ბელარუსის ხელისუფლებამ პასპორტები ჩამოართვა გათავისუფლებულ პოლიტპატიმრებს

11 სექტემბერს გათავისუფლებულმა ბელორუსმა პოლიტპატიმრებმა განაცხადეს, რომ ბელარუსიდან დეპორტაციამდე ბელარუსის კაგებეს თანამშრომლებმა მათ პასპორტები ჩამოართვეს. ანარქისტ მიკალაი ძიადოკს პასპორტი დაუხიეს.
ოპოზიციის ლიდერის, სვიატლანა ციხანოუსკაიას ოფისის განცხადების თანახმად, გათავისუფლებულ პოლიტპატიმრებს პასპორტების ნაცვლად გადაეცათ მხოლოდ დროებითი A4 ზომის ფურცლები, რომლებსაც არა აქვს სრულფასოვანი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მახასიათებლები.
„ხალხს ეროვნული პასპორტები ჩამოართვეს და იძულებით გაასახლეს. ეს არა მხოლოდ ადამიანის ღირსების უხეში დამცირებაა, არამედ ადამიანის ძირითადი უფლებებისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევაც. ბელარუსი, როგორც ქვეყანა, რომელმაც ხელი მოაწერა სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტს, ვალდებულია უზრუნველყოს გადაადგილების თავისუფლება და პატივი სცეს მოქალაქეობის უფლებას“, განაცხადა ციხანოუსკაიას იურიდიულმა მრჩეველმა ლეონიდ მოროზოვმა.
ხუთშაბათს -ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კით კელოგის მოადგილის, ჯონ კოულის, მინსკში ვიზიტისა და ბელარუსის ლიდერთან, ალიაქსანდრ ლუკაშენკასთან შეხვედრის შემდეგ, ბელარუსის ხელისუფლებამ 52 პოლიტპატიმარი გაათავისუფლა, მათ შორის 14 უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ყველანი ლიეტუვაში უნდა გაეგზავნათ, თუმცა გათავისუფლებულთაგან ერთ-ერთმა, მიკალაი სტატკევიჩმა, უარი თქვა ბელარუსის დატოვებაზე. მისი ადგილსამყოფელი უცნობია.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