ვაჟა ბერიძე – საით, ღვთისმშობლის წილხვედრო ქვეყანავ? არსაით?

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე “ინტერპრესნიუსი“ პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძე ესაუბრა.

– ბატონო ვაჟათვითმმართველობის ადგილობრივ არჩევნებამდე დიდი დრო არაა დარჩენილი.

მოახლოებული ს თავისებურებებზე გვინდა გესაუბროთ. მას შემდეგ, რაც ქვეყანამ დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა, ბევრი არჩევნები გვახსოვს, ბევრი უცნაურობაც, დაპირისპირებიც, ხმაურიც, მაგრამ, არც ერთი არ ყოფილა იმის მსგავსიც კი, რასაც ახლა ვადევნებთთვალს.

ოპოზიციური სპექტრი რომ სრულად იღებდეს მონაწილეობას, ალბათ მეტ-ნაკლებად სრულყოფილი პოლიტიკურ პროცესის მსგავსი რამ გვექნებოდა. მაგრამ, ის, რასაც კარგა ხანია ვადევნებთ თვალს, პოლიტიკური პროცესს აშკარად არ ჰგავს. თუ მმართველ გუნდს დემოკრატიული ადგილობრივი არჩევნების ჩატარება უნდოდა, როგორც მინიმუმ, ოპოზიციის ლიდერები ციხეში არ უნდა გაეშვა საპარლამენტო კომისიაზე მიუსვლელობის გამო.

არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, როცა ში პარტიების მიერ სიების შეტანის შესაძლებლობა დასრულებული იყო და მხოლოდ „ლელოს“ ლიდერების გამოშვებამ ოპოზიციაში დიდი განხეთქილება გამოიწვია. ალბათ, მათი გამოშვების ერთ-ერთი მიზანიც ეგ იყო. მხოლოდ ამის შემდეგ ეუთო/ოდირის მოწვევაც უცნაურად გამოიყურება.

რჩება შთაბეჭდილება, რომ „ქართულ ოცნებას“ სწორედ 4-ვე ოპოზიციური პარტიის მონაწილეობა არ უნდოდა და ყველაფერი გააკეთა იმისთვის რომ ასეც მომხდარიყო. მიუხედავად იმისა, რომ ბოიკოტის იდეა არარეალიზებადად გამოიყურება, რადგან არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ საჯარო სექტორში დასაქმებულებმა რომ მიიღონ, ეგეც საკმარისი იქნება.

თქვენ როგორ აღიქვით ოპოზიციის ნაწილის ციხიდან გამოშვება, ხოლო მეორე ნაწილის დატოვება?

თქვენ როგორ შეაფასებდით იმ ვითარებას, რა უცნაური თავისებურებებითაც ხვდება ქვეყანა მოახლოებულ არჩევნებს?

– ცხადია, ადგილობრივი თვითმმართველობა დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი ნაწილია და ნებისმიერ პოლიტიკურ სისტემაში პირდაპირი დემოკრატიის ქმედითი მექანიზმია. კლასიკური დასავლური დემოკრატიის ქვეყნებშიც ასეა და დემოკრატიისა და ავტორიტარიზმის სიმბიოზის მატარებელ საზოგადოებებშიც.

მოქალაქე აქ გრძნობს, აქვს თუ არა მის ხმას კონკრეტული ფასი და შეუძლია თუ არა ზემოქმედება მის გარშემო უშუალოდ არსებულ არასახარბიელო ვითარებაზე. ჩვენთან, რა თქმა უნდა, ასეთი ქმედითობა არ არსებობს, ისე როგორც უკუკავშირი ხელისუფლებასა და მოქალაქეს შორის.

თუმცა, ეს ამჯერად, ჩვენს ქვეყანაში, აქტუალური ნაკლებადაა. „დიდ სურათში“ უფრო მნიშვნელოვანი, საგულისხმო და გასარკვევია, რა უნდა დღეს ქართველ ხალხს, საქართველოს მოსახლეობას, ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს და მის უმრავლესობას. სამწუხაროდ, ის რაც ბოლო 35 წლის განმავლობაში გასაგები და გარკვეული გვეგონა, დღეს ბუნდოვანია.

შესაბამისად, აი, ამ მთავარის გარკვევაა აუცილებელი. მანამდე, არაფერი დაგვრჩენია, გარდა იმისა, შევძახოთ – QUO VADIS – საით ღვთისმშობლის წილხვედრო ქვეყანავ? – არსაით? ეს შეძახილი, სამწუხაროდ, სულაც არ არის რიტორიკული.

ამ დღეებში, ერთ-ერთმა გამოცდილმა პოლიტიკოსმა, რომელიც ბოლო დროს გააქტიურდა საინფორმაციო სივრცეში, განაცხადა, რომ კონსტიტუციიდან უნდა ამოვიღოთ იმპერატიული მუხლი, რომელიც ევროკავშირსა და ნატოში გაერთიანებას ქვეყნის უმთავრეს კანონში აფიქსირებს, როგორც მიზანს. ბოლო პერიოდში, ხელისუფლების წარმომადგენლებიდან და მისი მხარდამჭერი ანალიტიკოსებისგანაც ისმის მსგავსი მოსაზრებები და მოწოდებები.

