ზარქუა კალაძის შტაბთან ძალადობის ფაქტებზე: სად ნახეთ ქალები? ქალები კი არა, ქაჯები იდგნენ იქ

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა მ მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან განვითარებულ დაპირისპირებას პროვოკაცია უწოდა. მისი თქმით, აქციაზე „ქალები კი არა, პროვოკატორი ქაჯები იდგნენ, რომლებიც იწყევლებიან და იგინებიან“.
“გუშინ, რაც ვიხილეთ, არის იმის დემონსტრირება, რასაც ჩვენ ბოლო პერიოდში ვამბობთ, რომ ეს უსამშობლოები და მათი დამფინანსებლები სექტემბრიდან სიტუაციის გამწვავებას ელოდებიან. მერამდენე დღეა დგანან მმართველი პარტიის საარჩევნო უბანთან უსამშობლოების მიერ დაქირავებული ახალგაზრდები – ქალი, კაცი – არ აქვს მნიშვნელობა, ლანძღავენ და შეურაცხყოფას აყენებენ უშვერი სიტყვებით. რუსთაველზე 15-20 კაცი რომ იკრიბება, ვინმე ხელს უშლის? მმართველი პარტიის ოფისთან მოვიდნენ, ლანძღავენ, იგინებიან და ბოლო-ბოლო მოხდა ის რაც მოხდა – რაც უნდოდათ. ეს იყო პროვოკაცია უსამშობლოების მხრიდან”, – განაცხადა ზარქუამ.
ზარქუას განცხადებით, „უსამშობლოების მიერ დაქირავებული ახალგაზრდები“ შტაბთან შეგნებულად მივიდნენ დაძაბულობის გასამწვავებლად, ხოლო მომხდარი „პროვოკაციაზე პასუხი“ იყო. დეპუტატმა დასავლელი დიპლომატები ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულა და საელჩოებს რეაგირებისკენ მოუწოდა.
შეგახსენებთ, 8 სექტემბერს შტაბთან ფიზიკური დაპირისპირებისას აქციის ათზე მეტი მონაწილე დაშავდა, მათ შორის ჟურნალისტებიც. ოპოზიციის თქმით, ისინი „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წევრებმა სცემეს.