საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროოპტიმისტები“ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ბიუჯეტის ფორმირების წესის შეცვლის ინიციატივით გამოდის

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროოპტიმისტები“ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ბიუჯეტის ფორმირების წესის შეცვლის ინიციატივით გამოდის.
მათ პარლამენტს საკანონმდებლო პაკეტი წარუდგინეს, რომლითაც გათვალისწინებულია რეგულირების საფასურის ოდენობის შემცირება, რაც კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ბიუჯეტის მთავარ წყაროს წარმოადგენს.
კერძოდ, დეპუტატ რომან გოცირიძის მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ და „მაუწყებლობის შესახებ“ კანონებში ცვლილების პროექტით, რეგულირების საფასური 0.75%-დან 0.5-მდე მცირდება.
ასევე, პროექტის მიხედვით, კომუნიკაციების კომისიის ბიუჯეტის ნაწილი, რომელიც რადიოსიხშირული და ნუმერაციის რესურსით სარგებლობიდან მიღებულ თანხას წარმოადგენს, კომისიის შემოსავლებიდან გავა და სახელმწიფო ბიუჯეტში მიიმართება.
რაც შეეხება „მაუწყებლის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ რეგულირების საფასურს, ისიც შემცირდება და ნაცვლად 0,5%-ისა, 0,35% იქნება.
როგორც საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორი განმარტავს, კომუნიკაციების კომისიის ბიუჯეტის ფორმირების მოქმედი წესი დღევანდელ რეალობას არ შეესაბამება. მისივე შეფასებით, მარეგულირებელი კომისიის ბიუჯეტში აკუმულირებული ზედმეტი თანხები ისეთი ხარჯების გაწევას ხმარდება, რომელთა საჭიროება დასაბუთებას არის მოკლებული.
„არსებული წესით 2012 წელს მარეგულირებლის ბიუჯეტში შემოსავალი შეადგენდა 7.9 მილიონ ლარს, ხოლო 2024 წლისთვის ეს თანხა 20.2 მილიონ ლარამდე გაიზარდა, საიდანაც 13.6 მილიონი ლარი რეგულირების საფასურიდან მიღებული შემოსავალია, 3.5 მილიონამდე კი რადიოსიხშირული და ნუმერაციის რესურსით სარგებლობიდანაა. ბოლო 12 წლის განმავლობაში კომისიის ბიუჯეტის დაფინანსების 12 მილიონ ლარზე მეტით ზრდა განპირობებულია არა კომუნიკაციების კომისიის წინაშე არსებული რეალური საჭიროებით, არამედ კანონში არსებული შემოსავლების ფორმირების არასწორი წესიდან გამომდინარე. მარეგულირებელი კომისიის ბიუჯეტში აკუმულირებული ზედმეტი თანხები ხმარდება ისეთი ხარჯების გაწევას, რომელთა საჭიროება დასაბუთებას არის მოკლებული. მაგალითისთვის, 2018 წელს კომისიამ დააფუძნა არაკომერციული იურიდიული პირი “მედიააკადემია”. 2019 წლის მონაცემებით „მედიააკადემიის“ ბიუჯეტი 2,1 ლარით იყო განსაზღვრული, 2023 წლის მონაცემებით ეს ციფრი 2.4 ლარამდე გაიზარდა. ეფექტიანობასა და ბიუჯეტის ეკონომიურ გამოყენებას მოკლებულია „მედიააკადემიის“ დაფინანსების ყოველწლიურად მექანიკური ზრდა, რაც არ ეფუძნება მის საჭიროებებსა თუ ფუნქციონირების სპეციფიკას და მიბმულია კომუნიკაციის კომისიის ბიუჯეტის დაუსაბუთებელ ზრდასთან. გარდა ამისა, „მედიააკადემია“, რომელიც კომუნიკაციების კომისიის ბიუჯეტიდან მნიშვნელოვან დაფინანსებას იღებს, უარს აცხადებს გამჭვირვალობაზე.
„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ აღნიშნავს, რომ „მედიააკადემია“ არ ასაჯაროებს ინფორმაციას თანამშრომლების საშტატო ნუსხის, მედიააკადემიაში მოქმედი „მედიალაბის“, „მედიაკრიტიკისა“ და „მედიასკოლის“ ფუნქციების განმსაზღვრელი სამართლებრივი აქტების შესახებ. არსებობს ინფორმაცია რომ „მედიააკადემია“ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების, სახელისუფლებო მედიაში დასაქმებული პირებისა და ხელისუფლებასთან დაახლოებული ადამიანების ფინანსური შემოსავლის წყაროს წარმოადგენს. კომუნიკაციების კომისიის ხარჯები ყოველწლიურად მზარდია, მიუხედავად იმისა, რომ ამის საჭიროება არ არსებობს. კომუნიკაციების კომისიის ბიუჯეტში მთავარ ნაწილს შრომის ანაზღაურების ხარჯები წარმოადგენს. ეს რიცხვი ყოველწლიურად მზარდია. თუ 2012 წელს 5.4 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი შრომის ანაზღაურებისთვის, 2024 წლისთვის ამ მაჩვენებელმა 9 მილიონ ლარს მიაღწია. გარდა სახელფასო ნაწილისა, IDFI-ის მიერ 2021 წლის მაისში გამოქვეყნებული კვლევის – „სსიპ-ებსა და დამოუკიდებელ უწყებებში 2020 წელს გაცემული პრემიები და სახელფასო დანამატები” – მიხედვით, კომუნიკაციების კომისიამ საშტატო თანამშრომლებზე ფულადი ჯილდოს პრემიის სახით 2020 წელს 0.8 მილიონი ლარი გასცა, ხოლო კომისიის თავმჯდომარემ და კომისიის სამმა წევრმა პრემიის სახით ჯამში 128,208 ლარი მიიღო. ზოგადად, ნებისმიერი დამოუკიდებელი ორგანიზაციის ბიუჯეტი უნდა განისაზღვროს მისი სპეციფიკური საჭიროებების, მიზნებისა და ფუნქციების გათვალისწინებით. შესაბამისად, ბიუჯეტის დაფინანსების წესი უნდა ითვალისწინებდეს ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა ორგანიზაციის პასუხისმგებლობა, გასაწევი მომსახურება და მისი მანდატი, რასაც, სამწუხაროდ ვერ ვიტყვით ამ უწყებასთან დაკავშირებით”, – ვკითხულობთ კანონის პროექტების განმარტებით ბარათში.

ასევე დაგაინტერესებთ