გუშინ, 11 სექტემბერს, ბრაზილიის ყოფილ პრეზიდენტს, ჟაირ ბოლსონარუს, 27 წლითა და სამი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ის 2022 წლის არჩევნებში წაგების შემდეგ ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით სახელმწიფო გადატრიალების დაგეგმვაში დამნაშავედ ცნეს.
გადაწყვეტილება ბრაზილიის უზენაესი სასამართლოს ხუთი მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ მიიღო. ცნობისთვის, ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი დამნაშავედ არ ცნო ხუთიდან მხოლოდ ერთმა მოსამართლემ. დანარჩენმა ოთხმა მოსამართლემ კი ხმა მისცა ყოფილი პრეზიდენტის ხუთი დანაშაულისთვის გამამტყუნებელ განაჩენს: შეიარაღებულ კრიმინალურ გაერთიანებაში მონაწილეობა; დემოკრატიის ძალადობრივი დამხობის მცდელობა; გადატრიალების ორგანიზება; და სახელმწიფო ქონებისა და დაცული კულტურული აქტივების დაზიანება.
ჟაირ ბოლსონარუს ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ განაჩენს ყველა დონეზე გაასაჩივრებენ.
შეგახსენებთ, ბრაზილიაში 2022 წლის ოქტომბერში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ჟაირ ბოლსონარუ მემარცხენე ლუის ინასიუ ლულა და სილვამ ხმების 51%-ით დაამარცხა. ბოლსონარუმ დამარცხება არ აღიარა და ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის წინ (2023 წლის 1 იანვარი) დროებით აშშ-ში გაემგზავრა.
ინაუგურაციიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ბოლსონარუს მხარდამჭერები კონგრესში, პრეზიდენტის სასახლესა და უზენაეს სასამართლოში შეიჭრნენ. პოლიციამ აღნიშნული მოვლენების დროს ასობით ადამიანი დააკავა.
თებერვალში ყოფილ პრეზიდენტს ბრალი სახელმწიფო გადატრიალებისა და ახალი პრეზიდენტის დამხობის მცდელობაში წაუყენეს. ბოლსონარუ ამ დრომდე შინა პატიმრობაში იმყოფებოდა.
forbes.ge
