კახა კალაძის ბანერის დაზიანების ბრალდებით დაკავებული მეგი დიასამიძე 2 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
მოსამართლე დავით კურტანიძემ გადაწყვეტილება პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო.
დიასამიძის შემდეგი პროცესი 28 ოქტომბერს, 14:00 საათზე გაიმართება.
23 წლის სტუდენტს კალაძის ბანერის დაზიანებისთვის ბრალი სისხლის სამართლის კოდექსით წაუყენეს. სხვისი ნივთის დაზიანების მუხლი ჯარიმა, შინაპატიმრობა ან ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
გირაოთი გათავისუფლების მიუხედავად, მეგი დიასამიძის სისხლისსამართლებრივი დევნა გრძელდება, განსხვავებით „ქართული ოცნების“ აქტივისტებისგან. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, იმ საბაბით, თითქოსდა დაზარალებულმა აქტივისტებმა გამოძიებასთან არ ითანამშრომლეს 8 სექტემბერს, მელიქიშვილის ქუჩაზე აქციის მონაწილეებზე მოძალადე ზაზა მამალაძე და ირაკლი ბუაჩიძე პასუხისმგებლობის გარეშე გაათავისუფლეს.




