მას შემდეგ, რაც საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა, ევრობასკეტზე ლიდერი საფრანგეთი დაამარცხა, კალათბურთელების მიმართ ინტერესი და სიყვარული კიდევ უფრო გაიზარდა. სპორტსმენებმა თავდაუზოგავად იბრძოლეს, რომ სასურველი შედეგი მიეღოთ.
გამარჯვების შემდეგ, ნაკრების კაპიტნის, თორნიკე შენგელიას მეუღლემ, სალომე ჯუღელმა ემოციური მიმართვა გაავრცელა. მან მის წერილში ისაუბრა იმ ერთ წელზე, თუ როგორ უწევდა ვარჯიში თორნიკეს და იმ ტრავმებზე, რაც გადაიტანა, თუმცა ნაკრებისთვის, მას არაფერი დაუკლია.
“მინდა ვთქვა რამდენიმე სიტყვა პროფესიონალიზმზე და სიყვარულზე – სამშობლოს , ოჯახის და კალათბურთისადმი. ის, რაც შენ ამ ერთ წელში გააკეთე, ნამდვილად გმირობის ტოლფასია.
მთელი სეზონი არანორმალური რეჟიმით ჩაატარე – კვირაში სამი თამაში, მაგრამ მაინც უმაღლეს დონეზე. რა თქმა უნდა, იყო აღმართი და დაღმართი, მაგრამ ყოველთვის პროფესიონალი იყავი, ყოველთვის იქ , სადაც საჭირო იყავი. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენთან სრულფასოვანი დროის გატარებაც კი არასდროს დაგიკლია.
ერთი მატჩის მერე მეორე. სამი თამაში ოთხ დღეში – სამ სხვადასხვა ქვეყანაში… ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ შენ უპირობოდ და წარმოუდგენლად გიყვარს შენი სამშობლო – საქართველო და ქართველი ხალხი.
ყველამ იცის, რა პერიოდი გადაიტანე – სისხლმდენი წყლულის გახეთქვა, გამოწვეული ფიზიკური სტრესით და იმ წამლებით, რასაც მხოლოდ ტკივილის გასაყუჩებლად სვამდი… და მაინც ყოველთვის იქ სადაც საჭირო იყავი, შენი ქვეყნის და ნაკრების გვერდით.
ფენომენალური პლეიოფები იტალიურ ლიგაში, თუნდაც მაშინ, როცა დარტყმის შემდეგ ტვინის შერყევა დაგემართა, მაინც ითამაშე, იმიტომ რომ გუნდი შენზე იყო დამოკიდებული. გუნდს გამარჯვება მოუტანე და მოიპოვე MVP-ის ტიტული იტალიის ჩემპიონატში.
დასვენების და აღდგენის დრო საერთოდ არ გქონდა, მაგრამ მაინც მზად იყავი ნაკრებისთვის. და, რა თქმა უნდა, ისევ მთელი გულით, 100%-ით. ამ დროს მოხდა – გულის პრობლემა, თამაშის დროს და გადაუდებელი ოპერაცია – კათეტერით აბლაცია.
ექიმებმა მკაფიოდ თქვეს „არა“ – მინიმუმ პირველ სამ თამაშში მონაწილეობა არ შეიძლებოდა. მაგრამ არასოდეს დამავიწყდება შენი კითხვა ოპერაციიდან ეგრევე:„თუ ვითამაშებ რა იქნება?“ – იმ წამს გული გამიჩერდა. დარწმუნებული ვიყავი რომ მანდ უკვე გადაწყვეტილი გქონდა თამაში, ვერაფერი გითხარი, იმიტომ რომ ზუსტად ვიცოდი – შენს აზრს ვერაფერი შეგაცვლევინებდა.
მეფიქრებოდა: ნეტა იცოდნენ ქართველებმა, რამდენს ნიშნავს ნაკრები შენთვის, რამხელა სიყვარული გაქვს, რამდენად შეგიძლია თავდადება. EuroBasket-ზე ითამაშე მაშინ, როცა საერთოდ არ უნდა გეთამაშა, ჯერ კიდევ, მაშინ, როცა ფორმაში არ იყავი, მაგრამ სულით და გულით, ნამდვილად თავდაუზოგავად. მიუხედავად კრიტიკისა და ცუდი კომენტარებისა, მე ზუსტად ვიცოდი, რას გრძნობდი, როგორი თავდადება და მოტივაცია გქონდა. დიდ უსამართლობად მიმაჩნია ცუდი კომენტარები შენს მიმართ, ჯანსაღი კრიტიკა ყოველთვის მისაღებია, ლანძღვა ნამდვილად დაუმსახურებელია, შენს და მთელი ნაკრების მიმართ!
მაგრამ დღეს შენ შეუძლებელი გააკეთე, შეუძლებელი შეძელით მთელმა გუნდმა, ჩვენმა საამაყო ნაკრებმა!!!
სიტყვებიც არ მყოფნის, მხოლოდ ერთი შემიძლია ვთქვა: შენ ხარ ჩემი გმირი.
შენ მხოლოდ კალათბურთელი ან MVP არ ხარ – შენ ხარ დიდი ქართველი კაცი, დიდი გულით. კაცი, რომელსაც უყვარს ღმერთი, სამშობლო, ოჯახი და კალათბურთი. კაცი, რომელმაც შექმნა ისტორია, იმით რისი კეთებაც უყვარს!
შენ ხარ ჩემი სიყვარული და შენით უსაზღვროდ ვამაყობ.
და ეს მხოლოდ ერთი წელია, რაც ახლა მოვყევი. თუ წარსულ წლებზეც ვიტყვი – წიგნი გამოვა!
მიყვარხარ.
ვამაყობ საქართველოს საკალათბურთო ნაკრებით! ” – წერს თორნიკე შენგელიას მეუღლე, სალომე ჯუღელი.
თორნიკე შენგელიას მეუღლე მოდელი სალომე ჯუღელია. წყვილი 2013 წელს დაოჯახდა და მალევე ამერიკაში გადავიდნენ საცხოვრებლად. სალომე ზაზა ფაჩულიას დეიდაშვილია. აღსანიშნავია, რომ 2013 წელს სალომეს ფოტოები ჟურნალ Vogue-ის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. სალომე ფრანგი სტილისტის, ლაურენტ ფილიპონის ვარცხნილობით პოზირებდა.
თორნიკე მომავალ მეუღლეს ზაზა ფაჩულიას შვილის ნათლობაში შეხვდა და როგორც მოგვიანებით თიკა ალავიძე-ფაჩულიამ გაამხილა, კალათბურთელი მოდელით პირველივე დანახვისთანავე მოიხიბლა და გოგონას შესახებ ყველაფერი მისი დეიდაშვილისგან გაიგო. ურთიერთობა სოციალური ქსელით გაგრძელდა და მალე იქორწინეს. წყვილს 3 ვაჟი ჰყავს.
“თორნიკე ძალიან ყურადღებიანია, ფანტასტიკური მამაა. ბავშვები გიჟდებიან, ისე უყვართ. როგორც მეუღლე, თბილია და მხიარული. მოედანზე რომ ჩანს, ისეთი სერიოზული არ არის”, – ამბობს თორნიკეს მეუღლე.
