სად გაივლის ნატახტარი-ჟინვალის ახალი, 4-ზოლიანი მაგისტრალი – პროექტის დეტალები

მთავრობა ნატახტარი-ჟინვალის საავტომობილო გზის მშენებლობას გეგმავს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გარემოს ეროვნულ სააგენტოს უკვე მიმართა და სკოპინგის ანგარიში დღეს, 8 სექტემბერს წარუდგინა.
როგორც დოკუმენტაციიდან, ირკვევა, აღნიშნული გზის მონაკვეთი იწყება სოფელ წიწამურიდან, ჯამში კვეთს 14 დასახლებულ პუნქტს და სრულდება ჟინვალის ტერიტორიაზე. საუბარია, დაახლოებით 27 კმ-იან მონაკვეთზე.
სად გაივლის ნატახტარი-ჟინვალის ახალი მაგისტრალი
ანგარიშის მიხედვით, ნატახტარი-ჟინავლის მონაკვეთის მშენებლობისთვის სამი ალტერნატილი მარშრუტი განიხილება.

აქედან ერთს სიგრძე 26.7 კმ, მეორის – 27.7 კმ, ხოლო მესამის – 28.8 კმ-ია.
რაც შეეხება პროექტით განსაზღვრულ სხვა დეტალებს, როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ მომზადებული დოკუმენტაციიდან ირკვევა, დაგეგმილია ახალი, 4-ზოლიანი გზის მშენებლობა. მაგისტრალზე დასაშვები სიჩქარე 120 კმ/სთ, ხოლო ზოგიერთ მონაკვეთზე 100 კმ/სთ იქნება.
ამასთან, მაგისტრალის მშენებლობის ფარგლებში, 5 კვანძის, 16 ხიდის და 56 გასასვლელის მოწყობა იგეგმება.
შეგახსენებთ, რომ მთავრობა ჯერ კიდევ 2016 წელს დაანონსა ნატახტარიდან ორი საავტომობილო პროექტის განხორციელების საკითხი. საუბარია, ნატახტარი-ჟინვალისა და ნატახტარი-რუსთავის (თბილისის ახალი შემოვლითი გზის) მშენებლობაზე. მშენებლობის მიზნებისთვის პროექტი ხუთ ლოტად დაიყო: ნატახტარი -ჟინვალი (ლოტი 1), ნატახტარი-რუსთავი (ლოტები 2-5).
რაც შეეხება უშუალოდ თბილისის შემოვლითი გზის (ნატახტარი -რუსთავის გზის) პროექტს, სიგრძე დაახლოებით 51 კილომეტრია. პროექტი სულ 4 ლოტად არის დაყოფილი და სხვადასხვა ტერიტორიებს მოიცავს. კერძოდ:
ნატახტარი (წიწამური)-ავჭალას (ლოტი 2) მონაკვეთი – სიგრძე 6.5 კმ.-ია; პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 4-ზოლიანი საპირისპირო მიმართულების გზის; ასევე ორი კვანძისა და 3.4 კმ. სიგრძის საპირისპირო მიმართულების ორზოლიანი გვირაბის მოწყობა; მშენებლობის ღირებულება – 150 მლნ დოლარია;
ავჭალა-აეროპორტის (ლოტი 3) მონაკვეთი – სიგრძე – 22.5 კმ.-ია; პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 16 ხიდის (გასასვლელების/გზასატარების, საფეხმავლო გადასასვლელების და კვანძის შემადგენლობაში მოსაწყობის ჩათვლით), 4 კვანძის, 4 ახალი გვირაბის მშენებლობა და 4 არსებული გვირაბის ადაპტირება; სავარაუდო მშენებლობის ღირებულება – 300 მლნ დოლარია;
აეროპორტი-ლოჭინის უბნის (ლოტი 4) მონაკვეთი – სიგრძე – 10.9 კმ.ია; პროექტის ფარგლებში დაგეგმილია დაგეგმილია 3 კვანძის მშენებლობა, 16 ხიდის (გასასვლელების/გზასატარების, გადასასვლელების და კვანძის შემადგენლობაში მოსაწყობის ჩათვლით), და 2 საფეხმავლო ხიდის (გეზ-ის და კახეთის გზატკეცილის ზონაში) მოწყობა. დაგეგმილი ხიდებიდან ერთს აქვს უშუალო შეხება მდინარესთან (მდ.ლოჭინის კვეთა).; მშენებლობის ღირებულება – 100 მლნ დოლარია;
ლოჭინი-რუსთავის (ლოტი 5) მონაკვეთი – სიგრძე – 11 კმ.-ია; პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 2 კვანძის მშენებლობა; საავტომობილო გზის დერეფანში გათვალისწინებულია 9 სახიდე გადასასვლელის (6 ხიდი თითო მიმართულებით მთავარ გზაზე და 3 ხიდი მეორად გზაზე და გზაგამტარებზე) მოწყობა; მშენებლობის ღირებულება – 70 მლნ დოლარია.
ცნობისთვის, შემოვლითი გზის სამ პროექტზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება უკვე გაცემულია.
bpn.ge