ციხეში თადარიგის პოლკოვნიკის სიკვდილზე, თავდაცვის სამინისტრო დუმს

თავდაცვის სამინისტრო ამ დრომდე უკომენტაროდ ტოვებს, ოპოზიციური პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ მძიმე ბრალდებას, გლდანის ციხეში, ს ომის ვეტერანის, 57 წლის თადარიგის პოლკოვნიკის სერგო თეთრაძის სიკვდილთან დაკავშირებით.
„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა, გაეროში საქართველოს ყოფილმა ელჩმა ირაკლი ალასანიამ თავდაცვის სამინისტროსთან გამართული სპეციალურ ბრიფინგზე პირდაპირ განაცხადა, რომ თეთრაძე მოკლეს.
არაოფიციალური ინფორმაციით, თეთრაძე საკუთარ დაბადების დღეზე, 17 სექტემბერს, თბილისში, მისსავე სახლში, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, „ჯაშუშობის“ ბრალდებით დააკავეს. ირაკლი ალასანია ამბობს, რომ ეს დაკავება უკანონო იყო, რადგან თეთრაძე 2007 წლიდან აღარ ირიცხებოდა შეიარაღებულ ძალებში. ამავე დროს, თეთრაძეების ბინა მოწმეების გარეშე გაჩხრიკეს.
ცნობილია, რომ თეთრაძემ ბრალი არ აღიარა, 24 სექტემბერს კი ოჯახს აცნობეს, რომ თადარიგის პოლკოვნიკი გლდანის ციხეში გულის შეტევით დაიღუპა. ალასანიამ თეთრაძის სიკვდილში თავდაცვის მინისტრ ბაჩო ახალაიას და მის „მარჯვენა ხელს“ მეგის ქარდავას დასდო ბრალი.
„დღეს საქართველოში საქმე გვაქვს “შპიონომანიასთან” და ამას შეეწირა ომის ვეტერანი სერგო თეთრაძე. თეთრაძის გვამს აშკარად ეტყობოდა დაზიანებების შენიღბვის მცდელობა, ჩვენ საქმე გვაქვს პატიმრის მკვლელობასთან“ – აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.
„თავისუფალი დემოკრატების“ ინფორმაციით, თეთრაძეების ოჯახი, დაქვრივებული მეუღლე და არასრულწლოვანი შვილი დაშინებულები არიან და მედიასთან ურთიერთობას გაურბიან.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შედეგები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მეზობლების თქმით, როდესაც თეთრაძის ცხედარი ბინაში მოასვენეს, აღმოჩნდა, რომ გვამს სახეზე გაკეთებული ჰქონდა მაკიაჟი, რათა, სავარაუდო ცემის კვალი დაეფარათ.
„მეზობლებისგან ვიცით, რომ მეუღლემ გარდაცვალებამდე დაინახა სერგო თეთრაძე, ერთ-ერთ სასამართლო სხდომაზე და ისე იყო ნაცემი რომ ძლივს იცნო. მეუღლისგან ვიცით, რომ ჩხრეკის დროს ამოიღეს, ე.წ „ფლეშკა“, რომელიც სერგო თეთრაძეს არ ეკუთნოდა. როგორც ყველა ასეთ საქმეს გრიფი საიდუმლო ადევს, შესაბამისად არ ვიცით რას ედავებოდნენ თეთრაძეს და რა ვითარებაში დაიღუპა იგი. ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ იგი მოკლეს“ – ამბობს „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი .
თავდაცვის სამინისტრომ და სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა თადარიგის პოლკოვნიკის სერგო თეთრაძის სიკვდილთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთეს. არც ის არის ცნობილი, რა საქმეზე იყო დაკავებული სერგო თეთრაძე და არიან თუ არა ამ საქმეზე დაკავებული სხვა პირებიც.
“მიუხედავად იმისა, რომ თავდაცვის სამინისტროში ბევრი ღირსეული ადამიანი მუშაობს, ამ უწყებას ჯალათების ჯგუფი ხელმძღვანელობს. ჩვენ არასოდეს შევეგუებით ამ ძალადობას და კანონით მინიჭებულ უფლებებს გამოვიყენებთ მოძალადეთა პასუხისგებაში მისაცემად” – ასე დაასრულა ბრიფინგი თავდაცვის უწყებასთან ირაკლი ალასანიამ. “თავისუფალი დემოკრატები” თეთრაძის სიკვდილის სწრაფ და ობიექტურ გამოძიებას მოითხოვენ

ასევე დაგაინტერესებთ