უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგად, მისი ტერიტორია სამ ზონად დაიყოფა – რუსეთის, დემილიტარიზებულ და დასავლეთის ზონებად, – ინფორმაციას უკრაინული მედია გამოცემა Magyar Nemzet-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
ორბანის მტკიცებით, ევროპაში უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით მიმდინარე დისკუსიები უკვე აღიარებს „რუსეთის ზონის“ არსებობას და ახლა მხოლოდ მისი ზომა და ფორმატი განიხილება. უნგრეთის პრემიერის თქმით, ე.წ. დემილიტარიზებულ ზონასთან დაკავშირებული საკითხიც კვლავ ღიად რჩება.
„როგორც ჩანს, უკრაინის ბედი გადაწყვეტილია. დღეს ევროპა „ელეგანტურად“ საუბრობს უსაფრთხოების გარანტიებზე, მაგრამ ეს გარანტიები სინამდვილეში უკრაინის გაყოფას ნიშნავს. უკრაინის გაყოფის შედეგი იქნება რუსეთის ზონა, დემილიტარიზებული ზონა და დასავლეთის ზონა. რუსეთის ზონა უკვე არსებობს. დღეს დებატები მხოლოდ იმაზეა, თუ რამდენ რეგიონს უნდა მოიცავდეს ის“, – აღნიშნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.
ორბანმა კიდევ ერთხელ გააპროტესტა უკრაინის ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების გეგმა და აღნიშნა, რომ ეს რუსეთის ფედერაციასთან ომს გამოიწვევს და ევროპის ეკონომიკას გაანადგურებს. მისივე თქმით, საჭიროა რუსეთთან შეთანხმების მიღწევა, რაც ითვალისწინებს „სტრატეგიულ თანამშრომლობას და უკრაინის უარს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებაზე“.
