თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს, რომელიც ორი დღის წინ დააკავეს, ბრალი წარუდგინეს.
პროკურატურა მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს. სავარაუდოდ, სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 13 სექტემბრის დღის ბოლომდე ჩაინიშნება.
სახელმწიფო ბრალდება თავდაცვის ყოფილ მინსტრს ედავება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას:
· 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის გ ქვეპუნქტი –სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება;
· 332-ე მუხლის მეორე ნაწილით – უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.
წარდგენილი ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ჯუანშერ ბურჭულაძეს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
“მისი [ჯუანშერ ბურჭულაძის] მითითებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის იმდროინდელმა მოადგილემ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ნათესავის დახმარებით, სამხედრო ჰოსპიტლისთვის სამედიცინო აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით შექმნეს არაკონკურენტული გარემო, რის შედეგადაც, არარეალური გარიგებების დადების გზით გაიზარდა აპარატის ღირებულება და 2 606 272 ლარად ღირებული აპარატი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიეწოდა 3 940 000 ლარად. დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 1 333 728 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა. […] 2025 წლის იანვარში, მან [ჯუანშერ ბურჭულაძემ] და მისმა მეუღლემ 544 000 ევროდ შეიძინეს ესპანეთში მდებარე მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული სახლით. ვინაიდან აღნიშნული თანხის კანონიერი გზით წარმომავლობა არ უფიქსირდებოდათ, ამ თანხის წარმოშობის დამალვის მიზნით, 2024 წელს თავდაცვის ყოფილი მინისტრის მეუღლესა და მესამე პირს შორის გაფორმდა დაბა წყნეთში მდებარე უძრავი ქონების ფიქტიური ნასყიდობის ხელშეკრულება, რეალურად კი თავდაცვის ყოფილი მინისტრის ოჯახს ეს ქონება არ გაუსხვისებია და ხელშეკრულების მიზანი იყო მხოლოდ ესპანეთში გადასარიცხი თანხის წარმომავლობის შენიღბვა. ამასთან, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ხსენებული 544 000 ევროს უკანონო წარმოშობის შენიღბვის მიზნით, 2025 წლის მარტში, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში საერთოდ არ მიუთითა ესპანეთში შეძენილი უძრავი ქონება, რითაც მან განსაკუთრებით დიდი ოდენობით 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაცია განახორციელა”, – ვკითხულობთ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.




