თბილისის საქალაქო სასამართლომ, თავდაცვისა და შსს ყოფილ მინისტრს ბაჩო ახალაიას წინასწარი პატიმრობა კიდევ ერთხელ შეუფარდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მთავარმა პროკურატურამ ახალაიას ახალი ბრალი, თადარიგის პოლკოვნიკის სერგო თეთრაძის “წამების ორგანიზების მუხლით” წარუდგინა. თეთრაძე 2011 წლის 22 სექტემბერს გლდანის ციხეში დაიღუპა.
სერგო თეთრაძის მიმართ განახორციელეს სექსუალური ძალადობა. წამების შედეგად იგი გახდა ცუდად და გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობით გონს მოუსვლელად გარდაიცვალა კოკა კაციტაძე, პროკურორი
„ბაჩანა ახალაიას გეგმის მიხედვით, მერვე საპყრობილეში მოთავსებულმა პატიმრებმა ალექსი ტერაშვილმა და თამაზ სისაურმა საკანში, სერგო თეთრაძის მიმართ განახორციელეს სექსუალური ძალადობა. თეთრაძე მასზე განხორციელებული წამების შედეგად გახდა ცუდად და გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობით გარდაიცვალა გონს მოუსვლელად” – აღნიშნა პროკურორმა კოკა კაციტაძემ.
ბრალდების თანახმად, 2011 წლის სექტემბერში, თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე მუშაობის დროს, ბაჩო ახალაიამ სერგო თეთრაძის და კიდევ სამი პირის „წამების და სექსუალური ძალადობის ორგანიზება განახორციელა, რუსეთის ჯაშუშობის აღიარების მოთხოვნით.“
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, რომელიც 2012 წლის 7 ნოემბრიდან, სხვა ბრალდებების ისედაც პატიმრობაშია, ახალ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.
თავდაცვის სამინისტროს თადარიგის პოლკოვნიკი, 57 წლის სერგო თეთრაძე 2011 წლის 17 სექტემბერს თბილისში დააკავეს. „ჯაშუშობის საქმეზე“, 3 წლის უკან, ასევე დაპატიმრებულები იყვნენ: თავდაცვის სამინისტროს ვიცე-პოლკოვნიკი, მზვერავი დავით ლონდარიძე, ყოფილი სამხედრო, თბილისში დაბადებული, რუსეთის მოქალაქე სერგეი ჩაპლიგინი, რომელიც დაკავების დროს, კერძო სკოლა „ინტელექტში“ მუშაობდა და A კატეგორიის რადიო მოყვარული, გიორგი გორელაშვილი.
2011 წელს, ყველა დაკავებულს „უცხო ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშური ქსელის შექმნაში“ დასდეს ბრალი. საბრალდებო დასკვნაში ეწერა, რომ ვიცე პოლკოვნიკი ლონდარიძე, დაუდგენელ დროს და ადგილას, „მაიორმა ჟუკოვმა“ და „მაიორმა ივანოვმა“ გადაიბირეს.
ამ ოთხი დაკავებულისგან ითხოვდნენ აღიარებას, რომ ისინი „რუსეთის ჯაშუშები“ იყვნენ. თადარიგის პოლკოვნიკმა სერგო თეთრაძემ ბრალი არ აღიარა, დაცვის მხარის მტკიცებით, იგი წამების დროს შემოაკვდათ. ოფიციალური ინფორმაციით კი თეთრაძე „საპატიმროში გულის შეტევით გარდაიცვალა“.
ბოლომდე ვიბრძოლებ, რომ სერგოს სახელის საბოლოო რეაბილიტაცია მოხდეს. ჩემს ქმარს არ ჩაუდენია ქვეყნის ღალატი, რასაც აბრალებდნენ. ამის გამო ცემაში და წამებაში ამოხადეს სული. მაინც არ აღიარა ჯაშუშობა და მოღალატის სახელს, სიკვდილი არჩია. ნანა თეთრაძე, სერგო თეთრაძის მეუღლე
ლონდარიძე, ჩაპლიგინი და გორელაშვილი აცხადებენ, რომ ისინი სასტიკად სცემეს, „ბრალის აღიარების სანაცვლოდ“ კი საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ: ლონდარიძეს 6 წლიანი პატიმრობა მიესაჯა (აქედან 3 წელი ციხეში), ჩაპლიგინს 7 წელი (5 წელი ციხეში) და გორელაშვილს 8 წელი (6 წელი ციხეში).
