შალვა პაპუაშვილი გერმანიის ელჩზე – ბატონი პეტერის ქცევა აზიანებს თავად გერმანიას და ნაკლებად აზიანებს საქართველოს – სამწუხაროა, რომ მის ხელში რთულია ვისაუბროთ ქართულ-გერმანული ურთიერთობების გამოსწორებაზე

სამწუხაროა, რომ ბატონი პეტერის [ფიშერი] ხელში რთულია ვისაუბროთ ქართულ- გერმანული ურთიერთობების გამოსწორებაზე. მან შეძლო, რომ სამ წელიწადში, ფაქტობრივად, დაანგრია 30 წლის განმავლობაში ჩამოყალიბებული საუკეთესო პარტნიორობა საქართველოსა და გერმანიას შორის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველოში გერმანიის სრულუფლებიან ელჩთან პეტერ ფიშერთან დაკავშირებით განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, პეტერ ფიშერის ქმედებები ყველაზე მეტად სწორედ გერმანიას აზიანებს.
„საქმე ის არის, რომ ბატონი პეტერის [ფიშერი] ამგვარი ქცევა აზიანებს თავად გერმანიას, ეს ნაკლებად აზიანებს საქართველოს, აზიანებს გერმანიას. სამწუხაროა, რომ ბატონი პეტერის ხელში რთულია ვისაუბროთ ჩვენ ქართულ- გერმანული ურთიერთობების გამოსწორებაზე. მან შეძლო, რომ სამ წელიწადში, ფაქტობრივად, დაანგრია 30 წლის განმავლობაში ჩამოყალიბებული საუკეთესო პარტნიორობა საქართველოსა და გერმანიას შორის. თქვენ იცით, რომ ქართველ ხალხს აქვს განსაკუთრებული პატივისცემა გერმანიის სახელმწიფოს მიმართ, მათ შორის, ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის პერიოდში, იმ პერსონალური კავშირების გამო, რომელიც მაშინდელ ხელისუფლებებს შორის არსებობდა და ბევრი სხვა გარემოების გამო. სამ წელიწადში ამ ადამიანმა მოახერხა, რომ დაიყვანა ყველაზე დაბალ ნიშნულამდე ქართულ-გერმანული ურთიერთობები,“- განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც პარლამენტის სპიკერმა აღნიშნა, თუ პეტერ ფიშერს აწუხებს ბრალდებები, რომლებიც ეხება მისი მხრიდან ექსტრემისტების მხარდაჭერას, გამოსავალი მარტივია- ექსტრემისტებს არ უნდა დაუჭიროს მხარი.
„რაც შეეხება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივნის განცხადებას, ამაზე, თუ საჭიროდ ჩათვლის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანი უპასუხებს. რაც შეეხება ბატონ პეტერს, რომელსაც, როგორც ჩანს, აწუხებს ის ბრალდებები, რომლებიც ეხება მისი მხრიდან ექსტრემისტების მხარდაჭერას, თუკი მას ეს ბრალდებები აწუხებს, გამოსავალი არის ძალიან მარტივი, ბატონმა პეტერმა ექსტრემისტებს არ უნდა დაუჭიროს მხარი. ეს ყველაფერი ჩვენს თვალწინ ხდება, მე შეგახსენებთ, რომ არსებობს ექსტრემისტული ჯგუფი, რომელიც მიუვარდა საქართველოს პარლამენტის წევრს, ქართველი ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტის წევრს, მცირეწლოვან ბავშვთან ერთად და თავს დაესხა მარიამ ლაშხს, მათ შორის თავს დაესხა ფაშისტური შეძახილებით. ამ ადამიანებს, ამის შემდეგ, ბატონი პეტერი შეხვდა თავისთან საელჩოში, გამოუცხადა მხარდაჭერა და თქვა, რომ ესენი არიან საქართველოს მომავალი, რომ საქართველოს მომავალი კარგ ხელშია მათი სახით. ამ შეხვედრიდან მეორე დღეს, იგივე ჯგუფი თავს დაესხა „ქართული ოცნების“ თბილისის შტაბს, იქაც პოლიტიკური ძალადობით, ფაშისტური შეძახილებით. ასე რომ, თუკი ბატონ პეტერს სურს, რომ არ იყოს მის მიმართ ბრალდებები ექსტრემისტების მხარდაჭერასთან დაკავშირებით, ის ისევე საჯაროდ უნდა გაემიჯნოს ამ ექსტრემისტულ ჯგუფს, როგორ საჯაროდაც მხარი დაუჭირა მათ იმით, რომ მიიღო საელჩოში და საჯარო განცხადებით დაუჭირა მხარი.“- განაცხადა პაპუაშვილმა.