დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა ხუთშაბათს თანამდებობიდან დაითხოვა ქვეყნის ელჩი აშშ-ში, პიტერ მანდელსონი, მსჯავრდებულ სექსუალურ დამნაშავე ჯეფრი ეპშტეინთან კავშირის გამო.
ამერიკელი ფინანსისტი ჯეფრი ეპშტეინი გასამართლებული იყო პროსტიტუციაში არასრულწლოვანთა ჩართვის, მათზე სექსუალური ძალადობისა და ტრეფიკინგის ბრალდებებით. 2019 წელს ის ციხის საკანში მკვდარი ნახეს. ექსპერტიზის დასკვნით, პატიმარმა თავი მოიკლა.
ლეიბორისტული პარტიის წევრი, 71 წლის პოლიტიკოსის ურთიერთობა ეპშტეინთან ხელახალი განხილვის საგანი გახდა მას შემდეგ, რაც ამერიკელმა კონგრესმენებმა გაასაჯაროეს ჯეფრი ეპშტეინისთვის 2003 წელს, 50 წლის იუბილეზე გაგზავნილი წიგნი, რომელსაც სავარაუდოდ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აწერს ხელს. წიგნში სავარაუდოდ ელჩის წერილიც იყო, სადაც ის ეპშტეინს „საუკეთესო მეგობარს“ უწოდებს. შემდეგ მედიაში გამოქვეყნდა დამატებითი ელექტრონული მიმოწერა სადაც მანდელსონი ეპშტეინს ურჩევს, დაიწყოს ბრძოლა პატიმრობიდან ვადამდელი გათავისუფლებისთვის.
თემთა პალატაში გაკეთებულ განცხადებაში, საგარეო საქმეთა მინისტრმა სტივენ დაუტიმ განაცხადა, რომ ელექტრონულმა მიმოწერამ მანდელსონის ეპშტეინთან ურთიერთობის „სიღრმე და მასშტაბი“ „არსებითად განსხვავებულად“ წარმოაჩინა იმისაგან, რაც ცნობილი იყო გასულ წელს ვაშინგტონში მისი ელჩად დანიშვნის დროს.
მანდელსონმა, მიმდინარე წლის თებერვალში, ლეიბორისტების არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ღრმა სინანული გამოთქვა ეპშტეინთან მისი წინა კავშირების გამო და განაცხადა, რომ არაფერი იცოდა მისი კრიმინალური საქმიანობის შესახებ.
ფორუმი
