ბათუმი[ჭოროხი]-სარფის ახალი გზის დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების პროცედურები დასრულებულია, „აღნიშნული საავტომობილო გზის
პროექტი ითვალისწინებს 4-ზოლიან მაგისტრალს, თუმცა, ამ ეტაპისთვის იგეგმება მხოლოდ 2-ზოლიანი საავტომობილო გზის მშენებლობა.“ – ამის შესახებ გამოცემა „ბათუმელები“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.
წყაროს ცნობით, პროექტის ფარგლებში მომზადებული მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმის თანახმად, გზის განთავსების ზოლში მოქცეულია კერძო საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული 117 მიწის ნაკვეთი, 9 საცხოვრებელი სახლი, 10 ბინა/არასაცხოვრებელი ფართობი, 27 კომერციული/ადმინისტრაციული შენობა და 37 დამხმარე ნაგებობა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2025-2028 წლების საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების მიმოხილვის დოკუმენტის მიხედვით, ბათუმი[ჭოროხი]-სარფის ახალი ავტომაგისტრალის მშენებლობისთვის 620 მილიონი ლარია გათვლილი.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, აღნიშნული გზის მშენებლობისთვის ქვეყნის ბიუჯეტიდან დაიხარჯება 185 მილიონი ლარი, ხოლო დანარჩენი დონორის თანხა, ანუ სესხი იქნება – 435 მილიონი ლარი. დონორი ამ შემთხვევაში, როგორც ოფიციალურადაა გაცხადებული, აზიის განვითარების ბანკი [ADB] იქნება.
„საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების [ჩვეულებრივი ოპერაციები][ბათუმი-სარფის გზის პროექტი]“ ტექსტის მიღების მიზნით მოლაპარაკებების გამართვაზე „ოცნების“ მთავრობამ განკარგულება 2025 წლის 24 ივლისს მიიღო.
კონკრეტულად სესხის ოდენობა და პირობები ამ დროისთვის არ გასაჯაროებულა.
„საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს [ADB] შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები ზემოაღნიშნული გზის პროექტის განხორციელების თაობაზე, რომლის ფარგლებში აზიის განვითარების ბანკის სესხის წილი დადგინდება სასესხო ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ“. – გვწერს დეპარტამენტი 2025 წლის 11 სეტემბრის წერილში.
„ოცნების“ მთავრობის მიერ კი 2025 წლის 27 აგვისტოს გამოცემულია განკარგულება, სადაც აღნიშნულია, რომ ხელი მოეწეროს „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმებას [ჩვეულებრივი ოპერაციები][ბათუმი-სარფის გზის პროექტი]“.
ბათუმი [ჭოროხი]-სარფის გზას, ახალი ავტობანი დაიწყება ქალაქის სამრეწველო ზონაში, ფრიდონ ხალვაშის გამზირთან [სადაც სპეციალური საგზაო კვანძით დაუკავშირდება ბათუმის შემოვლით გზას]; აშენდება ახალი ხიდი მდინარე ჭოროხზე; ახალი ხიდიდან გზა გაგრძელდება ახალსოფლისა და ჭარნალის ტერიტორიაზე და 7,6-კილომეტრიანი გვირაბით გამოვა სარფში [ანდრიას ჩანჩქერის მიმდებარედ], სადაც დაუკავშირდება სარფი-ბათუმის არსებულ გზას – აქ დაგეგმილია ზღვის სანაპიროს გამაგრება.
წყარო: Batumelebi