შესაბამისად, იქმნება საგულისხმო ვითარება, რაც გამოიხატება სავარაუდო გარდუვალ შედეგში, საზოგადოებრივი აზრის სათანადო შემზადების მერე, კონსტიტუციიდან ამ მუხლის ამოღების თაობაზე. და როცა სიტუაცია მომწიფდება, შესაბამისი გზაც მოიძებნება, ამ გადაწყვეტილების საკანონმდებლო უზრუნველყოფისთვის.

და მაშინ, რა? – ეს ხომ იქნება ჩვენს ევრო-ატლანტიკურ საგარეო პოლიტიკურ ვექტორზე უარის თქმა, რომელიც ტექტონურ ცვლილებებს გამოიწვევს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში.

ვთქვათ და არაფერი გამოიწვია. გავაგრძელეთ ჰიპოტეტური და ჩემი აზრით, არარეალური ნეიტრალიტეტის მშენებლობა ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო არენაზე, ხოლო ტრამპმა დასავლეთი ვერ „მოაქცია“ და ეს ურთიერთობები საბოლოოდ გაფუჭდა.

რას ნიშნავდეს იქნებ, ეს ახალი რეალობა?

დავფიქრდეთ ამაზე.

მე, როგორც ჩემი ქვეყნის ერთი გულშემატკივარი, ამ პრობლემას გამოვყოფდი. – რა ბედი ელის ს და სამაჩაბლოს („სამხრეთ ოსეთი“) არაღიარების პოლიტიკას? თუ ჩვენ რუსეთთან „დალაგების“ კონტექსტში დავაპირეთ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რაც არანაირად არ არის გამორიცხული და დასავლეთმა მოინდომა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აფხაზების და ოსების სეპარატისტული მისწრაფებების სათავისოდ გამოყენება?

არ მივალთ აქამდე? – ღმერთმა ქნას!

ამიტომ უნდა გასცეს პასუხი საქართველოს პოლიტიკურმა კლასმა ხელახლა და ხელმეორედ კითხვას – საით? – ნეიტრალიტეტი? და ვინ უზრუნველყოფს საქართველოს უსაფრთხოებას? – ჩვენ თავად? – გვაქვს ამისი რესურსი, – ეკონომიკა, შეიარაღება, თავდაცვითი სისტემები, მათ შორის, სამოქალაქო თავდაცვის სისტემა, ახალი ტექნოლოგიები და ა.შ…

ვთქვათ და რუსეთთან „დავლაგდით“ და პუტინმა მოინდომა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რა თქმა უნდა, თავისი ინტერესებიდან გამომდინარე. შეძლებს კი ის ამას სამხრეთ კავკასიის ახალი გეოპოლიტიკის და ჩრდილოეთ კავკასიური და სხვა შიდა პრობლემების არსებობის პირობებში? ვერა! რომც შეძლოს, რა იქნება ამისი საფასური, – ქვეყნის ფედერალიზაცია? – თუ უფრო მეტი? – კონფედერაციული მოწყობა და მერე ევრაზიულ კავშირში გაერთიანება.

ამ ხედვასაც აქვს არსებობის უფლება, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ დასავლეთმა ჩვენთან სტრატეგიული პარტნიორობისა და ჩვენი მფარველობის მიუხედავად, ბევრს ვერაფერს მიაღწია ვერც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და ვერც ეკონომიკის განვითარების მიმართულებით.

ახლა, თქვენი მოცულობითი შეკითხვის სხვა არსებით კომპონენტებზე.

არჩევნები აუცილებელია ჩატარდეს სამართლიან და კონკურენტულ ატმოსფეროში და ისევ გავიმეორებ ჩემს პრინციპულ პოზიციას – პარლამენტის ბოიკოტი ოპოზიციის მიერ, იყო შეცდომა; ხელისუფლების დამხობის რევოლუციური სცენარი იყო დამაზიანებელი ქვეყნისთვის და ოპოზიციისთვის, რადგან შესაბამისი რესურსი და განწყობა ქვეყანაში არ არსებობდა, ეს კი ადეკვატურად უნდა შეაფასონ პოლიტიკოსებმა – ესაა მათი ფუნქცია და დანიშნულება.

ოპოზიციის ლიდერები ციხეში უნდა გაეშვა, თუ მათი საპარლამენტო კომისიაზე მიუსვლელობა მოქმედი კანონმდებლობით ამას ითვალისწინებს. თუ სხვანაირ მიდგომებზე გადავალთ, ჩვენ კი არა, მომავალი თაობებიც ქუჩაში უშედეგოდ იწანწალებენ.

არა მარტო „ლელოს“ ლიდერები, მე ვურჩევდი ხელისუფლებას, აქციების დროს დაკავებული ყველა მოქალაქე გამოუშვას, მიუხედავად იმისა, რომ ეს აქციები არ იყო მშვიდობიანი, – ნუ შევაყრით ნაცარს თვალებში საზოგადოებას და სამართლებრივი გადაცდომაც ბევრი იყო, მაგრამ ასეთი ჰუმანური აქტი სერიოზული ნაბიჯი იქნებოდა პოლიტიკური პროცესის რეანიმირებისა და საზოგადოებრივი თანხმობის გზაზე.

თუ დღეს ხელისუფლებას ამისი ნება არ ჰყოფნის, იმედი მაქვს, არჩევნების შემდეგ მაინც, თუ მშვიდობა იქნა, სწორედ ასე მოიქცევა.

