ყველაზე სახალისო ჩემთვის ის იყო, რომ ჯარიმის გადასახდელად მოქალაქე რომ თანხას რიცხავდა და დანიშნულებაში ჩაწერა: „გავიმარჯვებთ სახელოვნად“, ამაზე მომიწია განმარტება, რომ ამ სიტყვებში რაიმე კრიმინალის შემცველი არ ყოფილა, – ამის შესახებ „ადამიანს უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელმა ალეკო ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს სასამართლოში განუცხადა, სადაც ე.წ. საბოტაჟის მცდელობის საქმეზე, მოწმის სახით, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა.
როგორც მან გამოკითხვის დასრულების შემდგომ აღნიშნა, ე.წ. საბოტაჟის მცდელობის საქმეზე დაწყებული გამოძიება მთლიანად იმისთვისაა, რომ შეასრულოს „რუსული რეჟიმის დავალება“.
„მოლოდინი მქონდა, რომ შეკითხვები იქნებოდა თბილისის „ადამიანის უფლებათა სახლის“ საქმიანობაზე და ამავე დროს, აღმოჩნდა,რომ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ საქმიანობაც აინტერესებდათ. ეს მოლოდინი იმიტომ მქონდა, რომ მოგეხსენებათ, 29 აპრილს გაჩხრიკეს ჩემი სახლი და ასევე პირადად ცემი ჩხრეკაც ჩაატარეს და რაღაცნაირად მომზადებული ვიყავი იმ მიმართულებით, რომ კითხვებს „ადამიანის უფლებათა სახლის“ პროექტებთან დაკავშირებით დასვამდნენ. ეს შეკითხვები სიახლე არ არის, მას ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდისტები ატრიალებენ, როგორც მედიაში, ისე საჯარო გამოსვლებში. „თანხას როგორ რიცხავენ“, „ჯარიმების თანხას რატომ იხდიდით“- ძირითადად ამ შეკითხვებზე ვუპასუხე. შესაბამისად, რაიმე ახალი კითხვა არ დასმულა. ყველაზე სახალისო ჩემთვის ის იყო, რომ თურმე ჯარიმის გადასახდელად მოქალაქე რომ თანხას რიცხავდა და დანიშნულებაში ჩაწერა „გავიმარჯვებთ სახელოვნად“, ამასთან დაკავშირებით მომიწია განმარტება,რომ ამ სიტყვებში კრიმინალის შემცველი რამე არ ყოფილა და მარო მაყაშვილის სიტყვებია, რომ მართლაც, როგორც იმ დროს იყო ბრძოლა რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ, ახლაც რუსული რეჟიმის წინააღმდეგ მიმდინარეობს ბრძოლა და მართლაც გავიმარჯვებთ სახელოვნად.
რა თქმა უნდა, ეს გამოძიება მთლიანად იმისთვისა, რომ შეასრულოს რუსული რეჟიმის დავალება, ეს არის რუსეთის სცენარით დაწერილი პროცესი და ამ პროცესის შემადგენელი ნაწილია, როგორც გამოძიება,ისე ყოველი სხდომა, ჩვენი დაბარება, არასამთავრობო ორგანიზაციების გაუქმება არის მიზანი. ვხედავთ, რომ პოლიტიკური ოპოზიციური პარტიებიც უქმდება. სუფთა ბელორუსის და რუსეთის სცენარით მიმდინარეობს ეს პროცესი. ჩვენ აქ ყველაფერს უნდა ველოდოთ, როგორც რეჟიმისგან, ისე მათი მსახურებისგან,“ – განაცხადა ალეკო ცქიტიშვილმა.
ცნობისთვის, 27 აგვისტოს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც აღნიშნული იყო, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ (ა)იპ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” , ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის”, ა(ა)იპ „დემოკრატიის მცველების” , ა(ა)იპ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” , ა(ა)იპ „საფარის” , ა(ა)იპ „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ საბანკო ანგარიშებზე ყადაღების დადების თაობაზე პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე საქართველოს პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებას. მოგვიანებით, საქართველოს პროკურატურამ ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელები მოწმის სახით გამოკითხვაზე დაიბარა.




