სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებზე საუბრისას მთავრობის წევრებთან პარლამენტში ვაშინგტონში დეკლარაციის ხელმოწერასა და სამშვიდობო ხელშეკრულების პარაფირებაზე ისაუბრა.
მირზოიანის თქმით, მშვიდობის დამყარება ხანგრძლივი პროცესია, რომელიც საჭიროებს ყურადღებას, სიფრთხილეს და თანმიმდევრულობას.
„დღეს ჩვენ აზერბაიჯანთან ვმუშაობთ ბლოკადის მოხსნაზე, საზღვრის დელიმიტაციის პროცესში შესაძლოა სიახლეები იყოს,“ – თქვა მირზოიანმა და დაამატა, რომ აგრძელებენ განხილვებს ამერიკელ პარტნიორებთანაც, კერძოდ ერთობლივ სარკინიგზო და სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.
მისივე განმარტებით, ჰუმანიტარული საკითხების გადაწყვეტა კვლავ პრიორიტეტია: ტყვეების და მძევლების გათავისუფლება, ასევე უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ბედი.
როგორც მინისტრი ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ პრობლემები სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის შემდეგაც გაგრძელდება, ესკალაციისა და ცხელი კონფლიქტის გაჩენის რისკები ამჟამად მინიმიზებულია.
8 აგვისტოს ვაშინგტონში, თეთრ სახლში, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მედიაციითა და მონაწილეობით, სომხეთმა და აზერბაიჯანმა სამშვიდობო დეკლარაცია მიიღეს, რომელმაც უნდა დაასრულოს მრავალწლიანი კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. გარდა ამისა, შეთანხმების შესაბამისად, აშშ მიიღებს ექსკლუზიურ უფლებას 99 წლით სამხრეთ კავკასიაში სტრატეგიული სატრანზიტო დერეფნის განვითარებისათვის.
