“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარესთან, დაკავებულ ლევან ხაბეიშვილთან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მისი ადვოკატი, ლაშა ტყეშელაძე შევიდა.
როგორც ის განმარტავს, ხაბეიშვილს ბრალს ოფიციალურად სავარაუდოდ, 16:00 საათზე წარუდგენენ.
“ლევან ხაბეიშვილი უნდა მოვინახულო, რომ სხვადასხვა დეტალი გავიარო. რაც შეეხება ბრალის წარდგენას, ის შეიძლება, 16:00-17:00 საათისთვის იყოს. რაც არ უნდა დაწერონ ფურცელზე, რაც არ უნდა ჯღაბნონ, ეს ბრალი არ არსებობს, ლევან ხაბეიშვილი არ უნდა დაისაჯოს, რადგან დანაშაული არ მომხდარა”, – განაცხადა ტყეშელაძემ.
კითხვაზე, ელოდება თუ არა ის ბრალის დამძიმებას, ან კვალიფიკაციის შეცვლას, ადვოკატი ვერ გამორიცხავს.
“რა უნდა დააკვალიფიცირონ, ამაზე საუბარი ჩემთვის წარმოუდგენელია, მაგრამ სუს-ის შეთითხნილ საქმეებს რას გაუგებ. სუს-მა რა განცხადებაც დადო, სისხლის სამართლის ნიშნებს არ შეიცავს. როდესაც ლევან ხაბეიშვილი საჯაროდ მოუწოდებდა თანამშრომლებს, ის სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებს ეუბნებოდა, რომ უკანონო დავალება არ შეესრულებინათ, ანუ ხალხი არ ეცემათ. რომელი პოლიციელიც უკანონო დავალებას არ შეასრულებდა, ბიუჯეტიდან, ოფიციალურად ჯილდოს მიიღებდნენ.
ე.ი. პოლიციის თანამშრომლებს ეუბნებოდა, როცა ხალხს არ სცემთ, ფიზიკურად არ გაუსწორდებით, როცა თავისუფალი ხალხი გაიმარჯვებს და ბიუჯეტი დამტკიცდება, თქვენ ბიუჯეტიდან პრემიის სახით მიიღებთო”,- განაცხადა ტყეშელაძემ.
რაც შეეხება “საიდუმლო მასალების გადაცემის მოწოდებას”, ადვოკატი პასუხობს, რომ მსგავს ადგილი არ ჰქონია.
“რა საიდუმლო მასალებზეა საუბარი, ჩემთვის უცნობია, ვინ, რა თქვა, არ ვიცი. მე ადვოკატი ვარ და მტკიცებულებებზე ვსაუბრობ. სუს-მა რა განცხადებაც გააკეთა, “საიდუმლო მასალებზე” საუბარი არ ყოფილა. აღნიშნულ საქმეში, რასაც სუს-ის თანამშრომლები ამბობენ, დანაშაული არ არის. ადამიანები თუ ამას სხვადასხვანაირად შეფუთავენ და სისხლის სამართლის დანაშაულად შეფუთავენ, არ ვიცი”,- განაცხადა ტყეშელაძემ.