– პრემიერმა ირაკლი მ მთავრობის სხდომაზე ნარკოდანაშაულთან ბრძოლის საკმაოდ შთამბეჭდავი სტატისტიკა მოიყვანა. ამ თემაზე საუბრიდან, დარჩა შთაბეჭდილება, რომ ნარკოდანაშაულთან კავშირში იყვნენ „გუნდიდან გაგდებულები“. მას არ დაუკონკრეტებია ვისზეა საუბარი, რადგან „ქართული ოცნების“ გუნდიდან საკმაოდ ბევრი იქნა გაშვებული.

მოარული ხმებით, ნარკობიზნესში მონაწილეობაზე ბრალი თითქოს ედებოდა აჭარის ავტონომიის ყოფილ ხელმძღვანელს თორნიკე რიჟვაძეს. ასეც რომ იყოს, ის ამას შს მინისტრისა და პრემიერის, ანუ ს გარეშე ვერ გააკეთებდა.

რაღაც ხდება მმართველ გუნდში, მაგრამ რა, ჯერ არ ჩანს. თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა ნარკოდანაშაულთან ბრძოლის კონტექსტში პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებამ?

– პრემიერის განცხადება იყო ლოგიკური და რეალური ნაბიჯების ამსახველი ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმძიმესი პრობლემის – ნარკოტიკებისა და ნარკომანიის პრობლემასთან მიმართებაში. ძალიან მძიმე და სავალალო სენია. თუმცა, ჩვენი ქვეყანა ამ მხრივ, არ არის გამონაკლისი, გარშემო ყველა ქვეყანაში უმძიმესი ვითარებაა, საქართველო ნაკოტრეფიკის არეალშია და შესაბამისად, ამ უბედურებასთან ბრძოლა აუცილებელია.

არ მიმაჩნია, რომ ან ლიბერალური ნარკოპოლიტიკა, ან მისი საპირწონე – დრაკონული კანონმდებლობა და ქმედებები გამოსავალია. ამას მსოფლიო პრაქტიკაც აჩვენებს. აქაც სხვა ქვეყნებთან ერთად, სასურველი იქნებოდა, გაეროს ფარგლებში, ძალისხმევის გაერთიანება.

რახან ასეთი კითხვა დამისვით, გეტყვით, რომ პირადად მე უფრო მაინტერესებს, რა ხედვა აქვს შეერთებულ შტატებს ნარკოტრეფიკთან ბრძოლის კუთხით, როგორაა ეს თემა ავღანეთში „თალიბების“ მოსვლისა და მათთან ურთიერთობის კონტექსტში. საინტერესოა, ისევ განიხილავენ თუ არა ჩვენს ქვეყანას, როგორც ნარკოტრეფიკის ერთ-ერთი მოქმედი მარშრუტის ნაწილს.

წინა კითხვაში, ჩემი აზრით, მნიშვნელოვან საკითხს შევეხე და შეძახილიც მოვაყოლე – QUO VADIS – საით, საით მიდის ჩვენი ქვეყანა. და ეს არ იყო რიტორიკული და ლამაზი სიტყვის მასალად მოხმობილი შეძახილი.

ჩვენი ქვეყანა ურთულეს მდგომარეობაშია, მიუხედავად იმისა, რომ მშვიდობა შევინარჩუნეთ და ამის მჯერა, ეკონომიკა იზრდება და ესეც აბსოლუტურად რეალურია, ინფლაციაც კონტროლქვეშაა და ბევრი მიმართულებით დაისახა პოზიტიური ტენდენციები, მაგრამ ბევრი თვალსაზრისით, კატასტროფის წინაშე ვდგავართ და ერთ-ერთი ასეთია, როგორც ნარკოტიკების მოხმარების დონე, ისე ქვეყნის დეპოპულაციის ტემპი და უმძიმესი დემოგრაფიული პერსპექტივა, იმიგრაციის სერიოზული საფრთხე.

და ამ დროს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკური კურსი მკვეთრად იცვლება. ეს კი სახიფათოა.

როცა პრემიერი საუბრობდა იმის თაობაზე, თუ რატომ დაემატა გამარტივებულ სავიზო რეჟიმს 17 ქვეყანა (ბანგლადეში – 162 მლნ მოსახლეობა; – 240 მლნ; ინდონეზია – 284 მლნ. ამას მიუმატეთ ჯამში სამი მილიარდი ჩინეთი და ინდოეთი), ეს აიხსნა, მათ შორის, იაფ მუშახელზე ეკონომიკის მოთხოვნის ზრდით.

საზოგადოების მწვავე რეაქციის შემდეგ ხელისუფლებამ ოპერატიულად ირეაგირა და აი ჩვენ ყოველდღე გვიცხადებენ, ქვეყანაში უკანონოდ მყოფი 20-30, ზოგჯერ კი 40 პირის გაძევების შესახებაც კი.

მაგრამ, ეს პრობლემას ვერ გადაჭრის. იმ დროს, როცა ამერიკის აღმოჩენით დაწყებული „ხალხთა დიდი გადასახლება“ (ადრინდელმა, რომის იმპერიის დროინდელი სამყაროს ეთნიკური რუკა შეცვალა) კიდევ უფრო მასშტაბური ხდება, როცა ეს პრობლემა მწვავდება საფრანგეთში,ბრიტანეთში, გერმანიაში და სხვაგან, ჩვენ უნდა გვქონდეს უფრო მკაფიო და საგნობრივი პოლიტიკა ამ მიმართულებით.

