საფეხბურთო კლუბ „ნაპოლის“ ფორვარდი ვიქტორ ოსიმენი თანაგუნდელი ხვიჩა კვარაცხელიას აგენტის, მამუკა ჯუღელის ინტერვიუმ აღაშფოთა. საპასუხო განცხადებაში მან ჯუღელს ბინძური და სამარცხვინო უწოდა.
მამუკა ჯუღელმა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველ არხთან“ საუბარში განაცხადა, რომ ოსიმენი მომავალ ზაფხულს კარიერას საუდის არაბეთის კლუბში გააგრძელებს, კვარაცხელიასთვის კი მსგავსი ნაბიჯის გადადგმა მიუღებელია. ის საუდის არაბეთში მილიარდი დოლარის სანაცვლოდაც არ გადავა, რადგან ხვიჩას განსხვავებული გემოვნება და ტვინი აქვს და თუ წავა, მხოლოდ ისეთ გრანდებში, როგორებიც არიან „რეალი“, „ბაიერნი“, „ბარსელონა“ და „მანჩესტერ სიტი“, – თქვა მან.
კვარაცხელიას აგენტის სიტყვები იტალიურ მასმედიაშიც სწრაფად გავრცელდა და ცხადია, ვიქტორ ოსიმენამდეც მივიდა. ნიგერიელმა ფორვარდმა საპასუხო განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა:
„ძვირფასო მამუკა ჯუღელო, ბინძური და სამარცხვინო ადამიანი ხარ. შენი მსჯელობის გამო მრცხვენია. იდიოტო. ჩემი სახელი აღარ ახსენო!“ – დაწერა ოსიმენმა საკუთარ ინსტაგრამგვერდზე.
იტალიის მოქმედი ჩემპიონი „ნაპოლი“ სერია A-ში მიმდინარე სეზონს ძალიან სუსტად ატარებს – ცხრამეტი თამაშიდან მხოლოდ რვა მოიგო და მეცხრე ადგილზეა. შარშანდელი სეზონისგან განსხვავებით, ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენიც ნაკლებად პროდუქტიული არიან და გულშემატკივრების თუ სპორტული გამოცემების კრიტიკის ობიექტებიც ხშირად ხდებიან.
ოსიმენისა და ჯუღელის დაპირისპირებას ხვიჩა კვარაცხელია ჯერჯერობით არ გამოხმაურებია.