ლონდონის ჰითროუს აეროპორტის მე-4 ტერმინალის ევაკუაციის შემდეგ პოლიციამ „მავნე ნივთიერების“ კვალი ვერ აღმოაჩინა

ლონდონის ჰითროუს აეროპორტის მე-4 ტერმინალის ევაკუაციის შემდეგ პოლიციამ „მავნე ნივთიერების“ კვალი ვერ აღმოაჩინა, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ლონდონის მეტროპოლიტენის პოლიციის ცნობით, „პოტენციურად სახიფათო ნივთიერებების ინციდენტის“ შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ, სპეციალური დანაყოფები, სახანძრო ბრიგადა და სასწრაფო დახმარების სამსახური ჰითროუს აეროპორტის მე-4 ტერმინალში მივიდა.
ტერმინალის ევაკუაციის შემდეგ პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა, თუმცა აეროპორტის ტერიტორიაზე „მავნე ნივთიერების“ კვალს ვერ მიაგნო.
ლონდონის სასწრაფო დახმარების სამსახურის განცხადებით, ექიმებმა აეროპორტის ტერიტორიაზე დაახლოებით 20 ადამიანი შეამოწმეს, თუმცა მათი მდგომარეობა სიცოცხლისთვის საშიშად არ შეფასდა. BBC-ი პოლიციის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ მომხდარი „მასობრივი ისტერიის“ ტიპის შემთხვევას წარმოადგენს.
მოგვიანებით, ჰითროუს აეროპორტის მე-4 ტერმინალი გაიხსნა და ფრენები განახლდა.