ეს სამი ადამიანი ციხიდან 2013 წლის იანვარში, ახალმა ხელისუფლებამ პოლიტპატიმრის სტატუსით, საყოველთაო ამნისტიის ფარგლებში გაანთავისუფლა. პარალელურად კი სერგო თეთრაძის სიკვდილის გარემოებების დადგენა ხელახლა დაიწყო. თეთრაძის მეუღლე ნანა თეთრაძე „ამერიკის ხმასთან“ ამბობს:
„სერგო აფხაზეთის ომის ვეტერანი იყო, სამხედრო-საჰაერო ძალებში მსახურობდა, თავდაცვის სამინისტროში 2007 წლის შემდეგ აღარ მუშაობდა, პენსიაზე გავიდა, შესაბამისად არანაირ ინფორმაციას არ ფლობდა. 2011 წელს უბრალოდ გაწირეს, რომ ეს საქმე შეეკერათ და სხვა, მოქმედ სამხედროებზე „გასულიყვნენ“. ბოლომდე ვიბრძოლებ, რომ სერგოს სახელის საბოლოო რეაბილიტაცია მოხდეს. ჩემს ქმარს არ ჩაუდენია ქვეყნის ღალატი, რასაც აბრალებდნენ. ამის გამო ცემაში და წამებაში ამოხადეს სული. მაინც არ აღიარა ჯაშუშობა და მოღალატის სახელს, სიკვდილი არჩია.
ახლაც ვამბობ, დადონ თუ რამე აქვთ, რეალური მტკიცებულება სერგოს წინააღმდეგ, გარდა შეთითხნილი ჩვენებებისა და ყალბი საქმისა, რომელიც მისი სიკვდილის გამო, ჩაუვარდათ. მოხსნან ამ შეკერილ საქმეს გრიფი. როგორც ყველა დაკავებულს სერგისაც ჩაუგდეს რაღაც „ფლეშკა“ (USB ფლეშ მეხსიერება) და ამაზე ააგეს მთელი საქმე“ – გვითხრა ნანა თეთრაძემ.
„რუსეთის ჯაშუშების წინააღმდეგ“ საქმე №101100017, რომელსაც 2011-12 წლებში, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი იძიებდა, დღემდე გრიფი „საიდუმლო“ ადევს.
გამოძიება ამტკიცებდა, რომ დავით ლონდარიძე, სერგო თეთრაძე, გია გორელაშვილი და სერგეი ჩაპლიგინი, „რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობდნენ“ და „საიდუმლო ინფორმაციას გადასცემდნენ“.
ამ ადამიანებს თბილისის უმაღლესი საარტილერიო სასწავლებელი (თუსს) აერთიანდებდათ. ჩაპლიგინი საბჭოთა პერიოდში, თბილისის საარტილერიო სასწავლებელში პედაგოგი იყო, ხოლო თეთრაძე, და ლონდარიძე და გორელაშვილი საარტილერიო სასწავლებელში სხვადასხვა წლებში სწავლობდნენ.
1986-1990 წლებში, თბილისის უმაღლეს საარტილერიო სასწავლებელში სწავლობდა, შემდგომში, ბელარუსიის მოქალაქე, თადარიგის მაიორი, ბრესტელი ედუარდ ტომაშუკი. იგი ვიცე-პოლკოვნიკ ლონდარიძის თანაკურსელი იყო.
გამოძიება სწორედ, ტომაშუკისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოქმედი ოფიცრის ლონდარიძის კავშირის შესწავლით დაიწყო. მათ ჰქონდათ როგორც სატელეფონო კავშირი, ისე დარეგისტრირებულნი იყვნენ, თბილისის უმაღლესი საარტილერიო სასწავლებლის კურსდამთავრებულთა რუსული ვებ-საიტის ფორუმზე და თუსს-ის გვერდებზე სოციალური ქსელებში.
ჩვენების მიხედვით, იმავე ფორუმის წევრები იყვნენ გიორგი გორელაშვილი და სერგეი ჩაპლიგინიც, თუმცა, გორელაშვილი ამბობს, რომ დაკავებამდე თეთრაძეს, ლონდარიძეს და ჩაპლიგინს საერთოდ არ იცნობდა.
ადვოკატი მაგდა კოტრიკაძე ამბობს: „როგორც ვიცი, სამხედრო პოლიციას ფარულ მოსმენაზე ჰყავდა, თავდაცვის სამინისტროს ვიცე-პოლკოვნიკი, დავით ლონდარიძე. მისმა კურსელმა, ბელარუსიის მოქალაქე ტომაშუკმა სთხოვა ლონდარიძეს, რომ ცოლთან ერთად თბილისში ჩამოსვლას აპირებდა და დახვედროდა. ლონდარიძემ უარი უთხრა, რადგან თავდაცვის სამინისტროს მოქმედ თანამშრომელს არ შეეძლო უცხო ქვეყნის მოქალაქესთან კონტაქტი, უწყების ინფორმირების გარეშე. ამის გამო, ტომაშუკს თბილისში შეხვდა და უმასპინძლა გია გორელაშვილმა, რომელიც სამხედრო პირი არ იყო. იგი ტომაშუკს ფორუმიდან იცნობდა.
