“ადრე გვეგონა, ქართული დემოკრატია ჩვენამდეც მოვიდოდა“ – აზერბაიჯანელი აქტივისტი

ინტერვიუ ცნობილ აზერბაიჯანელ აქტივისტთან გულნარა მეჰდიევასთან, რომელიც საუბრობს აზერბაიჯანში ადამიანის უფლებათა კატასტროფულ მდგომარეობაზე, რეჟიმის შიშზე განსხვავებული აზრის მიმართ, ანტი-LGBTQ რიტორიკის გამოყენებაზე პოლიტიკური პატიმრების დისკრედიტაციისთვის და საქართველოსა და აზერბაიჯანში დემოკრატიის მდგომარეობის პარალელებზე.
უცხოელი დამკვირვებლებისთვის ალიევი დღეს საერთაშორისო არენაზე საკუთარ პოზიტიურ იმიჯზე ზრუნავს და დასავლეთის ლიდერებთან საკმაოდ პარტნიორულ ურთიერთობებს ინარჩუნებს. თქვენი აზრით, ეს ყველაფერი როგორ თავსდება იმ ადამიანის უფლებათა კრიზისთან და რეპრესიებთან, რასაც აზერბაიჯანში ვაკვირდებით?
აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების ამჟამინდელი მდგომარეობა სწორედ დასავლეთთან ამ „კეთილი, პარტნიორული ურთიერთობების“ შედეგია. ვფიქრობ, დასავლეთს ისევ შეუძლია გავლენა მოახდინოს, სულ მცირე, ცალკეული პოლიტპატიმრების ბედზე, მაგრამ ამის გაკეთებას არ ცდილობს კომერციული სარგებლის ფონზე.
თქვენ უკვე დიდი ხანია აზერბაიჯანში აქტივისტი ხართ, როგორ შეაფასებდით ადამიანის უფლებების სფეროში არსებულ ტენდენციებს?

ვიტყოდი, რომ აზერბაიჯანში აღარაფერი დარჩა, რაც თუნდაც ოდნავ შეიძლება ადამიანის უფლებებად იწოდოს. ყველაფერი ის, რაც ადრე წარმოუდგენლად ითვლებოდა, ახლა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა: დაპატიმრება მხოლოდ იმიტომ რომ კამერით ხელში ხარ. საბედისწეროა აქ ცხოვრება მათთვის, მათთვის, ვინც კანონდარღვევებზე ალაპარაკდება. პოლიცია ყველა მხრიდან ქრთამს იღებს, ჯანდაცვისა და განათლების სისტემა გაუარესებულია.
განსხვავებული აზრის გამო რეპრესიები, როგორც წესი, შიშის ნიშანია. რატომ ეშინია რეჟიმს ასე ძალიან?
უკანონო რეჟიმებს ყოველთვის ეშინიათ მათი, ვინც მათ საყრდენს შეარყევს.
როგორც აზერბაიჯანელმა ხალხმა, ისე ალიევმაც კარგად იცის, ვინ და როგორ მოვიდა ხელისუფლებაში. ალიევი მუდამ ოცნებობდა ამგვარ რეპრესიებზე და მმართველობის წლებში ისწავლა, როგორ გამოეყენებინა გეოპოლიტიკური მოვლენები თავის სასარგებლოდ.
მან ყველა დამოუკიდებელი ინიციატივა დახურა, რომელიც პოტენციურად აზროვნების თავისუფლების მქონე, კრიტიკული, განათლებული ახალგაზრდების მომზადებას შეუწყობდა ხელს, ოპოზიციის სტაგნაციას ჯერ კიდევ 5-10 წლის წინ მიაღწია. ამით ის თავისთვის და თავისი ოჯახისთვის მარადიულ მმართველობას იძენს.
მაგალითად, საქართველოში ბოლო წლებში ანტი-LGBTQ რიტორიკა ხელისუფლების ანტიდემოკრატიული კურსის ერთ-ერთ მთავარ ნაწილად იქცა. რა მდგომარეობაა ამ მხრივ აზერბაიჯანში, რამდენად იყენებს ხელისუფლება ამ თემას საკუთარი ინტერესებისთვის?
2023 წლის შემოდგომიდან მთავრობამ დაიწყო მასშტაბური დევნა და ყველა დაპატიმრებასა და რეპრესიას თან ახლდა პროპაგანდისტული მასალები პროსამთავრობო მედიაში.
პრაქტიკულად ყველა ასეთ მასალაში ერთად იხსენიებოდა LGBTQ+, რათა პოლიტპატიმრები დისკრედიტებულიყვნენ. საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოსახდენად მთავრობა პოლიტპატიმრების სახელებს ახსენებდა LGBTQ+ უფლებების დაცვის კონტექსტში, რადგან ჩვენი ბევრი დაკავებული მეგობარი სწორედ მარგინალიზებული ჯგუფების უფლებების მიმართ იყო მგრძნობიარე და იცავდა მათ.
სწორედ ახლა ვმუშაობ სტატიაზე, რომელიც ამ ტენდენციას იკვლევს. მთავრობის რიტორიკაში LGBTQ+ მუდმივად ხსენება როგორც „დასავლეთის ახირება“ და USAID-ის გავლენა.
რამდენიმე წლის წინ სამხრეთ კავკასიის რეგიონში, განსაკუთრებით აზერბაიჯანთან შედარებით, საქართველო დემოკრატიუდ ქვეყნად მიიჩნეოდა, რასაც ადასტურებდა აზერბაიჯანული რეჟიმის მიერ დევნილების საქართველოში საცხოვრებლად გადმოსვლაც. როგორ გამოიყურება თქვენთვის საქართველო დღეს?

აზერბაიჯანში ბევრი ფიქრობდა, რომ რადგან ჩვენ მეზობლები ვართ, ქართული დემოკრატია ჩვენთანაც „გადმოვიდოდა“ და მალე ჩვენი ქვეყნის მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვლებოდა.
საქართველო ჩვენთვის უსაფრთხო კუნძული იყო, სადაც შეიძლებოდა თავისუფლად გეცხოვრა და არ გეშინოდა. ახლა კი ვხედავ, როგორ იყენებს ივანიშვილი ჩვენი მთავრობის მეთოდებს: ადამიანების სხვა ქვეყნიდან მოტაცებასა და დაპატიმრებას, მიტინგების მონაწილეთა დასჯას, დამოუკიდებელი ორგანიზაციების ოფისების დახურვას, დამოუკიდებელი მედიების დაფინანსების ხელის შეშლას. ეს ყველაფერი ძალიან ნაცნობია და ძალიან მტკივნეული.

ბოლო ხანს წავიკითხე სტატია, სადაც საქართველოს ოპოზიცია იმედს გამოთქვამდა, რომ აზერბაიჯანისა და სომხეთის სგან დაშორება და დასავლეთის მედიაციით სამშვიდობო შეთანხმების დადება კარგი ნიშანია საქართველოსთვის; რომ, თუ კავკასიის სხვა ქვეყნები უარს ამბობენ პუტინის ჩარევაზე, ეს შეიძლება დადებითად აისახოს საქართველოზეც. ვიფიქრე, რა ირონიაა!
ადრე ჩვენ, აზერბაიჯანელები ვიმედოვნებდით, რომ საქართველო დადებითად იმოქმედებდა აზერბაიჯანში დემოკრატიაზე, ახლა კი ქართველები ამყარებენ რაღაც იმედს ჩვენზე.