მომიწია განმარტება, რომ „გავიმარჯვებთ სახელოვნად“ მარო მაყაშვილის სიტყვებია – ცქიტიშვილი

დღეს, 11 სექტემბერს, ე.წ. ფონდების საქმეზე სასამართლოში „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელი ალეკო ცქიტიშვილი გამოჰკითხეს.
როგორც გამოკითხვის დაწყებამდე პროკურორმა ლაშა კოტრიკაძემ განაცხადა, კითხვები აქვთ ალეკო ცქიტიშვილის ორგანიზაციის ანგარიშებთან დაკავშირებით.
„ჩვენ კითხვები გვაქვს მისი ორგანიზაციის ანგარიშებთან დაკავშირებით. აქციების პერიოდში მისი ორგანიზაციის ანგარიშებზე ჩარიცხულია თანხები, მათ შორის თანხები ჩარიცხულია პოლიტიკოსების და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ. მაგალითად, ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირი მის ანგარიშზე რიცხავს თანხებს შემდეგი დანიშნულებით – „სახელოვნად გამარჯვებისთვის“. შესაბამისად, ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაინტერესებს, რა თანხებია, ვისზე უნდა გაემარჯვა და რა იყო დანიშნულება. ასევე, ისიც მონაწილეობდა ამ საპროტესტო აქციებში და გვაინტერესებს მისი როლი, აქვს თუ არა ინფორმაცია, ვინ იყო ორგანიზატორი და რა იყო მათის საერთო მიზანი“,- განაცხადა „პირბადეების საქმის“ პროკურორმა ლაშა კოტრიკაძემ.
გამოკითხვის შემდეგ ალეკო ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება და ამ საქმის ირგვლივ მიმდინარე პროცესები რუსული სცენარის ნაწილია.
„ძირითადად ამ საკითხებს შეეხებოდა: „დონორები ვინ გყავთ?“ „თანხას როგორ რიცხავენ?“, „ჯარიმების თანხას რატომ იხდიდით?“. ძირითადად ამ შეკითხვებზე ვუპასუხე… ჯარიმის გადასახდელად მოქალაქე რომ თანხას რიცხავდა და დანიშნულებაში ჩაწერა „გავიმარჯვებთ სახელოვნად“, ამასთან დაკავშირებით მომიწია განმარტება, რომ ამ სიტყვებში რაიმე კრიმინალის შემცველი არ ყოფილა და მარო მაყაშვილის სიტყვებია… ეს არის ს სცენარით დაწერილი პროცესი და ამ პროცესის შემადგენელი ნაწილია, როგორც გამოძიება, ისე ყოველი სხდომა, ჩვენი დაბარებები, არასამთავრობო ორგანიზაციების გაუქმება არის მიზანი“ – განაცხადა ალეკო ცქიტიშვილმა.
„საბოტაჟის“ შესახებ გამოძიება პროკურატურაში ვატო შაქარაშვილის მოძრაობის, „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადების საფუძველზე დაიწყო. აღნიშნული გამოძიების ფარგლებში მარტში პროკურატურამ რამდენიმე ფონდის ანგარიში დააყადაღა, მათ შორის: ნანუკას ჟორჟოლიანის ფონდი, ფროსფერითი, ფონდი ერთმანეთისთვის 24/7, სირცხვილია, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი.
27 აგვისტოს პროკურატურის მოთხოვნით, 7 არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაედო. ორგანიზაციებისთვის ყადაღის დადება პროკურატურამ „საბოტაჟის“ შესახებ გამოძიების ფარგლებში მოითხოვა. აღნიშნული გამოძიება პროკურატურაში ვატო შაქარაშვილის მოძრაობის მიმართვის საფუძველზე დაიწყო.
· „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“,
· „სამართლიანი სა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“
· „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“,
· „დემოკრატიის მცველების“ ,
· „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“,
· „საფარის“
· „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“.
პროკურატურის განცხადებით, ორგანიზაციებისთვის ყადაღის დადება მოითხოვა, რადგან გაზაფხულის აქციების დროს, მათ აქციის მონაწილეებისთვის სპეციალური აირწინაღები, დამცავი სათვალეები, პირბადეები, სახის დასაფარი ნიღბები, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები შეიძინეს და ასევე, დახმარება გაუწიეს დაჯარიმებულ ადამიანებს ჯარიმის გადახდაში და დაკავებულ პირებსა და მათ ოჯახებს.
პროსამთავრობო ტელეკომპანია „იმედმა“ შესყიდვის დოკუმენტები გამოაქვეყნა იმის “დასტურად”, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც ანგარიშები დაუყადაღეს, „ძალადობრივ აქციებს ორგანიზებას და დაფინანსებას“ უწევდნენ.
27 აგვისტოს „იმედმა“ 5 არასამთავრობო ორგანიზაციის შესყიდვების დოკუმენტაცია გამოაქვეყნა. არასამთავრობო ორგანიზაციებზე სიუჟეტის ავტორის, სოფო ბერიძის განცხადებით, დოკუმენტები „ქრონიკამ“ ექსკლუზიურად მოიპოვა“. საუბარია: „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“, „დემოკრატიის მცველების“, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ და „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ შესყიდვებზე.
„იმედის“ ინფორმაციის თანახმად, ამ 5 ორგანიზაციამ აქციების დროს პირბადეებზე, რესპირატორებზე და სხვა დამცავ საშუალებებზე ჯამში, სულ დაახლოებით, 7 500 ლარი დახარჯა.
28 აგვისტოს „იმედმა“ „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) წინააღმდეგ არსებული „მტკიცებულებებიც“ გამოაქვეყნა. „იმედის“ გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, ISFED-მა 2024 წლის 1 მაისს 18 რესპირატორის და 20 დამცავი სათვალე შეიძინა, რაშიც 1200 ლარზე მეტი გადაიხადა.
· “საბოტაჟი” 7500 ლარით? – “იმედმა” ყადაღადადებული ორგანიზაციების შესყიდვების დოკუმენტი გამოაქვეყნა