ნატო – 9-10 სექტემბრის ღამეს, სავარაუდოდ, რუსული დრონების მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის მასიური დარღვევის შემდეგ – იწყებს ოპერაცია „აღმოსავლეთის გუშაგს“, რომელიც მიზნად ისახავს ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის – რუსეთისა და ბელარუსის მოსაზღვრე ქვეყნების – კიდევ უფრო გაძლიერებას.
ამის შესახებ პარასკევს განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რიუტემ. მისი სიტყვებით, ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა ევროპაში ნატოს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსუს გრინკევიჩმა.
„ეს ოპერაცია უახლოეს დღეებში დაიწყება და მოიცავს მრავალრიცხოვანი ძალებისა და საშუალებების მონაწილეობას“, თქვა რიუტემ და ხაზგასმით აღნიშნა დრონების გამოყენებასთან დაკავშირებული საფრთხეების აღმოფხვრა.
ოპერაციაში მონაწილეობას მიიღებენ დანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის სამხედროები.
აშშ-ის შეიარაღებული ძალების გენერალმა გრინკევიჩმა განაცხადა, რომ ნატო „დაიცავს“ ალიანსის წევრი ქვეყნების ტერიტორიის ყოველ სანტიმეტრს.
ნატოს პრესსამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ ოპერაცია განუსაზღვრელი ვადით მიმდინარეობს. კერძოდ, გაძლიერდება ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის საჰაერო თავდაცვა. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ დანია ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად გაგზავნის ორ F-16 გამანადგურებელს და საჰაერო თავდაცვის სისტემებით აღჭურვილ ფრეგატს, საფრანგეთი სამ გამანადგურებელ Rafale-ს, ხოლო გერმანია – ოთხ Eurofighter-ს. დიდი ბრიტანეთიც მიიღებს მონაწილეობას, თუმცა მისი კონკრეტული ფორმები ჯერ არ არის ცნობილი.
radiotavisupleba.ge