მუშახელიც შემოვა, ინვესტიციებიც და მას სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც შემოყვებიან და ჩვენ აუცილებელია, გამოვიყენოთ ჩვენი სუვერენიტეტი გონივრული და თვითკმარი პოლიტიკის შესამუშავებლად ამ მიმართებით. ვითარების უკონტროლოდ დატოვების პირობებში ან სამოქალქო მშვიდობა და თანხმობა დაირღვევა, ან მემარჯვენე ექსტრემისტები გამოვლენ არენაზე, რომელთა შეკავება იოლი არ იქნება.

რაც შეეხება მოარულ ხმებს რიჟვაძისა და ღარიბაშვილის ნარკობიზნესში მონაწილეობაზე, მე არც მსმენია და არც მჯერა, მიუხედავად იმისა, რომ ბრძენი რომაელის სენტენციას – Haud semper errat fama – ყოველთვის როდია ჭორი ტყუილი, ვეთანხმები, მაგრამ ჩვენი ქვეყანა ხომ ბანტუსტანი არ არის, – თუ ვინმემ იცის, რომ ისეთი მაღალი თანამდებობის პირს, როგორიც თორნიკე რიჟვაძე იყო, რაიმე კავშირი აქვს ნარკობისზნესთან, ინფორმაცია უნდა გადასცეს შესაბამის სტრუქტურებს და დაიწყოს გამოძიება. სხვანაირად ცივილიზებულ სამყაროში არ იქცევინ.

მე არ მჯერა, რომ თორნიკე რიჟვაძე, ან ირაკლი ღარიბაშვილი რაიმე მიმართებაში არიან ნარკობიზნესთან. და საერთოდ, არც ასეთი ზოგადი საუბარი შეიძლება და არც, აქ უკვე მე დავეყრდნობი მოარულ ხმებს, შუამავლების მიგზავნა სავარაუდო კორუფციონერებთან და იქედან „ფულის ამოღების“ მცდელობა, რათა ის კეთილშობილურ და კარგ საქმეებში ჩაიდოს. ასე სიცოცხლისუნარიანი სახელმწიფო არ აშენდება და ჩვენი სუვერენიტეტიც დაემცრობა.

 მნიშვნელობა არ აქვს არჩევნებისადმი აქტიური ბოიკოტის მიმართ ვის რა დამოკიდებულება აქვსრადგანბოიკოტის მომხრეებს არგუმენტები ბოიკოტისათვის ნამდვილად აქვთ.

იგულისხმება ქვეყნის ევროპული გზის მხარდამჭერი მოქალაქეებს თავისუფლების აღკვეთა, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთანაც კი გაუარესებული დემოკრატიულ გარემო, გაუარესუბულია საარჩევნო კანონმდებლობა, ცესკო-ს შემადგენლობა პრაქტიკულად ერთპარტიულია, ლამის მთელი აქტიური არასამთავრობო სექტორი და პოლიტიკური პარტიები ხელისუფლების მხრიდან შევიწროების რეჟიმში არიან და ასე შემდეგ.

მიუხედავად ყოველივე ამისა, ფაქტია, რომ ბოიკოტის იდეა არარეალიზებადად გამოიყურება, ასეა თუნდაც იმიტომ, რომ არჩევნებში მხოლოდ საჯარო სექტორში დასაქმებულებმა რომ მიიღონ მონაწილეობა, ეგეც საკმარისია.

ბევრის შეფასებით, ბოიკოტის გზა, გზაა ავტორიტარიზმისკენ, ბევრი შემფასებელი უფრო შორსაც მიდის, რადგან, ოპოზიციური სპექტრის ნაწილი „მშვიდობიან რევოლუციას“ აანონსებს.

არადა, „მშვიდობიანი რევოლუციისთვის“ რეალური არც წინაპირობები არსებობს და არც მათი რეალიზების შესაძლებლობა. ასე, მიუხედავად იმისა, რომ დღეის მდგომარეობით საქართველოს როგორც ევროპასთან, ისე ამერიკასთან აქვს გაუარესებული ურთიერთობები და საგარეო პოლიტიკური კურსის მნიშვნელოვნად შეცვლაზეც კი საუბრობს ბევრი.

ბოიკოტის მხარდაჭერებს დაანონსებული აქვთ „მშვიდობიანი“ რევოლუცია. მათი მტკიცებით, ხელისუფლებას ბევრი სიურპრიზი ელის. თქვენი მოლოდინი „მშვიდობიანი რევოლუციისა“ და ბოიკოტში მყოფი ოპოზიციური სპექტრის მიერ გაცხადებულ გეგმებზე, სავარაუდოდ, როგორია?

– ქართველებს გვიყვარს ოქსიმორონი – „მზიანი ღამე“, „დუმილი რეკავს“, „იისფერი თოვლი“… თუმცა, რაც სიტყვაკაზმული მწერლობისთვის მიგნებაა და მრავალმნიშვნელოვანი სიტყვათქმა, პოლიტიკისთვის შეიძლება ნონსენსი აღმოჩნდეს.

