„წლის მეორე ნახევარში ყოველთვის იზრდება მოთხოვნა და საერთაშორისო ბაზრებზე ფასი მატულობს“, – ამის შესახებ „ზარაფხანას“ აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე სამხარაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასმა ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. თბილისის დროით 11:00 საათზე 1 უნციას ფასმა 3 645 დოლარსაც მიაღწია.
Gold Prices-ის მონაცემებით, მხოლოდ ერთი დღის ჭრილში ოქრო 0.27%-ით გაძვირდა, ხოლო გასული ერთი თვის განმავლობაში ფასი 8.7%-იან მატებას აჩვენებს. ამასთანავე, წლიურად ოქროს ფასი 44%-ით არის გაზრდილი. თორნიკე სამხარაძის თქმით, ამ პერიოდში არ უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ ოქრო გაიაფდება, რადგან ყველა მნიშვნელოვანი ფაქტორი ძვირფასი ლითონის გაძვირების წინაპირობას ქმნის. მეტიც, მისი თქმით, დეკემბრიდან ოქროს ფასის მეტად ზრდაა მოსალოდნელი.
„წლის მეორე ნახევარში ყოველთვის იზრდება მოთხოვნა და საერთაშორისო ბაზრებზე ფასი მატულობს. ამ პერიოდში არ უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ ოქრო გაიაფდება, რადგან ყველა ასპექტი ქმნის წინაპირობას, რომ ოქროს ფასი მინიმუმ არ შემცირდეს.
რა თქმა უნდა, ყოფილა შემთხვევები, როცა მძლავრი ეკონომიკური მოვლენა მოხდა მსოფლიოში, რის შედეგადაც ოქროს ფასი შემცირდა საგრძნობლად, მაგალითად მნიშვნელოვანი ომის დასრულება, ეკონომიკური სავაჭრო კავშირების გაბმა მნიშვნელოვან სახელმწიფოთა შორის, რაც ასტაბილურებს ფასებს.
ასეთი მოვლენების ფონზე ინვესტორებს სტაბილურობის განცდა უჩნდებათ ხოლმე. თუ მსგავსი მოლოდინები არ არის მსოფლიო ბირჟებზე, ოქროს ფასის მინიმუმ ვარდნის მოლოდინი არ უნდა გვქონდეს. შექმნილ ვითარებაში ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ოქროს ფასი დეკემბერში კიდევ უფრო გაიზრდება“, – განაცხადა თორნიკე სამხარაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას.
