რუსეთში კიდევ ერთი ამერიკელი ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით დააკავეს

რუსეთში ამერიკის მოქალაქე ნარკოტიკებთან დაკავშირებული ბრალდებით დააკავეს. მოსკოვის სასამართლოს განმარტებით, მას 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ოსტანკინოს ოლქის სასამართლომ განაცხადა, რომ რობერტ რომანოვ ვუდლენდი ნარკოტიკული საშუალებების უკანონო მოპოვება-შენახვის ბრალდებით 5 მარტამდე წინასწარ პატიმრობაში დარჩება.
რუსული ონლაინ ვებ-გვერდები წერენ, რომ ვუდლენდი 32 წლისაა და მას აკრძალული ნარკოტიკების დიდი რაოდენობით წარმოება და გაყიდვა ედება ბრალად. ვებ-გვერდ “მაშის” თანახმად, ის 5 იანავარს დააკავეს.
“ფეისბუქის” ექაუნთის მიხედვით, რომელიც სავარაუდოდ სწორედ იმავე რობერტ ვუდლენდს ეკუთვნის, ის რუსეთში ინგლისურის მასწავლებლად მუშაობდა და მოსკოვის გარეუბანში ცხოვრობდა. მასთან დაუყოვნებლივ დაკავშირება ვერ მოხერხდა.
2020 წელს ვუდლენდმა რუსულ გამოოცემას უთხრა, რომ 1993 წელს ამერიკის მოქალაქეებმა პერმის მიუსაფარ ბავშვთა სახლიდან იშვილეს და ამერიკაში წაიყვანეს. მოგვიანებით კი, უკვე ზრდასრულ ასაკში ის რუსეთში დაბრუნდა. როგორც ირკვევა, მას ამერიკული და რუსული პასპორტები აქვს.
“კომსომოლსკაია პრავდასთვის” მიცემულ ინტერვიუში ვუდლენდი ამბობდა, რომ მას არაჩვეულებრივი ამერიკელი მშობლები ჰყავს, მაგრამ საკუთარ ბიოლოგიურ დედასთან დაკავშირება სურდა, რაც საბოლოოდ ს სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში მოხდა. “ჩემი სამშობლლოსკენ უზარმაზარი ძალა მექაჩებოდა, და აი აქ ვარ, გადავწყვიტე სამშობლოში სამუდამოდ დავრჩე”, – ამბობდა ის მაშინ.
ამერიკული მხარე აცხადებს, რომ რუსეთში უკანონოდ შეერთებული შტატების რამდენიმე მოქალაქეა დაკავებული, მათ შორის საზღვაო ქვეითი, ვეტერანი პოლ უელანი და “ვოლ სტრიტ ჯორნალის” რეპორტიორი ევან გერშკოვიჩი. სახელმწიფო დეპარტამენტი გამუდმებით მოუწოდებს ამერიკის მოქალაქეებს, რომ რუსეთი დატოვონ და იქ არ იმოგზაურონ, ამის მიზეზი კი სწორედ უკანონო დაკავებები და რუსეთის უსაფრთხოების სამსახურების მხრიდან ამერიკის მოქალაქეების შევიწროვებაა.