ასეთთა რიგს ეკუთვნის „მშვიდობიანი რევოლუცია“…

იმ ვითარებაში, როცა ხელისუფლება და მისი ძალოვანი სტრუქტურები ძლიერია, საზოგადოებაში საპროტესტო მუხლი – სუსტი, არც მაჰათმა განდი ჰყავს ოპოზიციურ ფლანგს და არც ვაცლავ ჰაველი, იდეით, ნებელობითი თვისებებით და პირადი მაგალითით რომ შთააგონოს საზოგადოება. უფრო მეტიც, ამ ქვეყანაში ევროპული პერსპექტივა ბევრს უნდა, მაგრამ ქუჩაში არ გამოდიან, რადგან ოპოზიციის ლიდერების მიმართ არ აქვთ რესპექსი, ნდობა და მიმღებლობა.

ავტორიტარიზმი ბოიკოტის შედეგი არ არის. „ოცნების“ ავტორიტარიზმი ჯერ არ არსებობს. ხელისუფლება მხოლოდ ძალოვან უწყებებს ეყრდნობა და აბსოლუტურად სწორად არ რაზმავს თავის მომხრეებს, რათა არ შეიქმნას სამოქალაქო დაპირისპირების წინაპირობა. და ესეც სწორია.

მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ თუ პოლიტიკური პროცესი არ განახლდა, საზოგადოების უმრავლესობა თავად მოითხოვს ავტორიტარული რეჟიმის დამყარებას. შესაძლოა, გარკვეულწილად, ამან პოლიციური სახელმწიფოს ფორმაც შეიძინოს.

საქართველოში შეიარაღებული ძალები, არმია, არასდროს ყოფილა გამოყენებული და არც უნდა იქნას, ამა თუ იმ ხელისუფლების დასაცავად, ან მოწინააღმდეგეების დასათრგუნად.

იყო ასეთი მომენტი, ჩვენი ქვეყნის ახალ ისტორიაში, როცა „მხედრიონი“ და არაფორმალური გაერთიანებები, რომელთა დიდმა ნაწილმაც ვაჟკაცურად იომა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, უკვე საზოგადოებრივ წესრიგს შეუქმნა საფრთხე. მაშინ, ქართულმა საზოგადოებამ, იმხანად ტერორიზებული შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის გაძლიერება და პოლიციის როლის გაზრდა მოითხოვა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში.

 უსაფრთხოების საკითხების სპეციალისტი ანდრო გოცირიძე თვლის რომ „ხელისუფლების დაკარგვის შიშით „ქართულმა ოცნებამ“ პროდასავლური კურსი შეცვალაორიენტაცია დათმოდემოკრატიას ძირი გამოუთხარა და რუსული ტიპის სახელმწიფოს მშენებლობას შეუდგა“.

ევროპასთან და ამერიკასთან ურთიერთოებები რომ მნიშვნელოვნად გაუარესებული გვაქვს, იქედანაც ჩანს, რომ -ს პრეზიდენტ ტრამპისადმი მიწერილ წერილზე პასუხი არც პრემიერ ს და არც პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილს არ მიუღია. ევროკომისიისადმი გაგზავნილ ვრცელ წერილზე რომ ევროკავშირის სათაო ოფისში დიდი გამოხმაურება არ ყოფილა, ჩანს.

აშშ-სა და ევროპელებისადმი ასეთი გზავნილები – „მზად ვართ თანამშრომლობისთვის“, „დავსხდეთ ვისაუბროთ“, რომ პრაქტიკულად უპასუხოდ რჩება, ვხედავთ.

ყველაფერი ეს ხდება იმის ფონზე, როცა ხელისუფლება მკაფიოდ ანტიევროპულ, ანტიდასავლურ განცხადებებს აკეთებს. აგრძელებს მტკიცებას, რომ ევროპა და ამერიკა რუსეთთან ომში გვითრევდა, ევროპა ერთსქესიანთა ქორწილების დაკანონებას მოითხოვს. არადა, ბრიუსელის მარალჩინოსნები ამბობენ, რომ ამის მსგავსი მოთხოვნა ბრიუსელს არ აქვს. ცოტა ხნის წინ, „გაირკვა“ რომ თურმე აშშ-ს პრეზიდენტი ტრამპიც დიფ სტეითი ყოფილა.

ეს ყველაფერი ხდება არჩევნების წინ. კითხვას მოახლოებული არჩევნების კონტექსტში დავსვამ – თქვენი აზრით „ქართული ოცნების“ ამომრჩეველთა უმრავლესობის საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია, სავარაუდოდ, როგორია?

– „ქართული ოცნების“ ამომრჩეველთა უმრავლესობის საგარეო-პოლიტიკური ორიენტაცია, ისე როგორც ნებისმიერი გონიერი, საქმეში ჩახედული და პატრიოტი ადამიანის, პროევროპული და პროდასავლურია.

შესაძლოა, მიმდინარე უმწვავესი პოლიტიკური ბატალიების ფონზე, უამრავი კრიტიკაც ისმის დასავლეთის, ევროკავშირის წარმომადგენლების მიმართულებით, მაგრამ ეს, ჩემი აზრით, მხოლოდ პოლიტიკური კონიუნქტურის ნაწილია და არა უმრავლესობის მიერ განვითარების კურსის შეფასება. ევროპამ და დასავლეთმა შექმნა კეთილდღეობის, სოციალური დაცულობისა და ადამიანის უფლებების უმაღლესი სტანდარტი და ამას ვერც ერთი ჭკუათმყოფელი ვერ უარყოფს.

