ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ციხის პირობებში გაუარესდა – დავაყენეთ შუამდგომლობა პროცესის გადადებასთან დაკავშირებით, რადგან მისი ინტერესია, რომ თავისი საქმის განხილვაში ჩართული იყოს, – ამის შესახებ აქტივისტ ნინო დათაშვილის ადვოკატმა, თამარ გაბოძემ განაცხადა.
როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ბრალდების მხარეს და სასამართლოს, დათაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობისას უნდა გაეთვალისწინებინა, რომ საპატიმროში ყოფნა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას გაართულებდა.
„დადასტურდა ის, რასაც ნინო დათაშვილის ადვოკატები ამდენი ხნის განმავლობაში ვამბობდით, რომ ციხის პირობებში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდებოდა და როდესაც პროკურატურა პატიმრობას ითხოვდა, მას ევალებოდა, რომ ნინოს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაეთვალისწინებინა. დღეს დადასტურდა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. მოსამართლემ წაიკითხა წერილი, რომელსაც სასჯელაღსრულების მთავარი ექიმი აწერდა ხელს, სადაც ნათქვამია, რომ ნინოს ჯანმრთელობის მდგომარეობა არის იმდენად მძიმე, რომ მას არ შეუძლია სხდომაში მონაწილეობა მიიღოს. ჩვენ კი, პროცესის გადადებასთან დაკავშირებით დავაყენეთ შუამდგომლობა. მისი ინტერესია, რომ თავისი საქმის განხილვაში ჩართული იყოს.
ასევე, უნდა გვემსჯელა ექსპერტიზის დასკვნის დაშვება – არ დაშვებასთან დაკავშირებით, თუმცა პროცესი გადაიდო. ეს ექსპერტიზის დასკვნა არის უკანონოდ მოპოვებული“, – განაცხადა თამარ გაბოძემ.
ცნობისთვის, ნინო დათაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 ივნისს მომხდარი ფაქტის გამო 20 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინა, რაც საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმას მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გულისხმობს.
აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას, ან 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
