დააკავეს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ყოფილი მაღალჩინოსანი, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დააკავა.
ამის შესახებ სუს-ში საგანგებო ბრიფინგის დაწყებისას ისაუბრეს.
ყოფილ მინისტრს თანამდებობით ბოროტად სარგებლობას და განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის მითვისებას ედავებიან. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
„დღეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები შედეგად, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დაკავებულია საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე.
ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ჯუანშერ ბურჭულაძის მითითებით, თავისთვის ვ.მ.-სთვის გამორჩენის მისაღებად, საქართველოს თავდაცვის მინისტრის იმდროინდელმა მოადგილემ, გ.ხ.-მ და ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა ვ.ღ.-მ, მინისტრის ახლოა ნათესავის, ვ.მ.-ს დახმარებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით შექმნეს არაკონკურენტული გარემო. რის შედეგადაც, არარეალური გარიგებების დადების გზით, ხელოვნურად გაიზარდა აპარატის რეალური საბაზრო ღირებულება და 2 606 272 ლარად ღირებული მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის მიწოდებული იქნა 3 940 000 ლარად.
დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიადგა 1 333 728 ლარის ქონებრივი ზიანი.
ამასთან, ჯუანშერ ბურჭულაძემ მიღებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონებისათვის წარმოშობის წყაროს დამალვისა და შენიღბვის მიზნით, რომლის ლეგალურ წარმომავლობას იგი ვერ დაასაბუთებდა, ამ ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, განახორციელა შემდეგი ქმედებები:
2025 წლის იანვარში, ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახმა 544 000 ევროდ შეიძინა ესპანეთში, მალაგას პროვინციაში მდებარე მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლით. ვინაიდან აღნიშნული თანხის კანონიერი წარმომავლობა ჯუანშერ ბურჭულაძესა და მის მეუღლეს არ უფიქსირდებოდათ, აღნიშნული თანხის რეალური წარმომავლობის დამალვა/შენიღბვის მიზნით, 2024 წლის 9 დეკემბერს ჯუანშერ ბურჭულაძის მეუღლესა და მესამე პირს შორის გაფორმდა ფიქტიური ნასყიდობის ხელშეკრულება დაბა წყნეთში, ნუშის ბაღების ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონების 620 000 ევროდ მიყიდვის შესახებ. რეალურად კი, ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს აღნიშნული ქონება არ გაუსხვისებია და ხელშეკრულების მიზანი იყო მხოლოდ ესპანეთში გადასარიცხი თანხის წარმომავლობის შენიღბვა. ამასთან, დამატებით, გამოიყენა ფიქტიური სესხის ხელშეკრულებებიც. აღსანიშნავია ისიც, რომ ჯუანშერ ბურჭულაძემ დასახელებული 544 000 ევროს უკანონო წარმოშობის დამალვის მიზნით, 2025 წლის მარტში, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში საერთოდ არ მიუთითა ესპანეთში შეძენილი უძრავი ქონება.
ხსენებული მეთოდებით, ჯუანშერ ბურჭულაძემ განახორციელა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 1 593 212 ლარის უკანონო/დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაცია.
ზემოაღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით“, — განაცხადეს სუს-ში ბრიფინგზე.
შეგახსენებთ, რომ დღეს დააკავეს ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი მისი საჯარო განცხადებებისთვის, სადაც ის 200 000 დოლარს ჰპირდებოდა ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებს, თუ ისინი უარს იტყოდნენ მოქალაქეთა დარბევაზე და ამხელდნენ სისტემას. სუს-ის შეფასებით, ეს საჯარო მოხელეთათვის ქრთამის საჯარო დაპირებაა. 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება ლევან ხაბეიშვილს.
ლევან ხაბეიშვილთან ერთად, დაკავებულია ასევე პოლიტიკოსი მურთაზ ზოდელავა. სუს-ის ინფორმაციით, ლევან ხაბეიშვილმა მას დაკავებისას თავისი ტელეფონი მიაწოდა, მან კი ტელეფონთან ერთად გაქცევა სცადა და ამ პროცესში იძალადა სამათალდამცველზე. მას 2-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი: ბიძინა ივანიშვილთან ჩვენ სამშობლო გვაერთიანებს. ის იმდენად მაღლა დგას და ის რწმენა, რომლითაც ჩვენ ერთმანეთს ვენდობით და ერთმანეთის მიმართ რწმენა გვაქვს და საქმეში გამოცდილი გვაქვს ეს ყველაფერი…

მიხეილ ყაველაშვილი – ვინ აზიანებს ევროპულ ღირებულებას, რისკენაც იყო ჩვენი წინაპრების, საზოგადო მოღვაწეების, ლიდერების სწორება? – მზად ვართ დიალოგისთვის, პარტნიორობისთვის, მაგრამ მათი ქმედება, დამოკიდებულება შეურაცხმყოფელიც არის