არის ბევრი რამ საქართველოს მოსახლეობისთვის მიუღებელი, მენტალურად შეუთავსებელი, ჩვენი რეგიონული ლიდერობისთვის არასახარბიელო და დამაზიანებელი მომენტი. მათი მიღება, საქართველოს, ქართულ საზოგადოებას, არ შეუძლია და არც არის მისაღები.

ამიტომ, ჩვენ ვართ ევროპა, არხე და საწყისი ევროპული ცივილიზაციის, თუ საერთოდ ცივილიზაციის არა და ჩვენ უნდა ვიყოთ ევროპასთან და ევროპა ჩვენთან. მაგრამ ეს ევროკავშირის წარმომადგენლებმაც უნდა გააცნობიერონ. ჩვენ არ შევდივართ ევროპაში როგორც კოლონია და „ცალ ფეხზე მდგომის“ მენტალური მიუღებლობა გვაქვს, რომელიც არასდროს შეიცვლება.

ევროპა და ეროვნული ფასეულობები ერთად, ერთმანეთის შეუბღალავად და დიქტატის გარეშე, უმრავლესობისთვის თავსებადი და მხარდასაჭერი მოცემულობა იყო, არის და იქნება.

რაც შეეხება „მეორე ფრონტის“ გახსნას და რუსეთთან ომში ჩათრევას, განცხადებები გაკეთდა და ისინი პრინციპულად არავის უარუყვია. რატომ? მოდით ვიყოთ გულახდილები – ასეთი განცხადებები შესაბამისი მტკიცებულებების არსებობის (თუნდაც ვიდეო ან აუდიო მაინც ჩანაწერების) გარეშე არ კეთდება…

არ ვისაუბრებ „დიფ სთეითზე“. ამის თაობაზე მე და თქვენ ერთ-ერთ წინა ინტერვიუში სპეციალურად და ვრცლად ვილაპარაკეთ. შევაფასეთ როგორც ამერიკული, დასავლური „დიფ სთეითი“, ისე ქართული.

ბუნებრივია, ის რასაც ტრამპი და მისი გუნდი „დიფ სთეითად“ მოიხსენიებს, რეალურია და ამის საწინააღმდეგო აშშ-შიც ბევრი არაფერი აქვთ, ანუ ეთანხმებიან. ეს ჩვენი ოპოზიცია არ ეთანხმება მის არსებობას და დასავლური მეთოდოლოგიის მომარჯვებით მისი მარგინალიზებისა და უარყოფის მეშვეობით ებრძვიან.

ებრძვიან ტერმინს, ცნებას. აღარაფერს ვიტყვი ქართულ „დიფ სთეითზე“, რომელიც არსებობდა და არსებობს და როცა ვისაუბრეთ და რაც ვისაუბრეთ, არავინ შეგვკამათებია.

– რადგან „ლელო“ და გახარიას „საქართველოსთვის“ 4 ოქტომბრის არჩვნებში იღებენ მონაწილოებას, საინტერესო იქნება, მათ ამომრჩეველზეც ვიმსჯელოთ.

ბოიკოტში მყოფი პარტიები -„ნაცმოძრაობა,“ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ და სხვები, ანუ პარტიები, რომლებიც ე.წ. 8-ში არიან გაერთიანებული, აგრძლებენ არჩევნებში მონაწილეობის გამო „ლელოსა“ და გახარიას „საქართველოსთვის“ ლიდერების კრიტიკას. მათი მტკიცებით, ეს პარტიები ამ არჩევნებში მონაწილეობით „რუსულ სპეცოპერაციაში იღებენ მონაწილეობას.“ უკეთეს შემთხვევაში ამბობენ, რომ „მათთთან ყველაფერი გარკვეულია და მათ მიმართ კარგი არაფერი აქვთ სათქმელი“.

ბოიკოტში მყოფების დამოკიდებულება მათ მიმართ, ვინც არჩევნებში იღებს მონაწილოებას, გასაგებია. ძნელი სათქმელია, შეძლებს თუ არა ეს ორი პარტია 2024 წლის არჩევნების შედეგის გამეორებას, ამას 4 ოქტომბრის არჩევნები გვიჩვენებს.

სავარაუდოდ, როგორი შეიძლება იყოს „ლელოსა“ და გახარიას „საქართველოსთვის“ ამომრჩევლის საგარეო და საშინაო ორიენტირები?

– რა თქმა უნდა, ხაზარაძე და გახარია „რუსულ სპეცოპერაციაში“ მონაწილეობენ და ეს მხოლოდ მათი ერთი სპეცოპერაციაა მრავალთაგან. უფრო მნისშვნელოვანი და შეუდარებლად ფასეული იყო რუსეთის სპეცსამსახურების მიერ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად დონალდ ტრამპის გაყვანა.

რუსული სპეცოპერაციაა პუტინის მიერ ს შერისხვა, რათა შეთქმულების თანახმად მან დასავლეთის და თურქეთის ხრიკები ჩაშალოს სამხრეთ კავკასიაში… ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით. იმედია, მომიტევებთ.

კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, რუსულობის სახელდებისა ამა თუ იმ მოსაზრებაზე, მოვლენაზე, ადამიანზე და ა.შ. თუ, ვთქვათ, ხაბეიშვილმა, ბოკერიამ, ან გახარიამ გამოთქვეს აზრი, რომელიც ადრე სადღაც თქვა პუტინმა, ლავროვმა, ან კრემლის პროპაგანდისტმა სალავიოვმა, ისინი, მათი ოპონენტებისთვის, პრორუსები არიან. იგივე ვრცელდება და უფრო მეტადაც „ოცნების“ ლიდერებზე და ა.შ.

ლიბერალური მედიის და პროპაგანდის ეს კლიშე მოძველდა. ლავროვი, მაგალითად, საკმაოდ განათლებული ადამიანია და რაღაც, პოლიტიკის რომელიმე თემაზე, შეიძლება თქვას, რასაც მე ან თქვენ ვიტყოდით და ჩვენ უკვე პრორუსებად და შესაძლოა, რუსებადაც კი მოგვიხსენიებენ. ასეთი მიდგომით ისინი ვერც მომხრეებს გაიმრავლებენ და ვერც მათი მიმღებლობის მქონე ადამიანთა რიგებს გაზრდიან.

„ლელოსა“ და გახარიას საშინაო და საგარეო ორიენტირები, რაც მათ მიერ დღემდეა გასაჯაროებული, ცალსახად პროდასავლურია და ნაკლებად ითვალისწინებს, როგორც რეგიონის ახალ გეოსტრატეგიას, ისე საერთაშორისო კონიუნქტურას და აკლია პრაგმატიზმი, განსაკუთრებით რუსული, თურქული, ირანული და ჩინური ფაქტორების გააზრების პროცესში. მარტო დასავლეთი-დასავლეთის და ანაკლია-ანაკლიის ძახილით ისინი ამომრჩევლის უმრავლესობას ვერ მიიღებენ.

– სამწუხაროა, მაგრამ, ფაქტია, რომ იმ ფონზე, რა ვითარებაშიც უნდა ჩატარდეს არჩევნები, ხელს შეუწყობს ისედაც პოლარიზებული საზოგადოების კიდევ უფრო პოლარიზაციას.

საზოგადოებაშო პოლარიზაციის გაღმავებისთვის მმართველმა გუნდმა ბევრი გააკეთა და ოპოზიციამაც. თუ ასე დავსვამთ კითხვას, ამ თვალსაზრისით ვინ მეტი „გააკეთა“, პასუხიც ზედაპირზე დევს – მმართველმა გუნდმა. ასეა იმიტომ, რომ ამისთვის ფინანსური რესურსები „ქართულ ოცნებას“ მეტი ჰქონდა.

შედეგიც სახეზეა – საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი სახელისუფლებო პროპაგანდის სამეტყველო და პოლიტიკური გზავნილებით საუბრობს. მათ სჯერათ, რომ მსოფლიოს დიფ სთეიტი მართავს, ახლა უკვე ტრამპიც დიფ სთეითი ყოფილა. რომ „ევროკავშირი მალე დაიშლება,“ რომ „რუსული სამყარო“, რომელიც ში უკრაინელებს ებრძვის, გაცილებით უკეთესია, ვიდრე ევროპული ცივილიზაცია. არადა, საუბარია იმ ქვეყანაზე, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20% ოკუპირებული აქვს.

მმართველი გუნდი აცხადებს, რომ „ნაცმოძრაობა“ ანუ „აგენტები“ და „უსამშობლოები“ პოლიტიკური არენაზე არ უნდა იყვნენ. „ნაცმოძრაობის“ ასაკრძალად მმართველი გუნდი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. ცალკე სასაუბროა პარლამენტის დროებითი კომისიის დასკვნა 2008 წლის ომთან დაკავშირებით. ვხედავთ, რომ ამ დასკვნას მიესალმნენ მოსკოვში, სოხუმსა და ცხინვალში.

თქვენ როგორ შეაფასებდით იმ საფრთხეეებს, რაც საპარლამენტო კომისიის დასკვნას მოჰყვა რუსეთში, აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში?

რა საფრთხეების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ქვეყანა ამ არჩევნების შემდეგ როგორც საშინაო პოლიტიკაში, ისე საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით?

– საფრთხეები შეიძლება სულ მალე ეგზისტენციური აღმოჩნდეს, რადგან როგორც უკვე ვთქით, შესაძლოა კითხვები დაისვას იმის თაობაზე, თუ საით მიდის ქვეყანა, რაა მისი მიზანი, თუ დასავლეთთან ურთიერთობები გართულდება, ან შეჩერდება.

სახელისუფლო ძალას მხოლოდ ასეთი ალტერნატივა აქვს – ნეიტრალიტეტი. თუმცა, მე არ მომისმენია, შეფასებები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ გაამართლა ნეიტრალიტეტმა 1918-21 წლებში, როცა მის დეკლარირებას 1921 წლის თებერვალი მოყვა. ამ კითხვას პასუხი უნდა გაეცეს.

ხელისუფლებისგანაც, ოპოზიციისგანაც და საზოგადოებისგანაც. ეს უკანასკნელი კი, მოგეხსენებათ, პოლიტიკური კლასის მიერ სრულად იგნორირებულია. არადა, სახეზეა ეგზისტენციური კრიზისი, ისეთი მდგომარეობა, როცა ადამიანი (ერი) ცხოვრების საზრისს, ამ ქვეყნად თავის დანიშნულებას ვეღარ პოულობს, რასაც წინ მნიშვნელოვანი ცვლილებები უძღვის, რომლებიც ძველებურად ცხოვრებას შეუძლებელს ხდის.

