გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო „კატეგორიულად უარყოფს და გმობს შალვა პაპუაშვილის უსაფუძვლო ბრალდებებს“.
„ვწუხვართ, რომ დეზინფორმაციისა და დამაზიანებელი ნარატივის გავრცელებით, იგი ზიანს აყენებს გერმანია-საქართველოს ურთიერთობებს. ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების აგრესიულ რიტორიკას გერმანიის ელჩის მიმართ“, — ნათქვამია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
გერმანიის საგარეო საქმეთა შეახსენებს, რომ გერმანიის ელჩი თბილისში წარმოადგენს ფედერალური მთავრობის პოზიციას.
„გერმანია კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის პოზიციების და პოლიტიკის შესახებ ცრუ ნარატივების გავრცელება და შეცვალოს თავისი მიმდინარე პოლიტიკური კურსი“, — ნათქვამია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე მუდმივად ადანაშაულებს გერმანიის ელჩს ვენის კონვენციის დარღვევასა და „ექსტრემისტების“ მხარდაჭერაში.
პეტერ ფიშერმა დღეს დაწერა, რომ როგორც ელჩს გერმანიის მთავრობის სრული მხარდაჭერა აქვს.
„რა თქმა უნდა, გერმანია უარყოფს პოლიტიკურ ძალადობას. ეს საჯაროდ განვაცხადე საქართველოში. საპირისპიროს მტკიცება არასწორია, არ არის სიმართლე”, — განაცხადა ფიშერმა.
შალვა პაპუაშვილმა საპასუხოდ დაწერა, რომ მაშინ, როდესაც გერმანიის ელჩი ამ პოსტს წერდა, ზუსტად ის ადამიანები, რომლებსაც ის რამდენიმე დღით ადრე შეხვდა და მხარდაჭერა გამოუცხადა, „ქართული ოცნების“ თბილისის საარჩევნო შტაბს „ფაშისტური ყიჟინით თავს ესხმოდნენ“.
„მას ეს პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა არ დაუგმია და არც ამ ექსტრემისტული ჯგუფის მხარდაჭერა გაუხმია უკან. ამიტომ, ელჩის მხრიდან, საპირისპიროს მტკიცება არასწორია, არ არის სიმართლე. აკრედიტებული დიპლომატის მიერ, მასპინძელ ქვეყანაში, ექსტრემისტული ჯგუფების მხარდაჭერა ვენის კონვენციის 41-ე მუხლის უხეში დარღვევაა“, — განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
