„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, ბრალი, რომლითაც ის დააკავეს, აბსურდულია.
კონდახიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან იმყოფება, სადაც ხაბეიშვილი ჰყავთ გადაყვანილი.
ის დაკავებულ პოლიტიკოსთან შესვლას ელოდება, რის შემდეგაც საქმის გარშემო მეტი დეტალი ეცოდინება.
„ამ ქვეყანაში არაფერია გასაკვირი, სადაც ბანერზე წარწერისთვის ახალგაზრდა სტუდენტს იჭერენ, ლევან ხაბეიშვილთან დაკავშირებით აღნიშნული სამართლებრივი აბსურდის მოგონება საერთოდ არ მიკვირს. რამდენიმე წამის წინ, ბრიფინგიდან გახდა ჩემთვის ცნობილი, რომ ბრალდება ედავება მის მიერ არაერთხელ გაკეთებულ საჯარო შეთავაზებას, სადაც ის, როგორც პოლიტიკოსი საუბრობდა, სამომავლოდ, ხელისუფლების მიერ ჯილდოზე, რომელიც გულისხმობდა პოლიციელების მიერ, სამართალდამცავების მიერ თავიანთი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებას. საუბარია, რომ პოლიციას ხალხზე უკანონოდ არ უნდა ეძალადა, ამისთვის მომავალი ხელისუფლება მათ ჯილდოდ აღუთქვამდა გარკვეულ დანაპირებს, ამის შეფუთვა ქრთამის მიცემად თუ შეთავაზებად, იურისტის აზრია, რომ აბსოლუტურად აბსურდულია. ვფიქრობ, რომ უფრო მძიმე მუხლს მოიფიქრებდნენ და შეთხზავდნენ, მაგრამ საფუძველი არ არის. მარტივი გზით წავიდნენ, იციან, რომ სასამართლოც მათ ხელშია, ბრალდებაც, რასაც დაწერენ, ის გავა. ასეთი აბსურდული ბრალდება მოიგონეს და ადამიანი, რომელიც ყველა ეთერში აჟღერებდა, პოლიციელებო, უფლებები არ დაარღვიოთ, ხალხზე არ იძალადოთო, ამისთვის კანონიერი ხელისუფლება დაგაჯილდოებთო, ეს ქრთამის შეთავაზებად შეაფასეს”,- აცხადებს კონდახიშვილი.



