად, ორგანულ კანონს უპირატესი იურიდიული ძალა გააჩნია.
· პროპორციულობის პრინციპი: სააგიტაციო მასალის დაზიანებისთვის პირის სისხლისსამართლებრივი წესით დასჯა, როდესაც სასჯელად, სხვა ალტერნატიულ ზომებს შორის, გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 5 წლამდე ვადით, არღვევს პროპორციულობის პრინციპს. ასეც რომ არ იყოს, სტიგმა, რომელიც თან ახლავს სისხლისსამართლებრივ ბრალდებას და, მით უმეტეს, მსჯავრდებას, აქედან გამომდინარე სხვა სამართლებრივი შედეგებით, არ შეიძლება თანაზომიერი იყოს ქმედებისა, რომლის ძირითადი შინაარსი და მიზანი პოლიტიკური ხასიათისაა.
„ელენე ხოშტარიას დაკავება ამ პრინციპების დარღვევით არის სისხლის სამართლის პროცესის ბოროტად გამოყენების კიდევ ერთი აშკარა გამოხატულება.
დაბოლოს, ყურადღებას იპყრობს „ქართული ოცნების“ მმართველობის მთელი პერიოდის განმავლობაში დამკვიდრებული შერჩევითი სამართლის პრაქტიკა. კალაძის ბანერების დაზიანებისთვის ოპოზიციის ლიდერი და სამოქალაქო აქტივისტი ისჯებიან იმ ფონზე, როდესაც „ქართული ოცნების“ ზონდერჯგუფებს წესად ჰქონდათ გადაქცეული საარჩევნო და არასაარჩევნო პერიოდებში ოპოზიციის შტაბბინებზე თავდასხმა, მათ წარმომადგენლებზე ძალადობა, ქონების ვანდალიზაცია და სხვა დანაშაულებრივი აქტები. საკმარისია გავიხსენოთ, მაგალითად, ნაციონალური მოძრაობის სათავო ოფისზე თავდასხმა 2024 წლის 1 ივნისს, როდესაც დაამსხვრიეს ვიტრაჟები და სხვა ქონება. ეს და სხვა აქტები დღემდე გამოუძიებელია და მათი ჩადენისთვის პასუხი დღემდე არავის უგია“, – აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“.
დღეს, 15 სექტემბერს, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია დააკავეს. საქმე ეხება მელიქიშვილზე მომხდარ ფაქტს, რომლის გამოც ხოშტარიას წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ხოშტარიამ კალაძის ბანერს მარკერით „რუსული ოცნება“ დააწერა.
„ქართული ოცნების“ პრემიერი ამბობს, რომ საარჩევნო ბანერებთან დაკავშირებით „კანონი უმკაცრესად იმოქმედებს“.
მისი თქმით, აქამდე ზედმეტად „რბილი პრაქტიკა“ იყო დამკვიდრებული და საჭიროა, კანონი მკაცრად იყოს დაცული.
· საარჩევნო ბანერებთან დაკავშირებით კანონის „უმკაცრესად“ მოქმედებას აანონსებს
· რატომ გახდა საარჩევნო ბანერზე წარწერა დანაშაული – ათობით მსგავსი საქმე რეაგირების გარეშეა

ასევე დაგაინტერესებთ

ანტიკორუფციული ბიურო – „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუე და დეზინფორმაციაა – თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები საჯაროა და ხელმისაწვდომია ბიუროს ვებგვერდზე