ამ კითხვაზეა, უწინარეს ყოვლისა, პასუხი გასაცემი.

და კიდევ ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე, რომლებიც თითქოს მიგვავიწყდა.

საინერესოა, რა იქნა ის 120 000 ყარაბაღელი სომეხი, რომლებიც ყარაბაღზე აზერბაიჯანის სუვერენიტეტის აღდგენის შემდეგ ლტოლვილებად იქცნენ. სავარაუდოდ, მათი უმრავლესობა სომხეთში გადავიდა საცხოვრებლად, ნაწილიც რუსეთში წავიდა, ნაწილიც სხვაგან. არადა, ამის თაობაზე არავინ საუბრობს, არც დასავლეთში, არც ჩრდილოეთში და არც თქვენ წარმოიდგინეთ, სომხეთში ოფიციოზს ვგულისხმობ.

ჩვენ არ დაგვავიწყდეს, რომ ასი ათასობით დევნილი გვყავს აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან. ეს თითქმის ერთი რიგის პრობლემაა, სხვადასხვა კონტექსტით. ემანდ ჩვენი დევნილებიც არ მიავიწყდეთ ვისაც ჯერ არს…

ბევრი საკითხია, რაც ამ ეტაპზე, ოპერატიულად არის გასააზრებელი და საპასუხო. 12 აგვისტოს თურქეთში ვიზიტით ჩასულ მიხეილ ყაველაშვილს, არადა, ამ ვიზიტის დაგეგმვა 12 აგვისტოს, როცა პრემიერი, საზოგადოებასთან ერთად, დიდგორის ომში გამარჯვებას ზეიმობდა, რაც არ მოსწონთ თურქებს, არ იყო პოლიტიკურად გააზრებული და მოქნილი, პრეზიდენტმა ერდოღანმა „თურქი მესხების“ პრობლემა შეახსენა, ეს ძველი და ჩვენს მიერ კარგად დავიწყებული თემა, რომელიც თურქეთის პრეზიდენტს, აღმოჩნდა, რომ კარგად ახსოვს. ეს საკმაოდ მგრძნობიარე თემა იყო, რომლითაც, თავის დროზე, პარლამენტარი, მკვლევარი და საზოგადო მოღვაწე გურამ შარაძე იყო დაკავებული.

საკითხი საერთაშორისო დონეზეც განიხილებოდა და ქვეყანას გარკვეული ვალდებულებებიც აქვს აღებული. ასეთი საკითხების დავიწყება არ შეიძლება და ყველა ხელისუფლებას მის მიმართ საჯარო პოზიცია უნდა ჰქონდეს დაფიქსირებული.

თუნდაც იმიტომ, რომ შევძლოთ ჩვენს პარტნიორებს და მხარდამჭერებს – თურქებს, გავაგებინოთ რა არის პრობლემის არსი. ის მაინც გავაგებინოთ, რომ „თურქი მესხი“ უკიდურესად პირობითი ტერმინია. არსებობენ მესხები და არსებობენ თურქები. ამის შემდეგ კი სხვა კონკრეტულ საკითხებზე უნდა იყოს მსჯელობა.

რა შეიძლება ითქვას პარლამეტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაზე. მასზე ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ არა იმის მიხედვით, მას რუსები და აფხაზები მიესალმნენ თუ არა, არამედ რა არის ნათქვამი სწორად და რა არასწორად ამ დასკვნაში. ვფიქრობ, ფაქტობრივი მხარე, რაც იქ წარმოდგენილია, დიდწილად რეალურია.

მე არ ვიზიარებ პოზიციას, რომ „ნაცმოძრაობა“ და მისგან წარმოშობილი პარტიები უნდა აიკრძალოს. არ მიმაჩნია ეს სწორად და ქვეყნის განვითარებისთვის და მათ შორის პოლიტიკური სისტემისთვის სასარგებლოდ. აკრძალვის მომხრეების პოზიცია ჩემთვის მისაღები არ არის, მაგრამ გასაგებია.

დღეს რომ ქვეყნის განვითარების ევროპული ვექტორი სასწორზე დევს, ეს იმ ყბადაღებული „ცხრაწლიანი მმართველობის“ ბრალია, რომელიც ხასიათდებოდა, დამოუკიდებლობის პერიოდში, არნახული ავტორიტარიზმით და ძალმომრეობით.

ქვეყნის მოდერნიზაციის სწორ კურსს ჩაენაცვლა განუკითხაობა, სუბიექტივიზმი და ადამიანების ბედისადმი სასტიკი დამოკიდებულება. ვერც პოლიტიკური სისტემა ჩამოყალიბდა და ვერც „სინგაპური“ ამ ქვეყანაში, რასაც ქართველმა ხალხმა უთხრა უარი და რის გამოც ხუთწლიანი უწყვეტი საპროტესტო აქციების შედეგად ორი უძლიერესი სუპერ-სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი სააკაშვილის ხელისუფლება მშვიდობიანად შეიცვალა.

ეს ქართველი ხალხის სიბრძნეზე მეტყველებს.

ინტერპრესნიუსი

კობა ბენდელიანი

ასევე დაგაინტერესებთ